განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად
გადაწყვეტილების ტექსტი
12 იანვარი, 2011 წელი
¹814აპ-10 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, პ. სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების _ ვ. დ-ისა და ლ. მ-ას საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ივნისის განაჩენზე ვ. დ-ის, ლ. მ-ასა და ჯ. ნ-ის მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 12 აპრილის განაჩენით ცნობილ იქნენ დამნაშავეებად:
1. ვ. დ-ე _ საქართველოს სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა”, „გ” ქვეპუნქტებით, 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 273-ე მუხლით იმაში, რომ ჯგუფურად ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ბინაში უკანონო შეღწევით, ასევე _ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ;
2. ლ. მ-ა _ საქართველოს სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა”, „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით იმაში, რომ ჯგუფურად და არაერთგზის ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ბინაში უკანონო შეღწევით;
3. ჯ. ნ-ე _ საქართველოს სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა”, „გ” ქვეპუნქტებით, 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით იმაში, რომ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით, ასევე _ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა.
დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, მსჯავრდებულთა ქმედებები კონკრეტულად გამოიხატა შემდეგში:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 17 იანვრის დადგენილებით ვ. დ-ეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით განესაზღვრა ჯარიმა _ 500 ლარი.
2009 წლის 4 ნოემბერს ვ. დ-ე დაუკავშირდა ლ. მ-ასა და ჯ. ნ-ეს. მათ განიზრახეს, უკანონოდ შეეღწიათ ზესტაფონში მცხოვრები ე. კ-ის საცხოვრებელ ბინაში და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდნენ სხვადასხვა ნივთებს.
განზრახვის სისრულეში მოსაყვანად 2009 წლის 4 ნოემბერს ბოროტმოქმედები ქუთაისიდან ჩავიდნენ ზესტაფონში, ლ. მ-ას მიერ წინასწარ მომარჯვებული მორგებული გასაღებებით გააღეს ე. კ-ის საცხოვრებელი სახლის კარი და შეაღწიეს ბინაში. ნივთების ფარულად დაუფლების მცდელობისას ისინი ამხილეს და დააკავეს პოლიციელებმა. პირადი ჩხრეკის შედეგად ვ. დ-ისაგან ამოიღეს უკანონოდ შეძენილი და შენახული 13,63 გრამი მშრალი “მარიხუანა”. იმავე დღეს ჩატარებული ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად ვ. დ-ეს დაუდგინდა „ტეტრაჰიდროკანაბინოლის” („მარიხუანა”) განმეორებით, უკანონოდ მოხმარების ფაქტი. ასევე პირადი ჩხრეკის შედეგად სამართალდამცავებმა ჯ. ნ-ეს ქურთუკის მარცხენა ჯიბიდან ამოუღეს უკანონოდ შეძენილი და შენახული, გაზეთში შეხვეული 9,06 გრამი ნარკოტიკული საშუალება მშრალი “მარიხუანა”.
აღნიშნული ქმედებისათვის დანაშაულთა ერთობლიობით, სსკ-ის 59-ე მუხლის 11-ლი ნაწილის საფუძველზე ვ. დ-ეს საბოლოოდ მიესაჯა 7 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა _ 8500 ლარი; ჯ. ნ-ეს _ 7 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა _ 8000 ლარი, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 1 წელი და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლისა და 9 თვის ვადით, ასევე ჯარიმა _ 8000 ლარი; ლ. მ-ას _ 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა _ 3500 ლარი. ვ. დ-ესა და ჯ. ნ-ეს 5 წლით ჩამოერთვათ „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები. მსჯავრდებულებს სასჯელის მოხდა დაეწყოთ 2009 წლის 4 ნოემბრიდან.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულებმა _ ვ. დ-ემ და ლ. მ-ამ და ადვოკატმა თ. ო-ემ. მათ ითხოვეს სასჯელის შემსუბუქება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განაჩენი დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებულები _ ვ. დ-ე და ლ. მ-ა საკასაციო საჩივრებით ითხოვენ სასჯელების, როგორც მეტისმეტად მკაცრის, შემსუბუქებას, მათი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
გარდა სისხლის სამართლის კოდექსის მე-19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილისა, ვ. დ-ე და ჯ. ნ-ე მსჯავრდებულნი არიან სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. სააპელაციო საჩივრები მოცემულ საქმეზე განხილულია ერთპიროვნულად, რაც ეწინააღმდეგება სსსკ-ის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს და ამავე კოდექსის 563-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, აღნიშნული გარემოება განაჩენის გაუქმების უპირობო საფუძველია.
სისხლის სამართლის საპროცესო კანონის არსებითი დარღვევის გამო, მოცემულ შემთხვევაში პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს საკასაციო საჩივრების მოტივებზე.
საქმის ხელახლა განხილვისას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხვა შემადგენლობამ უნდა გაითვალისწინოს აღნიშნული მითითება და, გარდა ამისა, სსსკ-ის 543-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საქმე შეამოწმოს სრული მოცულობით _ ჯ. ნ-ის მიმართაც, რის შემდეგ მიიღოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, 570-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ივნისის განაჩენი ვ. დ-ის, ლ. მ-ას და ჯ. ნ-ის მიმართ, ხოლო საქმე ხელახლა განსახილველად გაეგზავნოს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.