საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობის შესახებ
846აპ-10 ქ. თბილისი
16 დეკემბერი, 2010 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, პ. სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების _ ა. ი-სა და ი. ლ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების _ გ. მ-ისა და რ. გ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 9 ივლისის განაჩენზე.
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 9 მარტის განაჩენით ცნობილ იქნენ დამნაშავეებად და განესაზღვრათ: 1. ა. ი-ეს _ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე” ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით _ 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2009 წლის 18 ივნისიდან; 2. ი. ლ-ეს _ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე” და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტებით _ 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2009 წლის 19 ივნისიდან.
ამავე განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და განსასჯელ გ. მ-ს შორის, რომლის თანახმად, გ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე”, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ” და „ე” ქვეპუნქტებით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად, თავისუფლების აღკვეთის სახით რეალურად უნდა მოიხადოს 9 წელი, ხოლო დარჩენილი 5 წელი სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით შეეცვალა პირობითად, 6 წლის გამოსაცდელი ვადით.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 9 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
საკასაციო პალატა, სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრების შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულების მიმართ ინკრიმინირებული დანაშაულები წარმოადგენს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე” და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებებს და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და იგი ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულების _ ა. ი-ისა და ი. ლ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების _ გ. მ-ისა და რ. გ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 9 ივლისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.