შეიცვალა კვალიფიკაცია
გადაწყვეტილების ტექსტი
957აპ-10 ქ. თბილისი
29 მარტი, 2011 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, პ. სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. დ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 7 სექტემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 5 ივლისის განაჩენით ი. დ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ბრალდების ორი _ 2009 წლის 8 ოქტომბრისა და 6 ნოემბრის ეპიზოდები) იმაში, რომ ჩაიდინა თაღლითობა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით; ასევე _ ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება.
განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2009 წლის 21 სექტემბერს ი. დ-ს დაუკავშირდნენ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით პასუხისგებაში მიცემული და დაპატიმრებული დ. ვ-ის მამა _ დ. ვ-ე და სიმამრი _ ა. კ-ე და სთხოვეს, დახმარებოდა შეღავათიან პირობებში საპროცესო შეთანხმების გაფორმებაში. ი. დ-მა ხელსაყრელ გარემოებად ჩათვალა შეთავაზება და თაღლითურად, დიდი ოდენობით ფულადი თანხის მიღების მიზნით, ცრუდ დაჰპირდა მათ, რომ თავისი ძმის _ --- პროკურორის ყოფილი მოადგილის _ ი. დ-ის დახმარებით მოაგვარებდა ამ საქმეს. ი. დ-მა განზრახვა გაანდო ძმას _ ი. დ-ს და ისინი შეთანხმდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩადენაზე.
ი. დ-მა დაარწმუნა დაზარალებული დ. ვ-ე, რომ ი. დ-ს ახლო ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან და თავის ძმასთან _ ი. დ-თან შეთანხმების თანახმად, მოსთხოვა 20000 აშშ დოლარისა და 20000 ლარის გადახდა, რის სანაცვლოდაც საპროცესო შეთანხმების საფუძველზე პატიმრობიდან გაათავისუფლებდნენ დ. ვ-ეს. დაზარალებულმა დ. ვ-ემ ირწმუნა, რომ ი. დ-ი ი. დ-ის დახმარებით შეძლებდა დანაპირების შესრულებას და ი. დ-ს გადასცა მის მიერ მოთხოვნილი თანხა. ი. და ი. დ-ები გარკვეული ხნის განმავლობაში ცრუ დაპირებით აიმედებდნენ დაზარალებულ დ. ვ-ეს.
ი. დ-მა აჭარის ა\რ-ის პროკურორის სახელზე 2009 წლის 8 ოქტომბრის თარიღით შეადგინა ყალბი განცხადება დ. ვ-ის სახელით და მის მაგივრად მოაწერა ხელი, რომ თითქოს განსასჯელი თანახმა იყო, აჭარის ა\რ-ის პროკურატურასთან გაფორმებულიყო საპროცესო შეთანხმება და მიუთითა შეთანხმების პირობებზე. 2009 წლის 6 ნოემბერს მან კვლავ შეადგინა ყალბი განცხადება დ. ვ-ის სახელით, მიუთითა საპროცესო შეთანხმების პირობები და შეიტანა აჭარის ა\რ-ის პროკურატურაში.
ამავე განაჩენით ი. დ-ი დაუსწრებლად იქნა ცნობილი დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია, 2005-2006 წლების ეპიზოდები), 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტებით.
ი. დ-ს საბოლოოდ მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა _ 3500 ლარი, ხოლო ი. დ-ს _ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა _ 7000 ლარი; მათვე დაზარალებულ დ. ვ-ის სასარგებლოდ დაეკისრათ 53400 ლარის გადახდა, ხოლო ი. დ-ს დაზარალებულ ნ. ჟ-ის სასარგებლოდ _ 133875 ლარის გადახდა. ი. დ-ს 3 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო დაწესებულებასა და თვითმმართველობაში საქმიანობის უფლება; მის საკუთრებაში არსებული დაყადაღებული უძრავი ქონება, მდებარე თბილისში, ლვოვის ქ. ¹-ში, მიექცა აღსასრულებლად დაზარალებულების სამოქალაქო სარჩელების დაკმაყოფილების მიზნით. 2010 წლის 28 იანვრის დადგენილებით სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი ფულადი თანხა _ 4881 ლარი და 50 თეთრი გადაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში.
მსჯავრდებულ ი. დ-ს სასჯელის ათვლა დაეწყო 2009 წლის 5 დეკემბრიდან, ხოლო ი. დ-ს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა დაკავებასა და წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2004 წლის 16 დეკემბრიდან 2004 წლის 26 დეკემბრამდე.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი. დ-ის ადვოკატმა თ. ი-ემ. მან ითხოვა ი. დ-ისათვის საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სასჯელის მინიმუმის განსაზღვრა, ხოლო დანარჩენ ნაწილში _ განაჩენის გაუქმება და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა, რაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 7 სექტემბრის განაჩენით არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განაჩენი დარჩა უცვლელად.
კასატორი _ მსჯავრდებული ი. დ-ი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი დაუსაბუთებელი და უკანონოა, ვინაიდან საქმე განხილულია საქართველოს კონსტიტუციისა და საპროცესო კოდექსის დარღვევით; არ მომხდარა საქმის ყოველმხრივი, ობიექტური და სრული გამოკვლევა, დაირღვა შეჯიბრებითობის პრინციპი; ასევე დაირღვა სსსკ-ის 538-ე მუხლის მოთხოვნები და სასამართლომ არ გაითვალისწინა უტყუარი მტკიცებულება, რომელიც დაზარალებულმა სასამართლოში მის სასარგებლოდ მისცა; სასამართლომ არ შეამოწმა მსჯავრდებულისა და მისი დამცველის მიერ ბრალდების გასაბათილებლად გამოთქმული მოსაზრებები; არ დაკითხა საქმისათვის მნიშვნელოვანი მოწმეები; არ აღმოაჩინა მტკიცებულებები, რომელთა გარეშეც განაჩენი დასაბუთებულად ვერ ჩაითვლება; არ აღმოფხვრა მტკიცებულებებს შორის წინააღმდეგობა; წინააღმდეგობრივ მტკიცებულებათა არსებობისას დაუსაბუთებლად უარყო ერთი და მიიღო მეორე მტკიცებულება; სასამართლოს დასკვნები არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობიდან; განაჩენი ემყარება მხოლოდ საქმის ბედით დაინტერესებული დ. ვ-ის ჩვენებებს. სასამართლო არც კი დაინტერესებულა საქმეზე დართული აუდიო და ვიდეოჩანაწერებით.
კასატორის განმარტებით, იგი იყო მხოლოდ შუამავალი თავის ძმასა და დაზარალებულ დ. ვ-ეს შორის, რათა კანონის ფარგლებში დაზარალებულის შვილის _ დაპატიმრებული დ. ვ-ისათვის გაეფორმებინათ საპროცესო შეთანხმება; ფულის გადაცემის შემდეგ რა ხდებოდა, მან არ იცის. დ. ვ-ე დაინტერესებულია თავისი შვილის განთავისუფლებით, ამიტომ მისი ჩვენება აგებულია სიცრუესა და სიყალბეზე და მათ მტკიცებულების ძალა ვერ მიენიჭება.
მსჯავრდებული ი. დ-ი ასევე მიიჩნევს, რომ თავისი კუთვნილი 4881 ლარი და 50 თეთრი ბიუჯეტში არ უნდა გადარიცხულიყო, რადგან მას ბიუჯეტისათვის არანაირი ზარალი არ მიუყენებია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს, დაუშვებელ მტკიცებულებებად იქნეს ცნობილი დ. ვ-ის ჩვენებები, ი. დ-ის დაკავების ოქმი; მოწმის სახით დაიკითხოს გ. კ-ე, სასამართლომ გამოიკვლიოს აუდიო და ვიდეოჩანაწერები; მის ოჯახს დაუბრუნდეს კუთვნილი თანხა _ 4881 ლარი, 50 თეთრი და სხვა ნივთები; გაუქმდეს გასაჩივრებული განაჩენი და მის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ მსჯავრდებულსა და მის დამცველს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით სასამართლოსათვის შუამდგომლობით არ მიუმართავთ, საქმის განხილვისას არ შეზღუდულა პროცესის მონაწილეთა უფლებები და ასეთ პირობებში უსაფუძვლოა კასატორის მითითება შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევის შესახებ. გასაჩივრებული განაჩენი ეყრდნობა კანონის მოთხოვნათა შესაბამისად მოპოვებულ და გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებებს და არა მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებას, როგორც ამას მსჯავრდებული აღნიშნავს, თუმცა ამ უკანასკნელის სასამართლოში მიცემული ჩვენებაც საგულისხმოა. კერძოდ, ი. დ-ი არ უარყოფს, რომ დ. ვ-ისაგან მიიღო 20000 აშშ დოლარი და 20000 ლარი მსჯავრდებულსა და პროკურორს შორის “საპროცესო შეთანხმებისა და სხვა ხარჯებისათვის”, მაგრამ ვერ ხსნის, რამ გამოიწვია მის მიერ შედგენილ ყალბ განცხადებებში ჯერ 10, შემდეგ კი 25 ათასი ლარის შეთავაზება პროკურატურისათვის საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად, როდესაც დაზარალებულისაგან უკვე მიღებული ჰქონდა ორჯერ მეტი თანხა (ტ. 3, ს.ფ. 31-34).
პალატა აღნიშნავს, რომ მოპოვებული მტკიცებულებები, მათ შორის _ დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებები უტყუარად ადასტურებს ი. დ-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენას და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ობიექტურია.
ამასთან, არასწორად გადაწყდა ი. დ-ისაგან ამოღებული 4881 ლარისა და 50 თეთრის საკითხი, რაც სსსკ-ის 124-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს დ. ვ-ეს, შესაბამისად, უნდა შემცირდეს თანხის ოდენობა, რაც დაზარალებულის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა მსჯავრდებულებს.
საკასაციო პალატის მიერ განმარტებულია, რომ სსკ-ის 180-ე მუხლის ყოველი მომდევნო ნაწილი მოიცავს წინას, რის გამოც მსჯავრდებულის ქმედება თაღლითობის ბრალდების ეპიზოდში უნდა დაკვალიფიცირდეს აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით.
სხვა ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ი. დ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 7 სექტემბრის განაჩენიდან ი. დ-ის მიმართ ამოირიცხოს სსკ-ის 180-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტი;
ი. დ-ის ქმედებები დაკვალიფიცირდეს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტითა და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ბრალდების ორი ეპიზოდი);
ნივთმტკიცება _ 4881 (ოთხი ათას რვაას ოთხმოცდაერთი) ლარი და 50 (ორმოცდაათი) თეთრი დაუბრუნდეს დაზარალებულ დ. ვ-ეს;
დაზარალებულ დ. ვ-ის სასარგებლოდ მსჯავრდებულებს _ ი. დ-სა და ი. დ-ს საბოლოოდ დაეკისროთ 48 518 (ორმოცდარვა ათას ხუთას თვრამეტი) ლარის და 50 (ორმოცდაათი) თეთრის გადახდა.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის, ი. დ-ისათვის დანიშნული სასჯელი, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.