საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 29.03.2011
საქმის ნომერი
2კ-1054აპ.-10
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
29.03.2011

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობის შესახებ

1054აპ-10 ქ. თბილისი

29 მარტი, 2011 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

იური ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),ზაზა მეიშვილი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ე. მ-ისა და მსჯავრდებულ რ. ე-ის დამცველის, ადვოკატ ა. ტ-ას საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 29 სექტემბრის განაჩენზე.

Hსაბრალდებო დასკვნით რ. ე-ს და ე. მ-ს ბრალად ედებოდათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 14 მაისის განაჩენით:

რ. ე-ს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება. რ. ე-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა”, “გ” და “დ” ქვეპუნქტების საფუძველზე, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა _ 4 500 (ოთხი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით. მსჯავრდებულ რ. ე-ს სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან _ 2009 წლის 25 სექტემბრიდან.

ე. მ-ს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტების საფუძველზე წარდგენილი ბრალდება. ე. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა”, “გ” და “დ” ქვეპუნქტების საფუძველზე, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა _ 4 500 (ოთხი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით. მსჯავრდებულ ე. მ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან _ 2009 წლის 8 ოქტომბრიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 29 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 14 მაისის განაჩენში შევიდა ცვლილება კვალიფიკაციისა და სასჯელის ნაწილში: მსჯავრდებულებს _ რ. ე-სა და ე. მ-ს მსჯავრი დაედოთ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისათვის, რის გამოც მათ სასჯელის ზომად განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა: რ. ე-ს _ 9 (ცხრა) წლისა და 6 (ექვსი) თვის, ხოლო ე. მ-ს _ 8 (რვა) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით. გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ე. მ-ისა და მსჯავრდებულ რ. ე-ის დამცველის, ადვოკატ ა. ტ-ას საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც აღნიშნული საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულების _ რ. ე-ისა და ე. მ-ის მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებებს და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ე. მ-ისა და მსჯავრდებულ რ. ე-ის დამცველის, ადვოკატ ა. ტ-ას საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 29 სექტემბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.