შეიცვალა კვალიფიკაცია
გადაწყვეტილების ტექსტი
1076აპ-10 ქ. თბილისი
21 თებერვალი, 2011 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, პ. სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. ჭ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 16 სექტემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
საბრალდებო დასკვნით ი. ჭ-ს ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის მე-19,108-ე მუხლითა და 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2 ეპიზოდი) იმაში, რომ ჩაიდინა მკვლელობის მცდელობა, ასევე _ ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2008 წლის 2 აგვისტოს ი. ჭ-ი ბ. ც-თან, ა., ვ. და ა. ს-თან, ასევე _ დაუდგენელ რამდენიმე პირთან ერთად იმყოფებოდა რუსთავში, --- ქუჩაზე მდებარე საკოლმეურნეო ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, 25-ე კორპუსთან, სადაც ა. ს-ისათვის ველოსიპედის წართმევასთან დაკავშირებით მოხდა კონფლიქტი, რა დროსაც ი. ჭ-მა ჯიბიდან ამოიღო დანა, რომელიც იქვე გახსნა და მუცლის ღრუს, თავისა და გულმკერდის არეში რამდენჯერმე დაარტყა ა. ს-ს და მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება, თავად კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ა. ს-ი სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში, სადაც სამედიცინო პერსონალის დროული ჩარევის შედეგად გადარჩა.
2008 წლის 4 აგვისტოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მე-2 განყოფილების თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის გადასამოწმებლად რუსთავში, ბათუმის ქ. ¹-სა და ¹-ში მცხოვრები ი. ჭ-ის ბინაში 23.25-23.50 დროის შუალედში, გადაუდებელი აუცილებლობის პირობებში ჩაატარეს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, რა დროსაც აღმოაჩინეს და ამოიღეს სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერება და ასაფეთქებელი მოწყობილობა.
2010 წლის 26 იანვარს შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისში, დიღმის მასივის მე-2 კვარტლის ¹--ში მდებარე ბრალდებულ ი. ჭ-ის დროებით საცხოვრებელ ბინაში გადაუდებელი აუცილებლობით ჩაატარეს ჩხრეკა, რა დროსაც ასევე აღმოაჩინეს და ამოიღეს სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერება და ასაფეთქებელი მოწყობილობა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 24 მაისის განაჩენით ი. ჭ-ი გამართლდა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვის ბრალდებაში (2008 წლის 4 აგვისტოს ეპიზოდი); მას საქართველოს სსკ-ის მე-19,108-ე მუხლით მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2008 წლის 4 აგვისტოსა და 2010 წლის 26 იანვრის ეპიზოდები) _ 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა _ 1000-1000 ლარი. საბოლოოდ სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე ი. ჭ-ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით და ჯარიმა _ 2000 ლარი. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 26 იანვრიდან.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ი. ჭ-მა. მან ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და გამართლდება მსჯავრდების ყველა ეპიზოდში, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 16 სექტემბრის განაჩენით არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 24 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
კასატორი _ მსჯავრდებული ი. ჭ-ი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი დაუსაბუთებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის თანახმად, გამომძიებელმა, პროკურორმა და სასამართლომ უტყუარად უნდა დაადგინონ, მოხდა თუ არა დანაშაული, ვინ ჩაიდინა იგი და გაარკვიონ მტკიცების საგნის ყველა სხვა გარემოება ყოველმხრივ, ობიექტურად და სრულად; მსჯავრდებულ ი. ჭ-ის დუმილის უფლება არ უნდა იყოს გამოყენებული მის საზიანოდ. 2008 წლის აგვისტოს ფაქტზე სასამართლო გამოძიების დროს მოწმეებად დაიკითხნენ ჩხრეკის მონაწილე პირები: მ. ხ-ე, გ. ი-ა და კ-ა; მათ მიერ მიცემული ჩვენებები ერთმანეთის საწინააღმდეგოა; თავად მსჯავრდებულის ოჯახის წევრებმა უარი განაცხადეს, ხელი მოეწერათ ჩხრეკის ოქმზე, რადგან პოლიციელებს არ ენდობოდნენ; ეს ყველაფერი კი მიუთითებს ი. ჭ-ის უდანაშაულობაზე.
რაც შეეხება 2010 წლის 26 იანვრის ჩხრეკას, ჩხრეკის ოქმში ი. ჭ-მა განმარტა, რომ არც ერთი იარაღი მას არ ეკუთვნის და ისინი პოლიციის თანამშრომლებმა ჩადეს; იარაღი მართლაც რომ აღმოეჩინათ, თბილისში, დიღმის მასივის მე-2 კვარტლის --- კორპუსის ---ე ბინა არ ეკუთვნის ი. ჭ-ს, თუმცა გამოძიება ამით არ დაინტერესებულა.
გარდა აღნიშნულისა, კასატორი ასევე მიუთითებს, რომ დაზარალებულ ა. ს-ს საერთოდ არ იცნობს და მასთან არანაირი შეხება არ ჰქონია; თავად დაზარალებულმა, ასევე _ მოწმე ა. ს-მა სასამართლოში კატეგორიულად განაცხადეს, რომ ი. ჭ-ს ა. ს-ის მოკვლის განზრახვა რომ ჰქონოდა, ამას აუცილებლად შეძლებდა, რადგან არანაირი დამაბრკოლებელი გარემოება არ არსებობდა, თუმცა მან ძმებ ს-ებს თავი დაანება, აღნიშნული კი გამორიცხავს მსჯავრდებულის მხრიდან მკვლელობის მცდელობის ჩადენას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორი _ მსჯავრდებული ი. ჭ-ი ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას მსჯავრდების ყველა ეპიზოდში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:
უსაფუძვლოა კასატორის მითითება, თითქოს ერთმანეთის საწინააღმდეგოა ჩხრეკის მონაწილე პირთა ჩვენებები (ტ. 3, ს.ფ. 57-61). საგამოძიებო მოქმედებების მონაწილეებს რაიმე შენიშვნა არ გამოუთქვამთ. ამასთან, საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს და ვერც მსჯავრდებული მიუთითებს, საპროცესო კანონის რა მოთხოვნები დაირღვა.
პალატა აღნიშნავს, რომ მოპოვებული მტკიცებულებები, მათ შორის _ დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებები, საგამოძიებო მოქმედებათა ოქმები უტყუარად ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ სსკ-ის მე-19,108-ე მუხლითა და 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ბრალდების ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული ქმედებების ჩადენას.
ამასთან, საკასაციო პალატის მიერ განმარტებულია, რომ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლით დასჯადია მხოლოდ დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად ვარგისი ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის შეძენა-შენახვა, ტარება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება.
ექსპერტიზის დასკვნებით, ი. ჭ-ისაგან ამოღებული ასაფეთქებელი მოწყობილობები სავარაუდოდ ვარგისია დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად (ტ. 2, ს.ფ. 19-20; 167-168).
საქართველოს სსსკ-ის 503-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამატყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. ამდენად, ასაფეთქებელი მოწყობილობების შეძენა-შენახვის ბრალდების ეპიზოდებში ი. ჭ-ის მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა.
სხვა ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია. პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის პიროვნების, ჩადენილი ქმედებების სიმძიმის, მათ შორის _ ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის რაოდენობის გათვალისწინებით, ი. ჭ-ისათვის დანიშნული სასჯელი არ არის მკაცრი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ი. ჭ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 16 სექტემბრის განაჩენი გაუქმდეს ასაფეთქებელი მოწყობილობების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისათვის ი. ჭ-ის მსჯავრდების ნაწილში და ბრალდების ამ ეპიზოდებში შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.