საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 02.03.2011
საქმის ნომერი
2კ-44აპ.-11
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
02.03.2011

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

44აპ-11 2 მარტი, 2011წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე - მაია ოშხარელი

მოსამართლეები: პაატა სილაგაძე

გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ი-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ა-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 8 დეკემბრის განაჩენზე.

თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 28 მაისის განაჩენით:

გ. ი-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 4 სექტემბრიდან.

თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ. ს-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

დამტკიცდა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ. ს-სა და განსასჯელ ა. დ-ს შორის (მისი დამცველის მონაწილეობით) საქართველოს სსკ-ის 6793-ე მუხლით დადგენილი წესით დადებული საპროცესო შეთანხმება.

ა. დ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობითი მსჯავრით და გამოსაცდელ ვადად დაუწესდა 3 წელი.

მასვე საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

ა. დ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა, რის გამოც განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში ყადაღა უნდა მოეხსნას ა. დ-ს კუთვნილ მიწის ნაკვეთს, რომლის საკადასტრო მონაცემებია: სარეგისტრაციო ზონა _ ..., სექტორი _ ..., კვარტლის ¹... სოფ. ..., ნაკვეთის ¹..., ფართობი _ დაზუსტებული ... კვ.მ.

თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ. ს-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

დამტკიცდა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ. ს-სა და განსასჯელ გ. ლ-ს შორის (მისი დამცველის მონაწილეობით) საქართველოს სსკ-ის 6793-ე მუხლით დადგენილი წესით დადებული საპროცესო შეთანხმება.

გ. ლ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 88-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნული ვადა შეუმცირდა ერთი მეოთხედით (1 წლითა და 3 თვით) და განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობითი მსჯავრით და გამოსაცდელ ვადად დაუწესდა 4 წელი.

საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, 41-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 44-ე მუხლის შესაბამისად, გ. ლ-ს დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათის ოდენობით, რაც ითვალისწინებს მსჯავრდებულის უსასყიდლო შრომას: ქ. ... ქუჩებისა და ტროტუარების დაგვა-დასუფთავებას, ბუნკერებიდან და ყველა ქუჩიდან ნაგვის გატანას, სანიაღვრე არხების გაწმენდას, ს. ... ნაგვის გატანას. იგი სასჯელს მოიხდის ... მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული შპს „...“ რეგისტრაციის ადგილზე (ქ. ..., ... ქ. ¹...), საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომისაგან თავისუფალ დროს მსჯავრდებული განთავსდება მისივე საცხოვრებელ სახლში (... რაიონის სოფელი ...), მსჯავრდებულის მიერ დამატებითი სასჯელის _ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდას ზედამხედველობას გაუწევს შპს „ა... მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის“ დირექტორი თ. ე-ი.

გ. ლ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა, რის გამოც განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში ყადაღა უნდა მოეხსნას ა. რ-ს კუთვნილ მიწის ნაკვეთს, რომლის საკადასტრო მონაცემებია: სარეგისტრაციო ზონა _ ..., სექტორი _ ..., კვარტლის ¹... სოფ ..., ნაკვეთის ¹..., ფართობი _ დაზუსტებული ... კვ.მ.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 8 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა, სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ გ. ი-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ა-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

b) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მოცემულ შემთხვევაში ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს მსჯავრდებულ გ. ი-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და იგი ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. ი-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ა-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 8 დეკემბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.