საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 27.06.2011
საქმის ნომერი
2კ-288აპ.-11
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
27.06.2011

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

¹288აპ-11 27 ივნისი, 2011წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე - მაია ოშხარელი

მოსამართლეები: პაატა სილაგაძე

იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. ა-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 15 მარტის განაჩენზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 ნოემბრის განაჩენით:

ვ. ა-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 8 ივლისიდან.

მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა 10000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის დეპარტამენტის პროკურორ კ. ს-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

დამტკიცდა პროკურორსა და განსასჯელ ლ. ჩ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმებები.

ლ. ჩ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით დაუდგინდა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 წელი და 6 თვე, სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობით, 4 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით. ლ. ჩ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 8 ივლისიდან.

მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა 4000 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 15 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა, სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ვ. ა-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მოცემულ შემთხვევაში ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს მსჯავრდებულ ვ. ა-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და იგი ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ვ. ა-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 15 მარტის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.