საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 16.02.2010
საქმის ნომერი
2კ-37-I-09
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
16.02.2010

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

2კ-37-I-09 16 თებერვალი, 2010წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადენლობით:

თავმჯდომარე - მაია ოშხარელი

მოსამართლეები: დავით სულაქველიძე

იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა დაზარალებულ ბ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადოკატ ს. კ-ს კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 22 სექტემბრის განჩინებაზე.

გორის რაიონული სასამართლოს წარმოებაში იმყოფებოდა სისხლის სამართლის საქმე განსასჯელ გ. კ-ს მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის ,,ა”, ,,ზ” ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 353-ე მუხლის პირველი ნაწილით.

საქმე გორის რაიონულ სასამართლოში საბრალდებო დასკვნით განსახილველად შევიდა 2005 წლის 22 დეკემბერს. 2006 წლის 20 თებერვლის დადგენილებით დაკმაყოფილდა განსასჯელ გ. კ-ს ადვოკატის ი. ს-ს შუამდგომლობა განსასჯელის მიმართ იძულებითი მკურნალობის დანიშვნის შესახებ. გ. კ-ს დაენიშნა იძულებითი მკურნალობა მკაცრი მეთვალყურეობით. აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა და განსასჯელი გადაიყვანეს ქ. ფოთის მკაცრი მეთვალყურეობის საავადმყოფოში. საქმის წარმოება შეჩერდა.

2006 წლის 17 აგვისტოს დადგენილებით განსასჯელის შერაცხადობის გასარკვევად დაინიშნა სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა. 2006 წლის 3 ნოემბრის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დანაშაულის ჩადენის დროს გ. კ-ე იმყოფებოდა ფსიქიკის ავადმყოფურ მდგომარეობაში, რა დროსაც არ შეეძლო, გაეთვიცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მათთვის (შეურაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით გ. კ-ე წარმოადგენს მომეტებულ სოციალურ საშიშროებას და საჭიროებს იძულებით მკურნალობას ბ. ნ-ს სახელობის ქუტირის გაძლიერებული მეთვალყურეობის ფსიქიატრიული საავადმყოფოს პირობებში. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე 2006 წლის 8 ნოემბრის დადგენილებით განსასჯელ გ. კ-ს დაენიშნა სამედიცინო ხასიათის იძულებითი მკურნალობა. დადგენილად იქნა ცნობილი, რომ გ. კ-მ მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინა შეურაცხად მდგომარეობაში. ამავე დადგენილებით დაევალა სამკურნალო დაწესებულებას, რომ გ. კ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პერიოდულად ეცნობებინა სასამართლოსათვის.

2008 წლის 18 ოქტომბერს გორის რაიონულ სასამართლოში შევიდა ხონის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 8 ოქტომბრის ბრძანების ასლი, რომლის თანახმად, გ. კ-ს მიმართ შეწყდა არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარება შპს ,,აკადემიკოს ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში” სტაციონარული ფსიქიკური კრიტერიუმების ამოწურვის გამო.

2009 წლის 18 მარტს გორის რაიონულ სასამართლოს დაზარალებულის თანხმობით განცხადებით მიმართა დაზარალებულ ბ. მ-ს ადვოკატმა ს. კ-მ და მოითხოვა სასამართლო წარმოების განახლება შეჩერებულ საქმეზე.

2009 წლის 23 მარტის დადგენილებით საქმის წარმოება განახლდა.

გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 25 მაისის დადგენილებით შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, ხოლო გ. კ-ს მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა. დაზარალებულ ნ. მ-ს, ბ. მ-ა და დ. მ-ს დარჩათ უფლება, წარმოადგინონ სარჩელი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

აღნიშნული დადგენილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 22 სექტემბრის განჩინებით დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა, სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ დაზარალებულ ბ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. კ-ს კერძო საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო კერძო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დაზარალებულ ბ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადოკატ ს. კ-ს კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 22 სექტემბრის განჩინებაზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.