საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 05.07.2010
საქმის ნომერი
2კ-11-I-10
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
05.07.2010

გადაწყვეტილების ტექსტი

2კ-11-I-10 5 ივლისი, 2010 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე – პაატა სილაგაძე

მოსამართლეები: დავით სულაქველიძე,იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ნ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის _ ი. ბ-ას კერძო საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 4 თებერვლის განჩინებაზე, რომლითაც ა. ნ-ის დამცველს უარი ეთქვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 16 დეკემბრის განაჩენის საკასაციო გასაჩივრების გაცდენილი ვადის აღდგენაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 16 დეკემბრის განაჩენით ა. ნ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის I ნაწილით (სამი ეპიზოდი) _ 3-3 (სამ-სამი) წლით, ხოლო 362-ე მუხლის I ნაწილით (სამი ეპიზოდი) _ 6-6 (ექვს-ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე იმავე კოდექსის 41-42-ე მუხლების გამოყენებით დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 2000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I ნაწილით, შეკრების წესით, ა. ნ-ს სასჯელად განესაზღვრა 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, დამატებით სასჯელად კი ჯარიმა _ 2000 ლარი.

2010 წლის 20 იანვარს მსჯავრდებულ ა. ნ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ბ-ამ საკასაციო საჩივრით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და საქართველოს სსსკ-ის 562-ე მუხლის ,,ბ” და ,,გ” პუნქტების შესაბამისად ითხოვა ცვლილების შეტანა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 16 დეკემბრის განაჩენში.

2010 წლის 26 იანვრის მიმართვით მსჯავრდებულ ა. ნ-ის ადვოკატ ი. ბ-ას უკან დაუბრუნდა საქართველოს სსსკ-ის 550-ე მუხლის I ნაწილის მოთხოვნის დარღვევით შეტანილი ვადაგასული საკასაციო საჩივარი და ასევე განემარტა აღნიშნული დარღვევის შესახებ.

2010 წლის 3 თებერვალს მსჯავრდებულ ა. ნ-ის ადვოკატმა ი. ბ-ამ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენის თაობაზე. შუამდგომლობაში იგი განმარტავდა, რომ მსჯავრდებულთან ხელშეკრულება გაფორმდა 2010 წლის 11 იანვარს, ამიტომ საკასაციო საჩივრის გამზადება ადრე ვერ მოახერხა, ამასთან, გასაჩივრების ერთთვიანი ვადა იწურებოდა 2010 წლის 16 იანვარს, შაბათს (დასვენების დღეს), ამდენად, შეუძლებელი გახდა საჩივრის შეტანა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, ან მისი გაგზავნა ფოსტით, რის გამოც საკასაციო საჩივარი გაგზავნა 2010 წლის 18 იანვარს (ორშაბათს).

პალატამ განიხილა მსჯავრდებულ ა. ნ-ის ადვოკატის _ ი. ბ-ას შუამდგომლობა და მიიჩნია, რომ შუამდგომლობა საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენაზე არ უნდა დაკმაყოფილებულიყო შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის II ნაწილის თანახმად: „ვადის დამთავრების დროში შედის არასამუშაო დროც, მათ შორის, დასვენებისა და სადღესასწაულო დღეები“, ხოლო იმავე კოდექსის 213-ე მუხლის შესაბამისად: „ვადა გაცდენილად არ ჩაითვლება, თუ საჩივარი, შუამდგომლობა ან სხვა დოკუმენტი ვადის ამოწურვამდე გადაეცა ფოსტას, გადაეცა ან გამოეცხადა მის მიღებაზე უფლებამოსილ პირს, გადაეცა წინასწარი პატიმრობის ადგილის ან სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციას, თუ პირი დაპატიმრებულია ან იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში“.

საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლის II ნაწილის შესაბამისად კი _ ,,საპატიო მიზეზით ვადის გაცდენის მტკიცების ტვირთი ეკისრება ვადის გამცდენ პირს”.

ამდენად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 4 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ა. ნ-ის ადვოკატ ი. ბ-ას უარი ეთქვა საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენაზე.

მსჯავრდებულ ა. ნ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ბ-ამ აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. საჩივრით იგი ითხოვს საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები და კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი გაშვებული საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 550-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შეტანა მხარეებს შეუძლიათ სააპელაციო სასამართლოში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.

განაჩენი ა. ნ-ის მიმართ დადგენილია 2009 წლის 16 დეკემბერს და იგი საპროცესო კანონით დადგენილ 1 (ერთი) თვის ვადაში არც ერთ მხარეს არ გაუსაჩივრებია.

რაც შეეხება მსჯავრდებულ ა. ნ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის _ ი. ბ-ას მიერ შუამდგომლობაში მითითებულ არგუმენტებს, რომ მას საჩივრის შეტანა დააგვიანდა გვიან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ასევე იმ ფაქტს, რომ გასაჩივრების ერთთვიანი ვადის ბოლო დღე დაემთხვა არასამუშაო დღეს, რის გამოც შეუძლებელი გახდა საჩივრის შეტანა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, ან მისი გაგზავნა ფოსტით, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან აღნიშნულ გარემოებებს ვერ ჩათვლის ისეთ საპატიო მიზეზად, რომელთა გამოც გასაჩივრების გაცდენილი ვადა უნდა აღდგეს.

საქართველოს სსსკ-ის 523-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, საქმის განმხილველმა სასამართლომ შეიძლება, აღადგინოს საპატიო მიზეზით გაცდენილი გასაჩივრების ვადა, მაგრამ სააპელაციო პალატამ სავსებით მართებულად მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენის საპატიო მიზეზი, რასაც ეთანხმება საკასაციო პალატა და მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება არის კანონიერი, დასაბუთებული და იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ა. ნ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის _ ი. ბ-ას კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 4 თებერვლის განჩინება, რომლითაც მსჯავრდებულ ა. ნ-ის ადვოკატ ი. ბ-ას უარი ეთქვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 16 დეკემბრის განაჩენის საკასაციო გასაჩივრების გაცდენილი ვადის აღდგენაზე, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.