საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გადაწყვეტილების ტექსტი
2კ-12-I ქ. თბილისი
12 აპრილი, 2010 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან _ ო. დ-ის
პროკურორ _ ი. დ-ის
ადვოკატ _ ი. მ-ას
ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის _ ვ. კ-ის
თარჯიმან _ ვ. ბ-ის
მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის _ ვ. კ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. მ-ას კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 მარტის დადგენილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
. . . . . მოქალაქე ვ. კ-ი 2009 წლის 16 დეკემბერს ქ. თბილისში, მეტროს სადგურ ,,ახმეტელის” მიმდებარე ტერიტორაიაზე, საქართველოს შსს საგამოძიებო-ოპერატიული სამმართველოს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს როგორც . . . . . სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირი.
საქართველოს მთავარ პროკურატურაში . . . გენერალური პროკურატურიდან შევიდა შუამდგომლობა თანდართული საექსტრადიციო მასალებით ვ. კ-ის . . . . ექსტრადიციის შესახებ. აღნიშნული შუამდგომლობის თანახმად, 2009 წლის 14 ოქტომბერს ვ. კ-ის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. . . . შსს მთავარი სამმართველოს ქალაქ . . . რაიონულ სამმართველოში გამოტანილ იქნა დადგენილება . . . სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-12 პუნქტისა (განზრახ მკვლელობა, წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფთან ერთად) და 146-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ადამიანის უკანონო გატაცება, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენის გამო ვ. კ-ის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ვ. კ-ი თავს არიდებდა საგამოძიებო ორგანოებს და დაუდგენელი იყო მისი საცხოვრებელი ადგილი, 2009 წლის 26 ოქტომბერს გამოცხადდა ბრალდებულის ძებნა. 2009 წლის 29 ოქტომბერს ქალაქ . . . . სასამართლომ გასცა ბრძანება ვ. კ-ის დაკავებისა და მისი სასამართლოში წარდგენის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 18 დეკემბრის ბრძანებით ბრალდებულ ვ. კ-ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვის ვადით და შესახლებულ იქნა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის ბრძანების საფუძველზე ვ. კ-ის მიმართ გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა დამატებით 2 თვით, ანუ 2010 წლის 16 მაისამდე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის – თ. ბ-ის 2010 წლის 22 მარტის დადგენილებით დაკმაყოფილდა . . . გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა . . . . სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-12 პუნქტისა (განზრახ მკვლელობა, წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფთან ერთად) და 146-ე მუხლის პირველი ნაწილით (ადამიანის უკანონო გატაცება) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენის ვარაუდის გამო ვ. კ-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით. ამავე დადგენილებით არ დაკმაყოფილდა . . . გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა ვ. კ-ის უკრაინის სსკ-ის 146-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ადამიანის უკანონო გატაცება, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი) კვალიფიკაციით ექსტრადიციის შესახებ.
2010 წლის 25 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას საჩივრით მიმართა ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა ვ. კ-მა და ითხოვა საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის – თ. ბ-ის 2010 წლის 22 მარტის დადგენილების გაუქმება იმ მოტივით, რომ . . . გამოძიება არაკანონიერად ჩატარდება, ამასთან, იგი . . . . მუშაობდა უკრაინის განსაკუთრებულ დავალებათა IX სამმართველოში და ფლობს ინფორმაციას სხვადასხვა საინტერესო ფაქტის შესახებ, რის გამოც მიაჩნია, რომ იგი . . . უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ განხორციელებული დევნის მსხვერპლია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 მარტის დადგენილებით საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის _ თ. ბ-ის 2010 წლის 22 მარტის დადგენილება ვ. კ-ის მიმართ . . . სამართალდამცავი ორგანოებისთვის გადაცემის შესახებ, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, დარჩა უცვლელად.
ვ. კ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. მ-ა კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 მარტის დადგენილების გაუქმებას, ვინაიდან ხსენებული დადგენილების მიღებისას სათანადო ორგანოებს არ უმსჯელიათ და არ შეუფასებიათ ექსტრადიციის შემთხვევაში ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლისა და გაეროს წამების კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის საფრთხე და ამ საფრთხის რეალობა.
საკასაციო პალატის სხდომაზე ვ. კ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. მ-ამ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მხარი დაუჭირა წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება.
საკასაციო პალატის სხდომაზე ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა _ ვ. კ-მა მხარი დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა დადგენილების გაუქმება, რათა არ მოხდეს მისი ექსტრადიცია . . . . , ვინაიდან იგი არის უდანაშაულო, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში მასზე შესაძლოა, განხორციელდეს პოლიტიკური ანგარიშსწორება.
საკასაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა ი. დ-მ მხარი არ დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 მარტის დადგენილების ძალაში დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 მარტის დადგენილება მოცემულ საქმეზე კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
საერთაშორისო თანამშრომლობის წესს სისხლის სამართლის სფეროში, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად მოიცავს აგრეთვე საპროცესო ნორმებს საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებული უცხოელის სხვა ქვეყანაში ექსტრადიციასთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებით, განსაზღვრავს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXXII თავი.
წარმოდგენილი მასალების მიხედვით დგინდება, რომ ვ. კ-ი არის . . . . მოქალაქე, რომლის მიმართაც უკრაინის შსს მთავარი სამმართველოს . . . . რაიონული სამმართველოს წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე, რომლის თანახმადაც, ვ. კ-ს ბრალად ედება ადამიანის უკანონო გატაცება, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი და განზრახ მკვლელობა, წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფთან ერთად. აღნიშნული ქმედებების ჩადენისათვის ვ. კ-ი მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში . . . . სსკ-ის 146-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და იმავე კოდექსის 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის, რის გამოც ქალაქ . . . რაიონის სასამართლომ გასცა ბრძანება ვ. კილიხევიჩის დაკავებისა და მისი სასამართლოში წარდგენის შესახებ.
საკასაციო პალატა ეთანხმება დადგენილებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის _ თ. ბ-ის 2010 წლის 22 მარტის დადგენილება ვ. კ-ის ექსტრადიციის შესახებ არ ეწინააღმდეგება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე, 256-ე, 259-ე მუხლების მოთხოვნებს.
ამასთან, საქმეში არ არის მტკიცებულებები, რაც, საქართველოს სსსკ-ის 257-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეიძლება გამხდარიყო ექსტრადიციაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი. დადგენილება სრულად მოიცავს საექსტრადიციო პროცედურებს, ექსტრადიციის სამართლებრივ საფუძველს, პროცედურულ წესებს, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, ორმაგი დანაშაულებრიობის პრინციპს, ბრალდების ფაქტობრივ საფუძველს, დასჯადობას უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ასევე დასჯადობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომ ვ. კ-ის ქმედებები შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და 143-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებების დასჯადობას; მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესებს, დანაშაულის ხანდაზმულობას, პარალელური წარმოების წესებსა და პრინციპს ,,ნე ბის ინ იდემ” (ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ თხოვნის მიმღები მხარის კომპეტენტური ორგანოების მიერ მიღებულია საბოლოო სასამართლო გადაწყვეტილება შესაბამისი პირის მიმართ იმ დანაშაულის ან დანაშაულების ჩადენისათვის, რომლებისთვისაც მოითხოვება ექსტრადიცია. ექსტრადიციაზე შეიძლება უარი ითქვას, თუ გადამცემი მხარის კომპეტენტური ორგანოები გადაწყვეტენ, არ დაიწყონ ან შეწყვიტონ სამართალწარმოება იმავე დანაშაულის ან დანაშაულების წინააღმდეგ).
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ გასაჩივრებული დადგენილება შეესაბამება ,,ექსტრადიციის შესახებ” 1957 წლის ევროპული კონვენციით, ,,სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ” მინსკის 1993 წლის 22 იანვრის კონვენციით, უკრაინასა და საქართველოს შორის არსებული ,,საქართველოსა და უკრაინას შორის სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ” 1995 წლის 9 იანვრის ორმხრივი ხელშეკრულებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 მარტის დადგენილება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 მარტის დადგენილება ვ. კ-ის . . . . სამართალდამცავი ორგანოებისთვის გადაცემის შესახებ, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.