დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 03.05.2011
საქმის ნომერი
2კ-8-I-11
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
03.05.2011

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

8I-11 ქ. თბილისი

3 მაისი, 2011 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან _ გ. შ-ს

პროკურორ _ ი. დ-ს

ადვოკატების _ ი. ნ-ს, ი. მ-ს

ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის _ ვ. კ-ს

თარჯიმან _ ბ. გ-ს

მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის _ ვ. კ-ს კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 15 აპრილის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2010 წლის 15 დეკემბერს, 23 საათსა და 50 წუთზე, საქართველოში დააკავეს ... სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ვ. ს-ს ასული კ-ა....

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 17 დეკემბრის განჩინებით ვ. კ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 11 მარტის განჩინებით ვ. კ-ს საექსტრადაციო პატიმრობა გაუგრძელდა 3 თვის ვადით.

2011 წლის 13 იანვარს თავდაპირველად ფაქსით, ხოლო 2011 წლის 3 თებერვალს _ ფოსტის საშუალებით საქართველოს მთავარ პროკურატურაში შევიდა ... იუსტიციის სამინისტროს შუამდგომლობა თანდართული საექსტრადიციო მასალებით ვ. კ-ს ... ექსტრადიციის შესახებ. ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობისა და მოწოდებული მასალების თანახმად, ... ... ოლქის შს მთავარი სამმართველოს ... საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე ვ. კ-ს მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული ... სისხლის სამართლის კოდექსის (1960წ.) 141-ე მუხლის მეორე ნაწილითა და ამავე კოდექსის 208-ე მუხლით.

აღნიშნული ქმედების ჩადენისათვის ვ. კ-ა 2000 წლის 23 მარტს მიცემულ იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში ... სსკ-ის (1960წ.) 141-ე მუხლის მეორე ნაწილითა და ამავე კოდექსის 208-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის. 2000 წლის 1 ივნისს ... ოლქის ... საქალაქო სასამართლოს დადგენილებით ვ. კ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. 2000 წლის 1 ივლისს მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. 2000 წლის 1 ივლისს ვ. კ-ს მიმართ გამოცხადდა ძებნა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის _ თ. ბ-ს 2011 წლის 30 მარტის დადგენილებით დაკმაყოფილდა ... იუსტიციის სამინისტროს შუამდგომლობა ვ. კ-ს ექსტრადიციასთან დაკავშირებით, იმის გათვალისწინებით, რომ ... იუსტიციის სამინისტროს შუამდგომლობა შეესაბამებოდა „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპულ კონვენციას, „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ მინსკის 1993 წლის 22 იანვრის კონვენციას, „საქართველოსა და უკრაინას შორის სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ 1996 წლის 6 დეკემბრის ორმხრივ ხელშეკრულებასა და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს. ამასთან, 2011 წლის 30 მარტის დადგენილებით მიჩნეულია, რომ არ არსებობს ვ. კ-ს ... ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები.

2011 წლის 14 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას საჩივრით მიმართა ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა _ ვ. კ-მ და ითხოვა საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის _ თ. ბ-ს 2011 წლის 30 მარტის დადგენილების გაუქმება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 15 აპრილის განჩინებით საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის _ თ. ბ-ს 2011 წლის 30 მარტის დადგენილება ვ. კ-ს ... გადაცემის შესახებ, სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, დარჩა უცვლელად.

ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი _ ვ. კ-ა კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 15 აპრილის განჩინების გაუქმებასა და პატიმრობიდან განთავისუფლებას შემდეგ გარემოებათა გამო:

ვ. კ-ა მიცემულ იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში ... სსკ-ის (1960წ.) 141-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ე.ი. ძარცვა, ჩადენილი ისეთი ძალადობის მუქარით, რომელიც არ არის საშიში დაზარალებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, რამაც დაზარალებულს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული დადგენილებით მიჩნეულია, რომ ვ. კ-ს მიმართ ბრალად შერაცხული ზემოხსენებული ქმედება დანაშაულად ითვლება საქართველოს კანონმდებლობითაც და დასჯადია საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „გ“ და „დ“ პუნქტებით (ძარცვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობის მუქარით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის და რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია). მოცემულ შემთხვევაში ... მის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედებები შეესაბამება არა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „გ“ და „დ“ პუნქტებს, როგორც ეს დადგენილებაშია მითითებული, არამედ _ სსკ-ის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს და მესამე ნაწილის „ა და „დ“ ქვეპუნქტებს, ვინაიდან სსკ-ის 178-ე მუხლის მეორე ნაწილს არ გააჩნია „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები მაკვალიფიცირებელ ნიშნებად, ეს მაკვალიფიცირებელი ნიშნები დამახასიათებელია ძარცვის კვალიფიციური შემადგენლობისათვის, როგორიცაა მესამე ნაწილი. ამასთან, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ დადგენილებაშივე მითითებულია დაზარალებულისადმი მიყენებული ზიანის ოდენობის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში, რაც 2000 წლის 2 თებერვლის მდგომარეობით შეადგენს 29 ლარსა და 60 თეთრს. 2006 წლის 28 აპრილის კანონით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარს ზევით, შესაბამისად, მნიშვნელოვანი ზიანი, როგორც მაკვალიფიცირებელი ნიშანი, უნდა ამოირიცხოს, ხოლო „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა არ მოხდება, თუ იგი ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, რის გამოც ვ. კ-ს ექსტრადიციას ... ამ მაკვალიფიცირებელი ნიშნის ნაწილში უნდა ეთქვას უარი, ვინაიდან იგი ამ შემთხვევაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით არ წარმოადგენს დასჯად ქმედებას.

რაც შეეხება ... სსკ-ის 208-ე მუხლს, ე.ი. არასრულწლოვნის ჩაბმას დანაშაულებრივ საქმიანობაში, დადგენილებითა და განჩინებით მიჩნეულია, რომ აღნიშნულიც დანაშაულად ითვლება და დასჯადია საქართველოს სსკ-ის 171-ე მუხლის პირველი ნაწილით (არასრულწლოვნის დაყოლიება მათხოვრობაზე ან ანტისაზოგადოებრივ ქმედებაზე).

როგორც საექსტრადიციო მასალებიდან ირკვევა, კერძოდ: მხედველობაშია ამონარიდი ... სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლიდან (1960 წლის რედაქცია), ამ შემთხვევაში დანაშაულად ითვლება არასრულწლოვანი პირის ჩაბმა დანაშაულებრივ საქმიანობაში, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის სადღეისოდ მოქმედ კანონმდებლობაში არ არსებობს სპეციალური ნორმა, რომელიც დააწესებდა პასუხისმგებლობას არასრულწლოვნის ჩაბმისათვის სხვადასხვა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში, რომელიც არ წარმოადგენს დანაშაულს. ამრიგად, „სისხლის სამართლის სფეროში სამართლებრივი დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია განხორციელდება ისეთი დანაშაულების ჩადენისათვის, რომლებიც როგორც საქართველოს, ისე შესაბამისი უცხო სახელმწიფოს კანონმდებლობით ისჯება, სულ მცირე, ერთი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთით ან უფრო მკაცრი სასჯელით. მსგავსი სახის დებულებებს შეიცავს „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მეორე მუხლიც; ამდენად, ვ. კ-ს ექსტრადიცია ... ... სსკ-ის 208-ე მუხლით არ უნდა განხორციელდეს. ამასთან, მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ იგი ... სამართალდამცავი ორგანოების მიერ ბრალდებულის სახით პასუხისგებაშია მიცემული ... სსკ-ის 141-ე მუხლის მეორე ნაწილით და მოცემულ შემთხვევაში დადგენილად არის მიჩნეული, რომ მან ძარცვა ჩაიდინა ჯგუფურად ანუ არასრულწლოვან ი. რ-სთან ერთად, რაც თავისთავად აწესებს გაძლიერებულ პასუხისმგებლობას ამ დანაშაულის ჩადენისათვის. მხედველობაშია ძარცვის ჯგუფურად ჩადენა, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს დამატებით კვალიფიკაციას ანუ ... სსკ-ის 208-ე მუხლის ბრალად შერაცხვას, წინააღმდეგ შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩაბმა _ უკრაინის სსკ-ის 208-ე მუხლი და საქართველოს სსკ-ის 171-ე მუხლი არ წარმოადგენენ იდენტურ დანაშაულებს, არამედ თვისებრივად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, უარი უნდა ეთქვას ამ დანაშაულისათვის მის ექსტრადიციას უკრაინაში იმ მოტივითაც, რომ აღნიშნული გამოიწვევს ორჯერ ერთი და იმავე ქმედებისათვის გასამართლებას, რაც წარმოადგენს „ნონ ბის ინ იდემ“-ს პრინციპის დარღვევას.

ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მოსაზრებით, მხოლოდ ის გარემოება, რომ ... მიერ საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევის ეჭვი არ არსებობს, უპირობოდ არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს, რომ მიმღები სახელმწიფო არ დაარღვევს ფუნდამენტურ უფლებებს.

გარდა ზემოთქმული გარემოებებისა, გასაჩივრებული დადგენილება უნდა გაუქმდეს იმის გამოც, რომ ვ. კ-ს დანაშაული არ ჩაუდენია, მის მიმართ ინკრიმინირებული ბრალდებები ხელოვნურადაა შექმნილი და, შესაბამისად, ემსახურება შემდგომში უსამართლო დევნის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მიზანს, რაც გამოიწვევს გამოუსწორებელ ზიანს. ... ექსტრადიციის შემთხვევაში ადგილი ექნება მის მიმართ არაადამიანურ და სასტიკ მოპყრობას, ხოლო ამ რწმენას განამტკიცებს ის გარემოება, თუ მოცემულ საკითხთან დაკავშირებით მხედველობაში იქნება მიღებული გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის დაცვის პოლიტიკის და იურიდიული კონსულტაციების სექტორის საერთაშორისო დაცვის სერვისის განყოფილების 2008 წლის რეკომენდაციები.

ასევე მხედველობაშია მისაღები მოცემულ საკითხთან დაკავშირებით ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 2010 წლის 11 მარტის დასკვნა, რომლითაც ირკვევა, რომ ... ადამიანის უფლებათა მდგომარეობა კვლავაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, ვინაიდან გამოვლენილია სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტები, რაც უკავშირდება დაკავებისას ცემას, წამებას და პენიტენციალურ სისტემაში უმძიმეს მდგომარეობას, ხანგრძლივ და თვითნებურ დაპატიმრებებს და ასევე არაეფექტურ და კორუმპირებულ სასამართლო სისტემას.

საკასაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა ი. დ-მ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები და იშუამდგომლა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 15 აპრილის განჩინების უცვლელად დატოვება.

საკასაციო პალატის სხდომაზე ადვოკატებმა _ ი. ნ-მ და ი. მ-მ მხარი დაუჭირეს წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, მათ იშუამდგომლეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 15 აპრილის განჩინების გაუქმება და ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის _ ვ. კ-ს პატიმრობიდან გათავისუფლება, რასაც დაეთანხმა თავად ვ. კ-ა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განჩინება მოცემულ საქმეზე კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

წარმოდგენილი მასალების მიხედვით დგინდება, რომ ვ. კ-ა არის ... მოქალაქე. იგი მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში ... სისხლის სამართლის კოდექსის (1960წ.) 141-ე მუხლის მეორე ნაწილითა და ამავე კოდექსის 208-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის. 2000 წლის 1 ივნისს ... ოლქის ... საქალაქო სასამართლოს დადგენილებით ვ. კ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. 2000 წლის 1 ივლისს მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. 2000 წლის 1 ივლისს ვ. კ-ს მიმართ გამოცხადდა ძებნა.

საკასაციო პალატა ეთანხმება განჩინებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის _ თ. ბ-ს 2011 წლის 30 მარტის დადგენილება ვ. კ-ს ექსტრადიციის შესახებ არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონს სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობასა და საერთაშორისო კონვენციებს.

ამასთან, საქმეში არ არის მტკიცებულებები, რაც შეიძლება გამხდარიყო ექსტრადიციაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი. დადგენილება სრულად მოიცავს საექსტრადიციო პროცედურებს, ექსტრადიციის სამართლებრივ საფუძველს, პროცედურულ წესებს, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, ორმაგი დანაშაულებრიობის პრინციპს, ბრალდების ფაქტობრივ საფუძველს, დასჯადობას უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ასევე დასჯადობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესებს, დანაშაულის ხანდაზმულობას, პარალელური წარმოების წესებს და პრინციპს ,,ნონ ბის ინ იდემ”.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ გასაჩივრებული დადგენილება შეესაბამება ,,ექსტრადიციის შესახებ” 1957 წლის ევროპული კონვენციით, ,,სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ” მინსკის 1993 წლის 22 იანვრის კონვენციით, ,,საქართველოსა და უკრაინას შორის სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ” 1996 წლის 6 დეკემბრის ორმხრივი ხელშეკრულებითა და სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 15 აპრილის განჩინება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-15 ნაწილით, ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ” საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 15 აპრილის განჩინება, რომლითაც ძალაში დარჩა საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის _ თ. ბ-ს 2011 წლის 30 მარტის დადგენილება ვ. კ-ს უკრაინისათვის გადაცემის შესახებ, სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.