საზედამხედველო

სისხლის სამართლის 05.05.2010
საქმის ნომერი
8საზ.-2010
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
05.05.2010

გადაწყვეტილების ტექსტი

8საზ-10 ქ. თბილისი

5 მაისი, 2010 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, პ. სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ო-ისა და მისი წარმომადგენლის _ ნ. ა-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 27 მაისის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 12 ნოემბრის განაჩენით მ. ო-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25-ე,218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა», „ბ» ქვეპუნქტებითა და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა» ქვეპუნქტით იმაში, რომ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადების თავის არიდების თანამონაწილეობა არაერთგზის; ასევე _ არაერთგზის დაამზადა და გამოიყენა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი და ბეჭედი.

აღნიშნული ქმედებისათვის მ. ო-ს სსკ-ის 25-ე,218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა» და „ბ» ქვეპუნქტებით მიესაჯა 1 წლით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა» ქვეპუნქტით კი _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მას საბოლოოდ განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.

ამავე განაჩენით ცნობილ იქნენ დამნაშავეებად და საბოლოოდ განესაზღვრათ: დ. ლ-ას _ საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა», „ბ» ქვეპუნქტებითა და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით; მ. კ-ეს _ სსკ-ის 218-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 25-ე,218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა», „ბ» ქვეპუნქტებითა და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ ჯარიმა 600 ლარის ოდენობით.

დაკმაყოფილდა სამოქალაქო სარჩელი და სამივე მსჯავრდებულს სოლიდარულად დაეკისრათ 86 428 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ; დ. ლ-ასა და მ. ო-ს ასევე სოლიდარულად დაეკისრათ 157 438 ლარის, ხოლო მ. კ-ეს _ 7 334,8 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 27 მაისის განაჩენით რაიონული სასამართლოს განაჩენი შეიცვალა: საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ვ» ქვეპუნქტისა და მე-5 ნაწილის თანახმად, მ. ო-ი და დ. ლ-ა გათავისუფლდნენ სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა» და „ბ» ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სასჯელის მოხდისაგან; სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა» ქვეპუნქტით მ. ო-ს მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით, ხოლო დ. ლ-ას _ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: დ. ლ-ასა და მ. ო-ს სოლიდარულად დაეკისრათ 157 438 ლარის, ხოლო დ. ლ-ას, მ. ო-სა და მ. კ-ეს _ 86 428 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

მსჯავრდებული მ. ო-ი და მისი წარმომადგენელი ნ. ა-ე საჩივარში აღნიშნავენ, რომ მ. ო-ს არ ჩაჰბარებია საოლქო სასამართლოს განაჩენის ასლი, რომლის გამოტანიდან 5 წლის შემდეგ (კერძოდ, 2010 წლის თებერვლის ბოლოსა და მარტის დასაწყისში) მან იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროდან მიიღო წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ. მსჯავრდებულმა იცოდა, რომ შეეხო 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი „ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ», რომლის ძალითაც სამივე მსჯავრდებული გათავისუფლდა სახელმწიფოს წინაშე საგადასახადო ვალდებულებებისაგან. მხოლოდ განაჩენის გაცნობის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ საოლქო სასამართლოს რაიონული სასამართლოს განაჩენი სამოქალაქო სარჩელის ნაწილში ძალაში დაუტოვებია.

საჩივრის ავტორების აზრით, „ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ» 2004 წლის 24 დეკემბრის კანონის მე-4 მუხლის თანახმად, გადასახადების გადამხდელები, რომლებმაც 2004 წლის 1 იანვრამდე არ გადაიხადეს საგადასახადო ვალდებულებები, თავისუფლდებიან სახელმწიფოს წინაშე გადასახადისაგან. სასამართლოს არ უმსჯელია სამოქალაქო სარჩელის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებებისაგან გათავისუფლების შესახებ, რაც სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის ახლად გამოვლენილი გარემოებაა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივრის ავტორი ითხოვს გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 12 ნოემბრისა და თბილისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 27 მაისის განაჩენების გადასინჯვასა და მათ გაუქმებას სამოქალაქო სარჩელის ნაწილში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ სრული მოცულობით შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველია მისი გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს პასუხისმგებლობას.

გასაჩივრებულ განაჩენის გამოტანისას მოქმედებდა „ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ» საქართველოს კანონი, რის გამოც სააპელაციო პალატამ სსკ-ის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა», «ბ» ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელების მოხდისაგან გაათავისუფლა მ. ო-ი და დ. ლ-ა.

საჩივრის ავტორები მიუთითებენ, რომ განაჩენი უსაფუძვლოა, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერებაზე, დასაბუთებულობასა და სამართლიანობაზე. აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა სამოქალაქო სარჩელთან დაკავშირებით.

ამასთან, დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მ. ო-მა და დ. ლ-ამ არაერთგზის დაამზადეს და გამოიყენეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტი. ვინაიდან მოქმედი რედაქციის სსკ-ის 362-ე მუხლი ითვალისწინებს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებას მხოლოდ გასაღების მიზნით, სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, განაჩენიდან უნდა ამორიცხოს მითითება მ. ო-ისა და დ. ლ-ას მიერ ყალბი ოფიციალური დოკუმენტის არაერთგზის დამზადების შესახებ და ბრალდების ამ ნაწილში მათ მიმართ შეწყდეს საქმე.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის _ მსჯავრდებულების მიმართ სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით სასჯელების დანიშვნის ნაწილში, უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ მ. ო-ისა და მისი წარმომადგენლის _ ნ. ა-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 27 მაისის განაჩენიდან ამოირიცხოს მითითება ყალბი ოფიციალური დოკუმენტისა და ბეჭდის არაერთგზის დამზადების შესახებ და ბრალდების ამ ნაწილში მ. ო-ისა და დ. ლ-ას მიმართ შეწყდეს საქმე.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის _ მსჯავრდებულების მიმართ სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით (2000 წლის 30 ივნისის რედაქციით) სასჯელების დანიშვნის ნაწილში, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.