დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 29.04.2010
საქმის ნომერი
10საზ.-2010
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
29.04.2010

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

10საზ-10 ქ. თბილისი

29 აპრილი, 2010 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ვასილ როინიშვილი, ლევან მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. კ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 6 ნოემბრის განჩინების გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002 წლის 11 დეკემბრის განაჩენით თ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 1 წლით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით _ 3 წლით, 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 10 წლით, ხოლო 109-ე მუხლის „ი» პუნქტით _ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 109-ე მუხლის ,,ი" პუნქტით დანიშნულ სასჯელს დაემატა ამავე კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის ნაწილი _ 5 წელი და საბოლოოდ თ. კ-ეს განესაზღვრა 25 წლით თავისუფლების აღკვეთა, პირველი 5 წლის საპყრობილეში მოხდით. მსჯავრდებულს სასჯელის ათვლა დაეწყო 2002 წლის 17 ივნისიდან.

განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ თ. კ-ემ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვა და ტარება, ასევე _ ყაჩაღობა და მკვლელობა ანგარებით.

უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 6 ნოემბრის განჩინებით, თ. კ-ის ქმედება საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე და ამ მუხლით განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის _ მსჯავრდებულ თ. კ-ისათვის დანიშნული საბოლოო სასჯელი, დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული თ. კ-ე საჩივარში მიუთითებს, რომ ახალი სისხლის სამართლის კანონით შემსუბუქდა სასჯელი სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და შეიცვალა დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელთა შეკრების წესი, რის გამოც ითხოვს მის მიმართ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების მოქმედ კანონთან შესაბამისობაში მოყვანას და სასჯელის შემცირებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც აღინიშნა, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002 წლის 11 დეკემბრის განაჩენის გადასინჯვასთან დაკავშირებით თ. კ-ის საჩივარზე იმსჯელა უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ და 2008 წლის 6 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება შესაბამისობაში მოვიდა ახალ სისხლის სამართლის კანონთან.

«საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ» საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, სასჯელთა შეკრების ახალი წესი ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც დანაშაულს ჩაიდენენ ამ კანონის ამოქმედების შემდეგ, აგრეთვე პირებზე, რომელთა მიმართ საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული.

ამდენად, გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილების ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის საფუძველი არ არსებობს და იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ თ. კ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 6 ნოემბრის განჩინება თ. კ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.