დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 10.06.2010
საქმის ნომერი
12საზ.-2010
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
10.06.2010

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

12საზ-10 ქ. თბილისი

10 ივნისი, 2010 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, პ. სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. ც-ის დამცველის, ადვოკატ ი. ბ-ას საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 17 აპრილის განჩინების გადასინჯვის თაობაზე, რომლითაც დაუშვებლად იქნა ცნობილი საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 11 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 15 მარტის განაჩენით თ. ც-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-19,108-ე მუხლით და მიესაჯა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2006 წლის 22 ივლისიდან.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 11 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 17 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი მოცემულ საქმეზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.

ადვოკატი ი. ბ-ა საჩივრით ითხოვს 2007 წლის 4 ივლისს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 88-ე მუხლში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით თ. ც-ის მიმართ სასამართლო გადაწყვეტილების ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანასა და მისთვის განსაზღვრული სასჯელის შემცირებას ერთი მეოთხედით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოების გამო:

როგორც ირკვევა, მსჯავრდებულ თ. ც-ისათვის სასჯელის განსაზღვრისას, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ ერთ-ერთ გარემოებად სასამართლომ მხედველობაში მიიღო მისი არასრულწლოვანი ასაკი. დანიშნული სასჯელი არ აღემატება საქართველოს სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2007 წლის 4 ივლისის რედაქციით) განსაზღვრულ, თექვსმეტიდან თვრამეტ წლამდე ასაკის მსჯავრდებულისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით დასანიშნი სასჯელის მაქსიმალურ ზღვარს.

უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ გადაწყვეტილება გამოტანილია 2008 წლის 17 აპრილს, რა დროსაც სასამართლოსათვის ცნობილი იყო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული ნორმის შესახებ.

სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება.

უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ გადაწყვეტილება გამოტანილია 2008 წლის 17 აპრილს, რა დროსაც სასამართლოსათვის ცნობილი იყო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული ნორმის შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივრის ავტორის მიერ მითითებული სისხლისსამართლებრივი ნორმის ახალი რედაქცია ვერ იქნება მიჩნეული ახლად გამოვლენილ გარემოებად. შესაბამისად, არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 17 აპრილის განჩინების გადასინჯვის საფუძველი, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ თ. ც-ის ადვოკატ ი. ბ-ას საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 17 აპრილის განჩინება, რომლითაც დაუშვებლად იქნა ცნობილი საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 11 ივლისის განაჩენზე თ. ც-ის მიმართ _ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.