დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 24.09.2010
საქმის ნომერი
17საზ.-2010
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
24.09.2010

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

17საზ-10 ქ. თბილისი

24 სექტემბერი, 2010 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე, პ. სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. ბ-ას ადვოკატ მ. ქ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 11 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 11 აგვისტოს განაჩენით ლ. ბ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა» ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) იმაში, რომ ჯგუფურად ჩაიდინა ყაჩაღობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

2006 წლის 24 აპრილს რუსთავში მცხოვრებმა ლ. ბ-ამ დაუდგენელ ორ პირთან ერთად განიზრახა, იარაღის მსგავსი სანთებელას გამოყენებით ყაჩაღურად თავს დასხმოდა რუსთავში, ე.წ. „ერთობის» ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სილამაზის სალონ „---». ლ. ბ-ა თავის თანამზრახველებთან ერთად მივიდა ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე და იარაღის გამოყენებით, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ძალადობით, რომელიც საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, სილამაზის სალონში მომუშავე თ. ნ-ეს გასტაცა მობილური ტელეფონი და 9 ლარი, რის შემდეგაც ბოროტმოქმედები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

აღნიშნული ქმედებისათვის ლ. ბ-ას მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2006 წლის 6 მაისიდან.

მსჯავრდებულ ლ. ბ-ას ადვოკატი მ. ქ-ე საჩივარში აღნიშნავს, რომ 2009 წლის 29 დეკემბერს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილში შეტანილი ცვლილებით ლ. ბ-ას მიერ ჩადენილი დანაშაული განეკუთვნება მძიმე კატეგორიას და ამ შემთხვევაში ახალ კანონს აქვს უკუძალა.

აღნიშნულის გამო, საჩივრის ავტორი ითხოვს მსჯავრდებულის ქმედების ახალ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას, სსკ-ის 72-ე მუხლის გამოსაყენებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ შეისწავლა პირადი საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 179-ე მუხლში ბოლო ცვლილება შეტანილია 2006 წლის 29 დეკემბრის კანონით და ამ ცვლილებით აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილს დაემატა «გ» ქვეპუნქტი. კანონში ცვლილება, რომელზეც მიუთითებს საჩივრის ავტორი, ამოქმედდა 2006 წლის 31 მაისიდან _ გასაჩივრებული განაჩენის გამოტანამდე. ამის მიუხედავად, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 11 აგვისტოს განაჩენით მსჯავრდებულის ქმედება დაკვალიფიცირებულია ძველი რედაქციის სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველია მისი გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს პასუხისმგებლობას.

მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული განაჩენი გამოტანილია ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ და არა მანამდე, რის გამოც პალატა არ არის უფლებამოსილი, იგი გადასინჯოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ლ. ბ-ას ადვოკატ მ. ქ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 11 აგვისტოს განაჩენი ლ. ბ-ას მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.