დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹20-საზ-10 ქ. თბილისი
11 ოქტომბერი, 2010 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მ.ოშხარელი (თავმჯდომარე)
ი. ტყეშელაშვილი, დ. სულაქველიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ. გ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 21 ივნისის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქარელის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 12 მარტის განაჩენით:
კ. გ-ე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის «გ» ქვეპუნქტით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 26 სექტემბრიდან.
აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 21 ივნისის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:
კ. გ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტიდან (მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ» ქვეპუნქტზე (ძველი რედაქცია).
კ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტითა (მოქმედი რედაქცია) და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «დ» ქვეპუნქტით (ძველი რედაქცია) _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 26 სექტემბრიდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 27 თებერვლის განჩინებით ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზ. გ.ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 21 ივნისის განაჩენზე არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
მსჯავრდებული კ. გ-ე საჩივრით ითხოვს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე მის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვასა და მის მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ახლად გამოვლენილია სამართლებრივი გარემოებანი, რომლებითაც შეპირობებულია უკანონო ან დაუსაბუთებელი სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვა. ასეთ გარემოებებს მიეკუთვნება:
a) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების დადგენისას გამოყენებული კანონი;
b) კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ კ. გ-ის მიერ საჩივარში მითითებული გარემოება ვერ ჩაითვლება განაჩენის გადასინჯვის ახლად გამოვლენილ სამართლებრივ გარემოებად, რის გამოც საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით, 599-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ კ. გ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 21 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.