საზედამხედველო

სისხლის სამართლის 27.09.2010
საქმის ნომერი
21საზ.-2010
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
27.09.2010

გადაწყვეტილების ტექსტი

¹21საზ-10 ქ. თბილისი

27 სექტემბერი, 2010 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),იური ტყეშელაშვილი, დავით სულაქველიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. ხ-ას დამცველის, ადვოკატ პ. მ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 16 იანვრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 11 ნოემბრის განაჩენით ნ. ჯ. ხ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა» და «დ» ქვეპუნქტებით იმაში, რომ ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის.

აღნიშნული ქმედებისათვის საქართველოს სსკ-ის 414-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

ამავე განაჩენით ი. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა», «ბ» და «დ» ქვეპუნქტებით და 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებით მიესაჯა 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 29 მაისის განაჩენით მსჯავრდებულ ი. მ-ის მიმართ გამოყენებული პირობითი მსჯავრი და მას სასჯელის სახედ და ზომად საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 16 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული განაჩენი შეიცვალა მსჯავრდებულ ნ. ხ-ას მიმართ სასჯელის ნაწილში და ამ უკანასკნელს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» და «დ» ქვეპუნქტებით, 88-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით მიესაჯა 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეეცვალა პირობითი მსჯავრით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი, ხოლო მსჯავრდებულ ი. მ-ის მიმართ განაჩენი დარჩა უცვლელად.

საჩივრის ავტორი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, კერძოდ 33-ე და მე-80 მუხლებში, 2010 წლის 23 თებერვალს განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარე, რომლითაც სისხლისსამართლებრვი პასუხისმგებლობის ასაკი განისაზღვრა 14 წლით, ითხოვს მსჯავრდებულ ნ. ხ-ას მიმართ სასამართლო გადაწყვეტილებების გაუქმებას და საქმის შეწყვეტას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 567-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ სრული მოცულობით შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველია მისი გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს პასუხისმგებლობას.

გასაჩივრებულ განაჩენის გამოტანისას მოქმედებდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 33-ე მუხლი, რომლის თანახმად, სსკ-ის 178-ე მუხლით (გარდა პირველი ნაწილისა) გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ შეერაცხებოდა ბრალად იმას, ვისაც ამ ქმედების ჩადენამდე არ ჰქონდა შესრულებული თორმეტი წელი.

2010 წლის 23 თებერვალს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი იქნა ცვლილებები და დამატებები და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის ასაკის ზღვარი განისაზღვრა თოთხმეტი წლით, კერძოდ სსკ-ის 33-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ შეერაცხება ბრალად იმას, ვისაც ამ ქმედების ჩადენამდე არ შესრულებია თოთხმეტი წელი.

ზემოაღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილებებით დადგენილია, რომ მსჯავრდებულმა ნ. ხ-ამ დანაშაული ჩაიდინა ცამეტი წლის ასაკში.

საქართველოს სსკ-ის მე-7 მუხლის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია დანაშაული, ესე იგი ამ კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, შესაბამისად ეს ორი კომპონენტი თანაბრად მნიშვნელოვანია პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის. ამასთან, სსკ-ის 33-ე მუხლის თანახმად, შეურაცხაობა ასაკის გამო ბრალის გამომრიცხველი გარემოებაა. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის ასაკთან დაკავშირებით ახალი კანონით განისაზღვრა თოთხმეტი წელი, მსჯავრდებულ ნ. ხ-სთან მიმართებაში სახეზეა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების გამომრიცხავი გარემოება.

საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას აქვს უკუძალა.

პალატას მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული ცვლილებით მოცემულ შემთხვევაში აღარ არსებობს სუბიექტი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის არა მარტო კონკრეტული დანაშაულისათვის, არამედ ზოგადად, სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისათვის.

ამდენად, პალატა თვლის, რომ კანონიერ ძალაში შესული განაჩენი უნდა გაუქმდეს ნ. ხ-ას მსჯავრდების ნაწილში და მის მიმართ საქმე შეწყდეს.

გასაჩივრებული გადაწყვეტილებები სხვა ნაწილში, მათ შორის _ მსჯავრდებულ ი. მ-ის მიმართ სასჯელის დანიშვნის ნაწილში, უნდა დარჩეს უცვლელად, ვინაიდან არ არსებობს სასამართლო გადაწყვეტილებების გადასინჯვის ახლად გამოვლენილი გარემოებები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, 567-ე მუხლის პირველი ნაწილით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის მე-7, 33-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ნ. ხ-ას დამცველის, ადვოკატ პ. მ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 16 იანვრის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულ ნ. ხ-ას სასიკეთოდ, კერძოდ:

განაჩენი გაუქმდეს ნ. ხ-ას მსჯავრდების ნაწილში და მის მიმართ შეწყდეს საქმე.

გასაჩივრებული გადაწყვეტილებები სხვა ნაწილში, მათ შორის _ მსჯავრდებულ ი. მ-ის მიმართ სასჯელის დანიშვნის ნაწილში, უნდა დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.