საზედამხედველო
გადაწყვეტილების ტექსტი
24საზ-10 ქ. თბილისი
1 დეკემბერი, 2010 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ტ. ბ-ას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ნოემბრის განჩინებაზე, რომლითაც დაუშვებლად იქნა ცნობილი ტ. ბ-ას შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 9 ნოემბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 9 ნოემბრის განაჩენით მსჯავრდებული ტ. ა. ბ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) და იმავე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) _ 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა; 184-ე მუხლის მე-3 ნაწილით (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) _ 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საბოლოოდ, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებით, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენით ტ. ბ-ას მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით და ავტომობილის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნის გარეშე, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 11 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ ტ. ბ-ას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 9 ნოემბრის განაჩენზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 26 სექტემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ტ. ბ-ას საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, მსჯავრდებულ ტ. ბ-ას მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა იმ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 184-ე მუხლის მესამე ნაწილით და მას მოსახდელად განესაზღვრა 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 11 ივნისის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად. ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული განჩინებით განაჩენის ის ნაწილი, რომლითაც მსჯავრდებულის ქმედება დაკვალიფიცირებული იყო საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), ამავე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია), დარჩა უცვლელად, რადგან ამ ნაწილში განაჩენის გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობდა, მათ შორის _ ხანდაზმულობასთან დაკავშირებულიც.
2010 წლის 7 ოქტომბერს მსჯავრდებულმა ტ. ბ-ამ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 9 ნოემბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე და მოითხოვა საქართველოს სსკ-ში 2006 წლის 28 აპრილს შესული ცვლილებების საფუძველზე მის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვა, საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად, კერძოდ: ტ. ბ-ა ითხოვს მის მიერ ჩადენილი ქმედების, რაც დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია), საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) დაკვალიფიცირებას, რადგან ახალმა კანონმა შეამსუბუქა დასჯადობა; იგი აგრეთვე ითხოვს ხანდაზმულობის გამო სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ტ. ბ-ას საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დაუშვებლად იმ მოტივით, რომ 2006 წლის 28 აპრილს საქართველოს სსკ-ში შესული ცვლილებით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ყაჩაღობისათვის არ შემსუბუქებულა, რასაც სადავოდ ხდის მსჯავრდებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის “ვ” პუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მოტივაცია საფუძვლიანია, ხოლო გადაწყვეტილება შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე _ კანონიერი და დასაბუთებული და მისი შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს ძალაში.
გარდა ამისა, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იმ მოტივებზე, რომლებიც საფუძვლად უდევს მსჯავრდებულ ტ. ბ-ას მოცემულ შუამდგომლობასა და საჩივარს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ ერთხელ უკვე იმსჯელა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო 2007 წლის 26 სექტემბრის განჩინებით, რომელიც თავის მხრივ ძალაშია და შესაბამისად, არ შეცვლილა და არც გაუქმებულა, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სრულად შეესაბამება მას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის
მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ტ. ბ-ას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ნოემბრის განჩინებაზე, რომლითაც დაუშვებლად იქნა ცნობილი ტ. ბ-ას შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 9 ნოემბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ნოემბრის განჩინება დარჩეს ძალაში.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.