გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹18საზ-06 ქ. თბილისი
11 თებერვალი, 2009 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),პ. სილაგაძე, მ. ოშხარელი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. ღ-ის საჩივრები ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2002 წლის 16 აპრილის განჩინების გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 12 დეკემბრის განაჩენით რ. ღ-ი, _ საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილით იმაში, რომ ჩაიდინა 14 წლის ასაკს მიუღწეველი რ. ბ-ის გაუპატიურება, რაც კონკრეტულად გამოიხატა შემდეგში:
2001 წლის 22 მაისს, ღამით რ. ღ-ი სტუმრად იმყოფებოდა მეზობლად მცხოვრებ თ. ბ-ის სახლში და ვახშმობდა. ამ უკანასკნელის შვილმა _ მ. ბ-ძემ თავის სახლში მიიყვანა მცირეწლოვანი რ. ბ-ი, დედამისს _ ნ. ბ-ეს უთხრა, რომ რ. ბ-ს თავშესაფარი არ ჰქონდა და სთხოვა, ღამე მათთან გაეთევინებინა. ნ. ბ-ემ ადგილის უქონლობის მოტივით უარი განაცხადა. ეს საუბარი გაიგონა რ. ღ-მ, დიასახლისს სთხოვა, შეეშვა გოგონა სახლში და თვითონ გაათევინებდა ღამეს თავის ოჯახში. ვახშმობის შემდეგ რ. ღ-მ თავის სახლში წაიყვანა რ. ბ-ი, სადაც დააძინა თავის მცირეწლოვან შვილთან ერთად ცალკე ოთახში. დილით, დაახლოებით 9 საათზე რ. ღ-მ გააღვიძა რ. ბ-ი, უთხრა, რომ უნდა წაეყვანა პოლიციაში, შემდეგ კი ბებიამისთან. გოგონა დათანხმდა, ორივენი ჩასხდნენ ავტომანქანაში და ნაცვლად პოლიციაში მიყვანისა, რ. ღ-მ განიზრახა რ. ბ-ის გაუპატიურება. მან გოგონა წაიყვანა ქ. რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს მიმდებარე ტყე-პარკში, უკაცრიელ ადგილზე, მოკვლის მუქარით აიძულა, გადასულიყო ავტომანქანის უკანა სავარძელზე, სადაც ძალის გამოყენებით ჩაუწია შარვალი და საცვალი, ისარგებლა რ. ბ-ის უმწეო მდგომარეობით და მიუხედავად გაწეული წინააღმდეგობისა, დაამყარა მასთან სქესობრივი კავშირი. ამის შემდეგ რ. ღ-მ დაზარალებულს მუქარით მოსთხოვა, არავისთვის ეთქვა მომხდარის შესახებ, წასულიყო თავის მეუღლესთან და დალოდებოდა საღამომდე. ამასთან დაჰპირდა, რომ საღამოს თვითონვე წაიყვანდა ბებიასთან. რ. ბ-ი წავიდა თავის მეგობრებთან _ ნ. და რ. გ-თან, რომლებსაც უამბო მომხდარის შესახებ. ამ უკანასკნელებმა შეატყობინეს თავიანთ ბებიას _ ნ. ს-ს, რომელმაც რ. ბ-ი მიიყვანა პოლიციის განყოფილებაში და განაცხადა გაუპატიურების შესახებ.
აღნიშნული დანაშაულისათვის რ. ღ-ს მიესაჯა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2001 წლის 23 მაისიდან.
აღნიშნული განაჩენი უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2002 წლის 16 აპრილის განჩინებით დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული რ. ღ-ი საჩივრებში მიუთითებს, რომ რ. ბ-მ ცილი დასწამა ფულის გამოძალვის მიზნით და საქმის წინასწარი გამოძიებისას სასტიკად სცემეს და აწამეს; სასამართლო სხდომაზე მისი არცერთი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა; საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა კანონის მოთხოვნათა დარღვევით; სასამართლო სხდომის ოქმში არასწორადაა ასახული მოწმეთა ჩვენებები და გაყალბებულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, რომლებიც საფუძვლად უდევს გამამტყუნებელ განაჩენს; საჩივრის ავტორის აზრით, არაერთი პირის განცხადებებიდან გამომდინარე, სახეზეა ახლად აღმოჩენილი და ახლად გამოვლენილი გარემოებები; განაჩენი უკანონო და უსამართლოა, რადგან საქმეში არ მოიპოვება რ. ღ-ის მიერ დანაშაულის ჩადენის რაიმე მტკიცებულება; რ. ღ-ი ითხოვს, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 12 დეკემბრის განაჩენი ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო და საქმე გაიგზავნოს ხელახლა განსახილველად. იგი ასევე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2006 წლის 21 თებერვლისა და 2007 წლის 6 სექტემბრის დადგენილებების გაუქმებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ შეისწავლა რ. ღ-ის პირადი საქმის მასალები, საჩივრების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ ისინი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 594-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უშუალოდ უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში შეაქვთ საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის შესახებ. ამავე კოდექსის 593-ე მუხლის მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ახლად გამოვლენილია სამართლებრივი გარემოებები, რომლებითაც შეპირობებულია უკანონო ან დაუსაბუთებელი სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვა და ასეთ გარემოებებს მიუკუთვნებიან:
ა) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების დადგენისას გამოყენებული კანონი;
ბ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
რ. ღ-ის საჩივრებში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს ახლად გამოვლენილს და მოცემულ შემთხვევაში პალატა არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერებაზე, დასაბუთებულობასა და სამართლიანობაზე. პირადი საქმის მასალებით ირკვევა, რომ აღნიშნულის თაობაზე რ. ღ-ს მრავალჯერ ეცნობა.
გარდა ამისა, პალატა არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის დადგენილებებზე, რომელთა გაუქმებასაც ითხოვს რ. ღ-ი, რადგან ისინი არ საჩივრდება და ამის თაობაზე დადგენილებებში ნათლადაა მითითებული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ახლად გამოვლენილი გარემოება და საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ რ. ღ-ის საჩივრები არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2002 წლის 16 აპრილის განჩინება რ. ღ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.