სისხლის სამართლის 23.02.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

29I 23 თებერვალი, 2009 წელი

თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ქ-ის კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 30 ივნისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 16 აპრილის განაჩენით დ. ქ-ი, _ საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, ცოლშვილიანი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც, იმავე კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. Mმასვე დამატებითი სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა _ 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.

2008 წლის 2 ივნისს მსჯავრდებულმა დ. ქ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენის თაობაზე. განცხადებაში აღნიშნულია, რომ დ. ქ-მა საკასაციო გასაჩივრების ვადა გაუშვა იმიტომ, რომ ეგონა, საკასაციო საჩივარი უნდა შეეტანა არა განაჩენის გამოცხადებიდან, არამედ მისთვის განაჩენის ასლის ჩაბარების დღიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, რის გამოც ვერ შეძლო გასაჩივრების ვადის გამოთვლა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 30 ივნისის განჩინებით დ. ქ-ს უარი ეთქვა საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენაზე.

მსჯავრდებულმა დ. ქ-მ აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. საჩივრით იგი ითხოვს საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები და კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი გაშვებული საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 523-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შეტანა მხარეებს შეუძლიათ სააპელაციო სასამართლოში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.

განაჩენი დ. ქ-ის მიმართ დადგენილია 2007 წლის 16 აპრილს. განაჩენი საპროცესო კანონით დადგენილ 1 (ერთი) თვის ვადაში არც ერთ მხარეს არ გაუსაჩივრებია.

რაც შეეხება დ. ქ-ის მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტს, რომ მან საკასაციო გასაჩივრების ვადა გაუშვა იმის გამო, რომ მან გასაჩივრების ერთთვიანი ვადა, უცოდინარობის გამო, აითვალა არა განაჩენის გამოტანის, არამედ _ მისთვის განაჩენის ასლის ჩაბარების დღიდან, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან აღნიშნულს ვერ ჩათვლის ისეთ საპატიო მიზეზად, რომლის გამოც გასაჩივრების გაცდენილი ვადა უნდა აღდგეს.

საქართველოს სსსკ-ის 523-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის განმხილველმა სასამართლომ შეიძლება, აღადგინოს საპატიო მიზეზით გაცდენილი გასაჩივრების ვადა, მაგრამ სააპელაციო პალატამ სავსებით მართებულად მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენის საპატიო მიზეზი, რასაც ეთანხმება საკასაციო პალატა და თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება არის კანონიერი, დასაბუთებული და იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ დ. ქ-ის კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 30 ივნისის განჩინება, რომლითაც დ. ქ-ს უარი ეთქვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 16 აპრილის განაჩენის საკასაციო გასაჩივრების გაცდენილი ვადის აღდგენაზე, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.