სისხლის სამართლის 31.03.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

33I ქ. თბილისი

31 მარტი, 2008 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, იური ტყეშელშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების ო. ნ-სა და ვ. ი-ის დამცველის, ადვოკატ ნ. ფ-ის კერძო საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 17 ივლისის განჩინებაზე, რომლითაც ო. ნ-სა და ვ. ი-ის ადვოკატს _ ნ. ფ-ს უარი ეთქვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 17 ივლისის განაჩენის საკასაციო გასაჩივრების გაცდენილი ვადის აღდგენაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 30 აპრილის განაჩენით ო. ნ-ი, _ დაბადებული ... წელს, საქართველოს მოქალაქე, უცოლშვილო, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები თბილისში, .....-ში, _ ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის ,,ა”, ,,ვ” ქვეპუნქტებით (2003 წლის 20 ივნისის რედაქცია), საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” და მე-2 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლითა და 109-ე მუხლის ,,ა”, ,,ვ” ქვეპუნქტებით (2003 წლის 20 ივნისის რედაქცია), საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლითა და 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რისთვისაც მას სასჯელის ზომად განესაზრვრა თავისუფლების აღკვეთა 25 (ოცდახუთი) წლის ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

იმავე განაჩენით ვ. ი-ი, _ დაბადებული ..... წელს, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები თბილისში, ........-ში _ ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი, მეორე, მესამე ნაწილებით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის ,,ა”, ,,ვ” ქვეპუნქტებით (2003 წლის 20 ივნისის რედაქცია), საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” და მე-2 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლითა და 109-ე მუხლის ,,ა”, ,,ვ” ქვეპუნქტებითა (2003 წლის 20 ივნისის რედაქცია) და მე-19 მუხლითა და 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” და მე-3 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქებტით (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) გათვალისწინებული მართლსაწიანაღმდეგო ქმედების ჩადენაში, რისთვისაც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 25 (ოცდახუთი) წლის ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

2007 წლის 14 ივნისს მსჯავრდებულების _ ო. ნ-სა და ვ. ი-ის დამცველმა, ადვოკატმა ნ. ფ-მა განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენის თაობაზე. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მას სურდა სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გასაჩივრება სასჯელის ნაწილში, რაც ვერ შეძლო იმ მიზეზით, რომ მსჯავრდებულების პირველი ადვოკატი _ ნ. ი-ი, რომელსაც უნდა გაესაჩივრებინა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 30 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით, დაკავებულ იქნა თაღლითობის ბრალდებით და მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა დაპატიმრება, რის გამოც მსჯავრდებულების ოჯახის წევრებს მოუხდათ ახალი დამცველის _ ნ. ფ-ის დაქირავება. იმის გამო, რომ საქმე არის რთული კატეგორიის და დიდი მოცულობის, მისი გაცნობა, საკასაციო საჩივრის მომზადება და მასზე მსჯავრდებულების ხელმოწერა დარჩენილ ორ დღეში მან ვერ მოახერხა. სწორედ ამიტომ გაუშვა საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა. საჩივრით ადვოკატი ნ. ფ-ი ითხოვდა მითითებული ვადის აღდგენას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 17 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულების _ ო. ნ-სა და ვ. ი-ის დამცველს, ადვოკატ ნ. ფ-ს უარი ეთქვა საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენაზე.

ადვოკატმა ნ. ფ-მა აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. საჩივრით იგი ითხოვს საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენას იმავე მოტივების საფუძველზე, რაც მას მითითებული ჰქონდა სააპელაციო სასამართლოში იმავე საკითხის გამო შეტანილ განცხადებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები და კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი გაშვებული საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 523-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შეტანა მხარეებს შეუძლიათ სააპელაციო სასამართლოში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.

განაჩენი მსჯავრდებულების _ ო. ნ-სა და ვ. ი-ის მიმართ დადგენილია 2007 წლის 30 აპრილს. განაჩენი საპროცესო კანონით დადგენილ 1 (ერთი) თვის ვადაში არც ერთ მხარეს არ გაუსაჩივრებია.

რაც შეეხება საჩივარში მითითებულ არგუმენტს, რომლის მიხედვით, ადვოკატმა საკასაციო გასაჩივრების ვადა გაუშვა იმ მიზეზით, რომ დაცვის შესახებ ორდერი გაფორმდა 2007 წლის 28 მაისს და, შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შეტანისათვის დარჩენილი იყო მხოლოდ ორი დღე, საქმე კი არის რთული კატეგორიის და დიდი მოცულობის, მისი გაცნობა, საკასაციო საჩივრის მომზადება და მასზე მსჯავრდებულების ხელმოწერა დარჩენილ ორ დღეში ვერ მოესწრებოდა, პალატა ვერ გაიზიარებს, მას არ მიიჩნევს საპატიო მიზეზად და, აქედან გამომდინარე, გაშვებული გასაჩივრების ვადის აღდგენის საფუძველად.

საქართველოს სსსკ-ის 523-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის განმხილველმა სასამართლომ შეიძლება, აღადგინოს საპატიო მიზეზით გაცდენილი გასაჩივრების ვადა, მაგრამ სააპელაციო პალატამ სავსებით მართებულად მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენის საპატიო მიზეზი, რასაც ეთანხმება საკასაციო პალატა და თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება არის კანონიერი და იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულების _ ო. ნ-სა და ვ. ი-ის დამცველის, ადვოკატ ნ. ფ-ის კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 30 აპრილის განჩინება, რომლითაც მსჯავრდებულების _ ო. ნ-სა და ვ. ი-ის დამცველს, ადვოკატ ნ. ფ-ს უარი ეთქვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 30 აპრილის განაჩენის საკასაციო გასაჩივრების გაცდენილი ვადის აღდგენაზე, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.