დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
364-აპ 20 აპრილი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მ. ოშხარელი (თავმჯდომარე),ზ. მეიშვილი,დ. სულაქველიძე
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ღ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 19 ივლისის განაჩენზე, რომლითაც გ. გ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მესამე ნაწილის «ა» ქვეპუნქტით და სასჯელად დაენიშნა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
აღწერილობითი ნაწილი:
ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 8 ივნისის განაჩენით გ. გ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მესამე ნაწილის «ა» ქვეპუნქტით იმაში, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა და კულტივირება განსაკუთრებით დიდი ოდენობით.
განაჩენის მიხედვით გ. გ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
2004 წლის მაისში, დღე დაუდგენელია, საჩხერის რაიონის სოფელ --- მცხოვრებმა გ. გ-ემ თავისივე საკარმიდამო ნაკვეთში უკანონოდ დათესა და მოიყვანა 9 ძირი ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე «---», რომელსაც თვითონვე უკეთებდა კულტივირებას. 2004 წლის 9 აგვისტოს პოლიციის მუშაკებმა გ. გ-ის საკარმიდამო ნაკვეთში ჩატარებული ჩხრეკის დროს აღმოაჩინეს და ამოიღეს ზემოხსენებული 9 ძირი ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე «---», რომლის წონამაც, ქიმიური ექსპერტის ცნობით, შეადგინა 3 კგ და 102 გრამი, რაც განსაკუთრებით დიდ ოდენობას წარმოადგენს.
გ. გ-ეს საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მესამე ნაწილის «ა» ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენებით, მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის მოხდა დაეწყო 2004 წლის 19 აგვისტოდან.
ჭიათურის პროკურატურის პროკურორმა რ. გ-მა განაჩენი გაასაჩივრა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში. საჩივრით იგი ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, გ. გ-სათვის სასჯელის გამკაცრებას.
სააპელაციო პალატის 2005 წლის 19 ივლისის განაჩენით საჩივარი დაკმაყოფილდა. რაიონული სასამართლოს განაჩენი შეიცვალა: მსჯავრდებულ გ. გ-ეს განაჩენით დანიშნული სასჯელი გაუმკაცრდა და საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მესამე ნაწილის «ა» ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისათვის დაენიშნა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა სსკ-ის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენების გარეშე. დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებულ გ. გ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. ღ-ლი საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 19 ივლისის განაჩენის გაუქმებასა და ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 8 ივნისის განაჩენის ძალაში დატოვებას.
პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ გ. გ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ღ-მა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება.
პალატის სხდომაზე პროკურორმა რ. ჩ-მა დადგენილი განაჩენი მიიჩნია კანონიერად და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მიიჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებებით, ჩხრეკისა და ამოღების ოქმებით, მოწმეთა ჩვენებებით გ. გ-ის მიერ მასზე ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია, რასაც სადავოდ არც საკასაციო საჩივარი ხდის.
პალატა არ ეთანხმება მსჯავრდებულ გ. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ღ-ის საკასაციო საჩივრის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ გ. გ-ის მიმართ განაჩენის დადგენის დროს, მსჯავრდებულის ქმედების ხასიათისა და პიროვნებიდან გამომდინარე, სრულიად უსაფუძვლოდ არ გამოიყენა სსკ-ის 55-ე მუხლის პირველი ნაწილი. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და იმის გათვალისწინებით, რომ რაიონული სასამართლოს განაჩენში მითითებული შემამსუბუქებელი გარემოებანი არ შეიძლება ჩაითვალოს განსაკუთრებულ შემამსუბუქებელ გარემოებად, გ. გ-ეს სამართლიანად დაუნიშნა სასჯელი სსკ-ის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენების გარეშე. ამდენად, არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის შეცვლისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 19 ივლისის განაჩენი მსჯავრდებულ გ. გ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.