დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 24.05.2006
საქმის ნომერი
2კ-365აპ.-05
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
24.05.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 365-აპ 24 მაისი, 2006 წ.‚ ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),ზ. მეიშვილი,ლ. მურუსიძე

განიხილა მსჯავრდებულ გ. მ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 11 ივლისის განაჩენზე, რომლითაც იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა», „ბ», „გ», „დ» და „ე» ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

აღწერილობითი ნაწილი:

ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2005წ. 4 თებერვლის განაჩენით გ. მ-ძე გამართლდა საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა», „ბ», „გ», „დ», „ე»ქვეპუნტებით, 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით, განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 1 წელი და საბოლოოდ მიესაჯა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 2004წ. 26 თებერვლიდან.

განაჩენის მიხედვით, გ. მ-ეს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ადამიანის სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით და ამგვარის მუქარით, ჯგუფურად, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობის ნივთის დაუფლების მიზნით, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინაააღმდეგო მისაკუთრებისათვის, ასევე _ ხულიგნობა, ე.ი. ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს დაგამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობის მუქრით და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, რაც გამოიხატა შემდეგში:

გ. მ-ძე 1998წ. 7 ივლისს ქურდობისათვის გაასამართლა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ და მიუსაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის მოხდისაგან ვადამდე ადრე განთავისუფლების შემდეგ, 2000წ. 27 ივნისს იგი კვლავ გაასამართლა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ქურდობისა და ძარცვისათვის და მიუსაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

გ. მ-ძე სასჯელს იხდიდა ქ. რუსთავის ¹-- სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც გაიცნო და დაუმეგობრდა ამავე დაწესებულების პატიმარ ბ. ს-ლს. 2003 წელს, სასჯელისაგან ვადამდე განთავისუფლებული გ. მ-ძე არ დაადგა გამოსწორების გზას და კვლავ განიზრახა, არაერთი დანაშაულის ჩადენით მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდა მოქალაქეთა კუთვნილ ქონებას. 2003წ. ივლისში იგი დანაშაულებრივად დაუკავშირდა რუსთავის ¹-- დაწესებულებიდან გაქცეულ პატიმარ ბ. ს-სა და დაუდგენელ 2 პირს, რომლებთან წინასწარი მოლაპარაკებით განიზრახა ყაჩაღური თავდასხმა ტყიბულის რაიონის სოფ. --- მცხოვრები ა. კ-ის ოჯახზე. ამისათვის გ. მ-ძე და მისი თანამზრახველები, შეიარაღებულები ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებითა და გადაჭრილლულიანი სანადირო თოფით, 2003წ. 3 სექტემბერს, თავის საცხოვრებელ სახლში თავს დაესხნენ ა. კ-ეს. თავდამსხმელთა დანახვისთანავე ა. კ-ემ დაიწყო ყვირილი და საშველად უხმო მეზობლებს. ერთ-ერთმა თავდამსხმელმა გახსნა ცეცხლი, რის შედეგადაც დაზიანდა საცხოვრებელი სახლის კედლები, რითიც მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა დაზარალებულს, რის შემდეგადაც ბოროტმოქმედები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

2003წ. 9 სექტემბერს გ. მ-ემ, ბ. ს-მა და დაუდგენელმა ორმა პირმა მოილაპარაკეს, რომ კვლავ ყაჩაღურად თავს დასხმოდნენ ა. კ-ის ოჯახს. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ისინი გაემგზავრნენ სოფ. --- და 10 სექტემბერს, 10 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულები, ნიღბებით შეიჭრნენ ა. კ-ის სახლში. თავდამსხმელები ა. კ-სა და მის ძმას _ ო. კ-ეს ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფის მიყენებით, ცემითა და წამებით სთხოვდნენ ფულსა და სხვა მატერიალურ ქონებას. ა. კ-ის მიერ გაწეული წინააღმდეგობის გამო მათ გაისროლეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან, რის შემდეგ გაიტაცეს 30 ლარად ღირებული ფოტოაპარატი და მიიმალნენ.

იმავე წლის 11 ნოემბერს, დაახლოებით 3 საათზე გ. მ-ძე, ბ. ს-სა და გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით, გადაჭრილი ორლულიანი სანადირო თოფითა და ე.წ. გაზის პისტოლეტით შეიარაღებულნი, ნიღბებით, ყაჩაღურად თავს დაესხნენ ქ. ტყიბულში, --- ქ. ¹10-ში მცხოვრები მ. გ-ის ოჯახს. თავდამსხმელებმა ცეცხლსასროლი იარაღის გასროლით დააზიანეს საცხოვრებელი ბინის შესასვლელი კარი და შეაღწიეს სახლში. მ. გ-სა და მისი ოჯახის წევრთა მიმართ გამოხატული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, იარაღიდან არაერთი გასროლით, მოკვლის მუქარით თავდამსხმელებმა ბინიდან გაიტაცეს 300 ლარი და 1 180 ლარის ღირებულების ნივთები, რითაც დაზარალებულს მიაყენეს მნიშვნელოვანი ზიანი.

2003წ. 19 ნოემბერს, 22 საათზე გ. მ-ძე, ბ. ს-ლი და დაუდგენელი პირი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და გადაჭრილი ორლულიანი სანადირო თოფით შეიარაღებულები, საცხოვრებელი ბინის შესასვლელი კარის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაზიანების შემდეგ, შეიჭრნენ ქ. ტყიბულში, --- ქ. ¹--\--ში მცხოვრები რ. ბ-ის საცხოვრებელ ბინაში. თავდასხმის შედეგად, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და მოკვლის მუქარით, გაიტაცეს 800 ლარი და 2 810 ლარის ღირებულების სხვადასხვა ნივთი, რითიც დაზარალებულ რ. ბ-ეს მიაყენეს მნიშვნელოვანი ზიანი.

იმავე წლის 7 დეკემბერს, ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო მაგისტრალზე გ. მ-ძე და ბ. ს-ლი, დაუდგენელ პირთან ერთად, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და გადაჭრილი ორლულიანი სანადირო თოფით შეიარაღებულნი, თავს დაესხნენ ტყიბულის მიმართულებით მოძრავ „უაზის» მარკის ავტომანქანას, რომელსაც მართავდა მ. ბ-ძე. ავტომანქანაში ასევე იმყოფებოდა მ. გ-ძე. ავტომატიდან გასროლის მიუხედავად, მ. ბ-ძე არ დაემორჩილა თავდამსხმელთა ბრძანებას გაჩერების თაობაზე და განაგრძო გზა რაჭის მიმართულებით. ამის გამო თავდამსხმელებმა ვერ მოახერხეს განზრახვის სისრულეში მოყვანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

2003წ. 22 დეკემბერს გ. მ-ძე ბ. ს-თან ერთად, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულნი, სტუმრად იმყოფებოდნენ ტყიბულის რაიონის სოფ. ---, რ. კ-ის საცხოვრებელ ბინაში, სადაც მიიღეს ალკოჰოლური სასმელი. გარკვეული დროის შემდეგ ოჯახში მყოფ პირებს _ რ., მ. და გ. კ-ებსა და ლ. ა-ეს დაუწყეს ჩხუბი, მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, გამოხატავდნენ აშკარა უპატივცემულობას საზოგადოებისადმი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან არაერთი გასროლით დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, რის შემდეგაც დატოვეს შემთხვევის ადგილი და მიიმალნენ.

2004წ. 11 თებერვალს გ. მ-ემ და ბ. ს-მა, ორ თანამზრახველთან ერთად განიზრახეს, ყაჩაღურად თავს დასხმოდნენ ა. დ-ის ოჯახს. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად იმავე დღეს, დაახლოებით 24 საათზე ისინი, ავტომატებითა და გადაჭრილი თოფით შეიარაღებულნი, სახეზე ნიღაბაფარებულები, მივიდნენ ქ. ქუთაისში, --- ქ. ¹95-ში მდებარე ა. დ-ის საცხოვრებელ სახლთან. Uგ. მ-ემ იცოდა, რომ სახლს იცავდა ა. დ-ის კავკასიური ნაგაზი, რომელსაც, შესაძლებელია, ხელი შეეშალა თავდამსხმელებისათვის, ამიტომ ბოროტმოქმედებმა მოახერხეს საწამლავგარეული პურის საშუალებით ძაღლის მოწამვლა, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია, რითიც ა. დ-ეს მიაყენეს 350 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი. ამის შემდეგ გ. მ-ძე და მისი თანამზრახველები ყაჩაღურად თავს დაესხნენ ოჯახში მყოფ ა. დ-ეს, დედამისს _ თ. დ-სა და შვილს _ ნ. დ-ეს. სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთის მუქარით გაიტაცეს 200 ლარად ღირებული, ა. დ-ის კუთვნილი შავი ტყავის ქურთუკი, 320 ლარად ღირებული, Yნ. დ-ის მუქი ყავისფერი ქურთუკი, რომელშიც იდო 15 ლარად ღირებული ტყავის საფულე და ნ. დ-ის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რთაც დაზარალებულებს მიაყენეს მნიშვნელოვანი ზიანი. ამის შემდეგ გ. მ-ემ და მისმა თანამზრახველებმა განიზრახეს, გაეტაცათ ა. დ-ის კუთვნილი „ვაზ-2107» მარკის ავტომანქანა, მაგრამ განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლეს მათგან დამოუკიდებელი იმ მიზეზის გამო, რომ ისინი შეამჩნიეს გარეშე პირებმა, რის გამოც სწრაფად მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან.

2004წ. 26 თებერვალს გ. მ-ძე დააკავეს ქ. ქუთაისის შს სამმართველოს თანამშრომლებმა, რა დროსაც მან აღიარა ჩადენილი დანაშაულები.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. მ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. კ-ამ და მოითხოვა მისი დაცვის ქვეშ მყოფის გამართლება. საქმის სააპელაციო წესით განხილვისას მსჯავრდებულმა და მისმა ადვოკატებმა დააზუსტეს საჩივრის მოთხოვნა, იშუამდგომლეს გ. მ-ის სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ ბრალდებაში გამართლება, ხოლო ამავე კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა», «ბ», «გ», «დ» და «ე» ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის კანონით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმის დანიშვნა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 11 ივლისის განაჩენით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ტყიბულის რაიონული სასამართლოს 2005წ. 4 თებერვლის განაჩენი შეიცვალა: მსჯავრდებული გ. მ-ძე საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა; განაჩენის სარეზოლუციო ნაწილიდან ამოირიცხა მითითება სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნულ სასჯელზე; განაჩენის სამოტივაციო ნაწილიდან ამოირიცხა მითითება საშიშ რეციდივზე; გ. მ-ეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა», «ბ», «გ», «დ» და «ე» ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 2 წლითა და 6 თვით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლისა და 6 თვის ვადით, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 6 თვე და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. სხვა ნაწილში რაიონული სასამართლოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული გ. მ-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვს მისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას იმ მოტივით, რომ გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ჰყავს ავადმყოფი დედა და არასრულწლოვანი ძმა, რომლებიც არიან დაუსაქმებლები, შეგნებული აქვს ჩადენილი დანაშაული, სურს, გამოისყიდოს იგი შრომით და ღირსეულ წევრად დაუბრუნდეს საზოგადოებას.

საკასაციო პალატის სხდომაზე ადვოკატმა გ. კ-ამ მხარი დაუჭირა მისი დაცვის ქვეშ მყოფის საჩივარს და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება იმ მოტივით, რომ გ. მ-ძე აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და დაადგა გამოსწორების გზას. ამასთან, სასჯელის მოხდისას დაქორწინდა და ჰყავს მეუღლე.

ადვოკატ გ. კ-ას მოთხოვნას მხარი დაუჭირა მსჯავრდებულმა გ. მ-ემ.

სახელმწიფო ბრალმდებელმა რ. ჩ-მა საჩივარს მხარი არ დაუჭირა და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება იმ მოტივით, რომ, მსჯავრდებულის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილ დანაშაულთა სიმძიმის გათვალისწინებით, გ. მ-სათვის დანიშნული სასჯელი არ შეიძლება ჩაითვალოს მეტისმეტად მკაცრად.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა, ასევე მხარეთა მოტივები და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 565-ე მუხლის შესაბამისად, ქმედების სიმძიმის და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება სასჯელი, რომელიც თავისი სახით და ზომით, მეტისმეტი სიმკაცრის გამო, აშკარად უსამართლოა. სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, მათ შორის _ ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, წარსულ ცხოვრებას.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ გ. მ-ძე 1998 წელს ქურდობისათვის გაასამართლა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ და მიუსაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის მოხდისაგან იგი პირობით ვადამდე განთავისუფლდა, მაგრამ კვლავ ჩაიდინა ქურდობა და ძარცვა, რისთვისაც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 23 ივნისის განაჩენით მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 20 ივნისის დადგენილებით გ. მ-ძე სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლდა. ამის მიუხედავად, მსჯავრდებული არ გამოსწორდა და ჩაიდინა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული არაერთი მძიმე ქმედება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გ. მეხორაძის მიმართ სასჯელი განსაზღვრულია საქართველოს სსკ-ის მე-60 მუხლის საფუძველზე _ განაჩენთა ერთობლიობით. ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებათა საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხისა და თვით მსჯავრდებულის მახასიათებელი მონაცემების, ასევე _ სასჯელის მიზნების გათვალისწინებით, სასამართლომ გ. მ-ეს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი ღონისძიება, რომლის უფრო მეტად შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს.

ამრიგად, საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმეში არსებული მასალები სააპელაციო პალატამ სათანადოდ გამოიკვლია და სწორად შეაფასა, სისხლის სამართლის საპროცესო კანონი არსებითად არ დარღვეულა, მსჯავრდებულის ქმედება სწორადაა დაკვალიფიცირებული, განაჩენი კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია, მისი შეცვლის საფუძველი არ მოიპოვება და უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ გ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 11 ივლისის განაჩენი გ. მ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.