დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
399-აპ 27 ივნისი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ი. ტყეშელაშვილი,ლ. მურუსიძე
განიხილა მსჯავრდებულების _ ზ. ფ-ის, დ. ა-სა და ვ. ჩ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 30 ივნისის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 18 იანვრის განაჩენით ზ. ფ-ნი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
ამავე განაჩენით ვ. ჩ-ძე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ პუნქტის საფუძველზე და სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
ამავე განაჩენით დ. ა-ვი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ პუნქტის საფუძველზე და სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
ამასთან, ზ. ფ-ნს, ვ. ჩ-სა და დ. ა-ვს სოლიდარულად დაეკისრათ დაზარალებულისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის _ 3804 ლარის გადახდა.
განაჩენით, ზ. ფ-ნს, დ. ა-სა და ვ. ჩ-ეს მსჯავრი დაედოთ იმაში, რომ 2004 წლის 10 მაისს, საღამოს საათებში, განიზრახეს ყაჩაღური თავდასხმის გზით დაუფლებოდნენ სხვის მოძრავ ნივთს. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით მათ იმავე დღეს, 22 სთ-სა და 30 წუთზე, --- გამზირზე გააჩერეს კერძო ტაქსი „ოპელ ომეგა“,რომელსაც მართავდა ნ. ქ-ლი. დ. ა-ვი დაჯდა მძღოლის გვერდით, ხოლო ზ. ფ-ნი და ვ. ჩ-ძე _ ავტომანქანის უკანა სავარძელზე და მძღოლს მოსთხოვეს ---ის ქუჩაზე წაყვანა. აღნიშნულ ქუჩაზე მისვლის შემდეგ, --- აკადემიასთან, დ. ა-მა ავტომანქანის მძღოლს _ დ. ქ-ლს კისრის არეში დანა მიაბჯინა, ხოლო ზ. ფ-მა ჩ-სთან ერთად გააკავა იგი და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით გასტაცეს ფულადი თანხა _ 4 ლარი, რის შემდეგაც დ. ქ-ლი მოკვლის მუქარით აიძულეს, გადასულიყო ავტომანქანიდან. დ. ა-ვი დაჯდა საჭესთან და სამივე ერთად გაემართა მტკვრის მარცხენა სანაპიროსკენ, რა დროსაც აპრიამოვმა გადააჭარბა სიჩქარეს, ვერ დაიმორჩილა საჭე და შეეჯახა ჯებირს.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 18 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულებმა _ ვ. ჩ-ემ, დ. ა-მა და ზ. ფ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ჩ-მა.
ვ. ჩ-ძე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გამართლებას წარდგენილ ბრალდებაში იმ მოტივით, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია. აპელანტის განმარტებით, საქმეში არ მოიპოვება და არც შეიძლება მოიპოვებოდეს ისეთი მტკიცებულება, რითაც დადასტურდებოდა მის მიერ დანაშაულის ჩადენა. მსჯავრდებულმა ვ. ჩ-ემ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეცვალა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, აღიარა ჩადენილი დანაშაული და ითხოვა სასჯელის შემსუბუქება.
დ. ა-ვი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა სასჯელის შემსუბუქებას იმ მოტივით, რომ ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, ავადმყოფი, პენსიონერი დედა, გაქარწყლებული აქვს ნასამართლობა, არის ინვალიდი, აღიარებს და ინ.ებს ჩანადენს.
ზ. ფ-ის ადვოკატი ი. ჩ-ლი სააპელაციო საჩივარით ითხოვდა ზ. ფ-სათვის სასჯელის შემსუბუქებას იმ მოტივით, რომ ამ უკანასკნელს არ ახსოვს, რა ჩაიდინა სიმთვრალეში, ამასთან, ავარიის შედეგად მიიღო მრავლობითი დაზიანებები თავის არეში. აპელანტის განმარტებით, ზ. ფ-ნს შეეფარდა ზედმეტად მკაცრი სასჯელი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 30 ივნისის განაჩენით სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები დაკმაყოფილდა. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 18 იანვრის განაჩენში, საქართველოს სსსკ-ის 473-ე მუხლის მეხუთე ნაწილისა და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, შევიდა ცვლილება სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულების სასიკეთოდ, კერძოდ:
ზ. ფ-ნს რაიონული სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მესამედით და სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა 5 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
ვ. ჩ-ეს რაიონული სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მესამედით და სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
დ. ა-ვს რაიონული სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მესამედით და სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
განაჩენი დანარჩენ ნაწილში ზ. ფ-ის, ვ. ჩ-სა და დ. ა-ის მიმართ დარჩა უცვლელად.
აღნიშნული განაჩენი მსჯავრდებულებმა _ ვ. ჩ-ემ, დ. ფ-მა და მსჯავრდებულ დ. ა-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ჩ-მა გაასაჩივრეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.
მსჯავრდებულების: ზ. ფ-ნი, ვ. ჩ-ძე და მსჯავრდებულ დ. ა-ის დამცველი, ადვოკატი ი. ჩ-ლი თავისი საკასაციო საჩივრებით
ითხოვენ სასჯელის შემსუბუქებას იმავე მოტივებით, რაც მათ მითითებული ჰქონდათ სააპელაციო საჩივარში.
საკასაციო პალატის სხდომაზე განხილვისას მსჯავრდებულ ზ. ფ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ქ. გ-ემ მხარი დაუჭირა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება.
მსჯავრდებულმა ვ. ჩ-ემ მხარი დაუჭირა თავის საჩივარს და ითხოვა მის მიმართ შეფარდებული სასჯელის შემსუბუქება.
სხდომაზე გამოქვეყნდა მსჯავრდებულ დ. ა-ის საკასაციო საჩივრის შინაარსი, კასატორი ითხოვს შასჯელის შემსუბუქებას.
დაზარალებული ნ. ქ-ლი არ დაეთანხმა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების მოთხოვნებს და იშუამდგომლა მსჯავრდებულთა მიმართ გამოტანილი განაჩენის უცვლელად დატოვება.
პროცესში მონაწილე პროკურორმა რ. ს-მა მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივრების მოთხოვნას და იშუამდგომლა მსჯავრდებულების _ ზ. ფ-ის, დ. ა-სა და ვ. ჩ-ის მიმართ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 30 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო გამოკვლევა ჩატარებულია სრულყოფილად და საპროცესო კანონმდებლობის დაცვით. განაჩენით მსჯავრდებულებისათვის შერაცხული ბრალდება არავითარ ეჭვს არ იწვევს. მათ ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება და ამას სადავოდ არც საკასაციო საჩივრების ავტორები ხდიან.
რაც შეეხება პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ იმ გარემოებებს, რომლებზეც საკასაციო საჩივრებში არის მითითებული, ისინი მთლიანად გაითვალისწინა განაჩენის გამომტანმა სასამართლომ და მსჯავრდებულებს - ზ. ფ-ნს, ვ. ჩ-ეს და დ. ა-ვს განუსაზღვრა კანონის სანქციით გათვალისწინებული ღონისძიების მინიმუმთან მიახლოებული სასჯელი, რომლის შეცვლის კანონიერი საფუძველი პალატას არ გააჩნია.
სააპელაციო პალატამ გაითვალისწინა რა მსჯავრდებულების პიროვნება, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ხასიათი, მსჯავრდებულებს სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც არ არის ზედმეტად მკაცრი და აშკარად უსამართლო.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 30 ივნისის განაჩენი მსჯავრდებულების _ ზ. ფ-ის, ვ. ჩ-სა და დ. ა-ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულების _ ზ. ფ-ის, დ. ა-სა და ვ. ჩ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 30 ივნისის განაჩენი მსჯავრდებულების _ ზ. ფ-ის, დ. ა-სა და ვ. ჩ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.