დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 30.05.2006
საქმის ნომერი
2კ-454აპ.-05
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.05.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 454-აპ 30 მაისი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ი. ტყეშელაშვილი,მ. ოშხარელი

განიხილა მსჯავრდებულ ჯ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 21 ივნისის განაჩენზე, რომლითაც ჯ. მ-ნი ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 20 დეკემბრის განაჩენით ჯ. მ-ნი მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული ისეთი დანაშაულისათვის, როგორიცაა ხულიგნობა, ჩადენილი ძალადობის მუქარით და დანის გამოყენებით, რის გამოც სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

განაჩენის მიხედვით, მსჯავრდებულ ჯ. მ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

იმყოფებოდა რა არაფხიზელ მდგომარეობაში, 2004 წლის 3 ოქტომბერს, დაახლოებით 23.30 საათზე, თავისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში, მდებარე ქ. თბილისში, --- 325-ში, უმიზეზოდ დაუწყო ლანძღვა-გინება ამავე მისამართზე მცხოვრებ თ. ყ-ლს და მისი ოჯახის წევრებს. ხმაურზე შეგროვდნენ მეზობლები, რომლებიც აღშფოთებულნი იყვნენ ჯ. მ-ის ქცევით და მოუწოდებდნენ მას, შეეწყვიტა ხულიგნური მოქმედება. ჯ. მ-მა ყურად არ იღო შემთხვევის ადგილზე შეკრებილი საზოგადოების მოთხოვნა, პირიქით, მოიმარჯვა თანნაქონი ჯიბის დანა, რომლითაც ემუქრებოდა მათ. დანის დანახვით შეშინებულმა დაზარალებულმა თ. ყ-მა და მისმა ოჯახის წევრებმა სასწრაფოდ დატოვეს ეზო, შეცვივდნენ სახლში და ჩაკეტეს ბინაში შესასვლელი კარი. მას შემდეგ, რაც ჯ. მ-მა შეამტვრია თ. ყ-ის ბინში შესასვლელი კარის მინები, მომხდარის შესახებ დაზარალებულმა ტელეფონით შეატყობინა პოლიციას. შემთხვევის ადგილზე გამოცხადებულმა საპატრულო პოლიციის მუშაკებმა მ-ნს მოუწოდეს შეეწყვიტა ხულიგნობა, რასაც იგი არ დაემორჩილა და საბოლოოდ, იძულებით წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში.

აღნიშნული განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ჯ. მ-მა სააპელაციო საჩივრით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატას და ითხოვა შერაცხულ ბრალდებაში გამართლება, ვინაიდან თვლიდა, რომ დანაშაული არ ჩაუდენია. სააპელაციო სასამართლომ 2005 წლის 21 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ ჯ. მ-ს საჩივარი არ დააკმაყოფილა და თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 20 დეკემბრის განაჩენი მის მიმართ დატოვა უცვლელად.

მსჯავრდებულ ჯ. მ-ის დამცველმა, ადვოკატმა თ. მ-მა სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც ითხოვს, რომ ჯ. მ-ნს მოეხსნას საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილი ბრალდება, მის მიერ ჩადენილი ქმედება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით, ხოლო სასჯელის სახით შეეფარდოს პირობითი მსჯავრი.

საკასაციო პალატის სხდომაზე განხილვისას მსჯავრდებულმა ჯ. მ-მა და მისმა დამცველმა, ადვოკატმა მ. ყ-მა მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს. მათ მიუთითეს არსებულ შემამსუბუქებელ გარემოებებზე, რის საფუძველზეც ითხოვეს პირობითი მსჯავრის დანიშვნა.

პროცესში მონაწილე პროკურორმა რ. ს-მა მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს, ვინაიდან მიაჩნია უსაფუძვლოდ. მან ყურადღება გაამახვილა დამამძიმებელ გარემოებებზე, რომ მსჯავრდებულმა ქმედება ჩაიდინა მთვრალ მდგომარეობაში, ხოლო წარსულში ნასამართლევია არაერთგზის. მას სასამართლომ დაუნიშნა მსუბუქი სასჯელი, მაშინ, როდესაც ჩადენილი აქვს განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, ამასთან, აღნიშნული სასჯელის შემსუბუქებისათვის კანონიერი საფუძველი არ მოიპოვება. პროკურორმა რ. ს-მა ითხოვა, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 21 ივნისის განაჩენი მსჯავრდებულ ჯ. მ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ ჯ. მ-ის მიმართ, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში არსებული მასალებით, კერძოდ, წინასწარი და სასამართლო გამოძიებით მოპოვებული უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით უდავოდ არის დადასტურებული, რომ ჯ. მ-მა ნამდვილად ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რის გამოც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორი მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციის შეცვლის თაობაზე. რაც შეეხება სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის ზომას, იგი სავსებით შეესაბამება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ინდივიდუალიზაციის, დანაშაულისა და სასჯელის თანაზომობის, ასევე, სამართლიანობის პრინციპებს. სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ, სრულიად მართებულად, მხედველობაში მიიღო პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელი, ისე _ დამამძიმებელი გარემოებები, ხოლო დანიშნული სასჯელის შემსუბუქების კანონიერი საფუძველი არ მოიპოვება.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 21 ივნისის განაჩენი მსჯავრდებულ ჯ. მ-ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ჯ. მ-ის დამცველის, ადვოკატ თ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 21 ივნისის განაჩენი მსჯავრდებულ ჯ. მ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.