დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
625-აპ 5 ივნისი, 2006 წ.‚ ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლ. მურუსიძე (თავმჯდომარე),ი. ტყეშელაშვილი,მ. ოშხარელი
განიხილა ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 24 ოქტომბრის განაჩენზე, რომლითაც დ. დ-ლი ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის «ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში.
აღწერილობითი ნაწილი:
კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 27 იანვრის განაჩენით დ. დ-ლს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. იგი სასჯელს იხდის 2004 წლის 31 ივლისიდან.
განაჩენით დ. დ-ლს მსჯავრი დაედო დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2004 წლის 31 ივლისს დ. დ-მა ქ. თბილისში, --- გზატკეცილზე, შპს «---ს» მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - «---», რომელიც მოათავსა წინასწარ გამზადებულ, შავი ფერის პოლიეთილენის პარკში, უკანონოდ შეინახა და გადმოზიდა --- გზატკეცილზე, რა დროსაც დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებმაც პირადი ჩხრეკისას დ. დ-ლს ამოუღეს 923 გრამი «---».
ზემოაღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა დ. დ-მა, რომელმაც ითხოვა განაჩენის გაუქმება და პირობითი მსჯავრის შეფარდება და მთაწმინდა-კრწანისის რაიონული პროკურორის თანაშემწე გ. შ-ამ, რომელმაც მოითხოვა განაჩენის გაუქმება ლმობიერების მოტივით და საქმის დაბრუნება სასამართლოში ხელახლა განსახილველად სასჯელის გამკაცრების მიზნით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 27 იანვრის განაჩენში შევიდა ცვლილება იმ მიმართებით, რომ საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით დ. დ-ლს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მთაწმინდა-კრწანისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ. მ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის დაბრუნებას სასამართლოში ხელახლა განსახილველად მისი გამკაცრების მიზნით.
მსჯავრდებული დ. დ-ლი შესაგებლით არ ეთანხმება პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს დადგენილი განაჩენის უცვლელად დატოვებას.
საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა დ. დ-მა აღიარა, მოინანია ჩადენილი დანაშაული და ითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება.
სახელმწიფო ბრალმდებელმა რ. ს-მა მხარი დაუჭირა პროკურორ გ. მ-ის საკასაციო საჩივრს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია და თვლის, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უსაფუძვლობის გამო:
პალატა არ ეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებელ გ. მ-ის მოთხოვნას განაჩენის გაუქმებისა და საქმის დაბრუნების შესახებ ხელახლა განსახილველად მისი გამკაცრების მიზნით, უსაფუძვლობის გამო, რადგან პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ, გაითვალისწინა რა მსჯავრდებულის პიროვნება, ის, რომ იგი ნაწილობრივ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ხასიათდება დადებითად, არის 21 წლის ახალგაზრდა, რომელიც ახლა იწყებს დამოუკიდებელ ცხოვრებას, არ არის დაავადებული ნარკომანიით და არ საჭიროებს იძულებით მკურნალობას, შესაძლებლად ჩათვალა დ. დ-ის მიმართ 55-ე მუხლის გამოყენება და აღნიშნავს, რომ არ არსებობს დ. დ-სათვის სასჯელის დამძიმების კანონიერი საფუძველი.
პალატა თვლის, რომ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, ჩხრეკისა და ამოღების ოქმებით, ქიმიური და ნარკოლოგიური ექსპერტიზების დასკვნებით, ჩხრეკის დამსწრე ა. ლ-ის ჩვენებით დ. დ-ის მიერ მასზე ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია და მას სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული.
პალატის აზრით, სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ დ. დ-ლს სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმესა და პიროვნებას და რაც, მეტისმეტი სიმსუბუქის გამო, არ არის აშკარად უსამართლო.
ამასთან, საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რომელიც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.
ამდენად, პალატა თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 24 ოქტომბრის განაჩენი დ. დ-ის მიმართ კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მთაწმინდა-კრწანისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 24 ოქტომბრის განაჩენი დ. დ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.