დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 546-აპ 25 ოქტომბერი, 2006 წ.’ ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),ზ. მეიშვილი,ლ. მურუსიძე
განიხილა მსჯავრდებულ გ.ი-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. Oო-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 14 ივნისის განაჩენზე, რომლითაც გ. ი. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-19,184-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა» ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
აღწერილობითი ნაწილი:
ქარელის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 1 მაისის განაჩენით გ. ი. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-19,184-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა» ქვეპუნქტით იმაში, რომ ჩაიდინა ავტომობილის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მცდელობა დროებითი გამოყენების მიზნით, ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:
2005 წლის 21 ნოემბერს, დაახლოებით 17.30 საათზე, გ. ი. დაუდგენელ პირთან ერთად იმყოფებოდა ქ. ქარელში, რა დროსაც დაინახეს ... მცხოვრები დ. Gგ-ის საცხოვრებელი ბინის ეზოს წინ გაჩერებული, ამ უკანასკნელის კუთვნილი, ლურჯი „ვაზ-2106» მარკის ავტომანქანა. მათ განიზრახეს, მართლსაწინააღმდეგოდ, დროებითი გამოყენების მიზნით დაუფლებოდნენ დ. Gგ-ის ავტომანქანას. ამისათვის გ. ი. დაჯდა ავტომობილის საჭესთან, მასთან ერთად მყოფი პირიც ჩაჯდა ავტომანქანაში და შეეცადნენ, დაუფლებოდნენ ავტომანქანას. ეს განზრახვა ვერ მოიყვანეს სისრულეში მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვინაიდან მათი ქმედება დაინახეს დ. და თ. Gგ-ებმა. ბოროტმოქმედები შეეცადნენ შემთხვევის ადგილიდან მიმალვას, მაგრამ გ. ი. დააკავა დ. Gგ-მა, ხოლო დაუდგენელმა პირმა შეძლო მიმალვა.
აღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის გ. ი-ს მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 2005 წლის 21 ნოემბრიდან.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულის ადვოკატებმა _ გ. ო-მა და ზ. შ-ემ. მათ ითხოვეს გ. ი-ის გამართლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 14 ივნისის განაჩენით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ამასთან, გასაჩივრებული განაჩენი შეიცვალა: გ. ი-ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 6 თვით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 6 თვის ვადით. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
კასატორი _ მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. ო. საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა და უნდა გაუქმდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და დამსწრე ი. Nნ-ის ჩვენება ცნობილ უნდა იქნეს დაუშვებელ მტკიცებულებად; გამოძიებას რატომღაც დაავიწყდა მანქანიდან ანაბეჭდების აღება და შედარება გ. ი-ის თითის ანაბეჭდებთან; მოწმეების _ ი. Nნ-ის, ლ. Mმ-ის, ც. Bბ-ის, ს. ღ-ის, დაზარალებულ დ. Gგ-ის ჩვენებებში არსადაა მითითებული, რომ გ. ი. იტაცებდა ავტომანქანას;მიუხედავად დაცვის მხარის არაერთი მოთხოვნისა, ვერ წარმოადგინეს ავტომანქანის ტექპასპორტი, რომელშიც მითითებული იქნებოდა ავტომანქანის მფლობელის ვინაობა, ამიტომ დ. Gგ-ის დაზარალებულად ცნობის დადგენილება უნდა გაუქმდეს; გ. ი-ს მიაყენეს სხეულის დაზიანებები და ეს ფაქტი პოლიციას რომ დაემალა, მსჯავრდებულს დააბრალეს დანაშაულის ჩადენა; შემთხვევის ადგილის დათვალიერება მოხდა შემთხვევის მეორე დღეს, თუმცა ოქმი წინა დღის რიცხვით გაფორმდა; არც თავად მსჯავრდებულის ჩვენებით და არც საქმეში არსებული მასალებით დგინდება გ. ი-ის განზრახვა, დროებით დაუფლებოდა სხვის ავტომანქანას.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ადვოკატი გ. ო. ითხოვს მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას.
საკასაციო პალატის სხდომაზე ადვოკატმა გ. ო-მა მხარი დაუჭირა თავის საჩივარს და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება იმ მოტივით, რომ გ. ი-ს დანაშაული არ ჩაუდენია.
სახელმწიფო ბრალმდებელმა გ. ქ-მა საჩივარს მხარი არ დაუჭირა და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის, როგორც კანონიერის, დასაბუთებულისა და სამართლიანის, უცვლელად დატოვება იმ მოტივით, რომ საქმეში არსებული მასალებით უტყუარადაა დადასტურებული გ. ი-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა მოსაზრება, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა არ იზიარებს საჩივრის მოტივებს იმის შესახებ, რომ გ. ი-ს დანაშაული არ ჩაუდენია, კერძოდ:
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე თ. Gგ-მა დაადასტურა მის მიერ წინასწარი გამოძიებისას მიცემული ჩვენების სისწორე და განმარტა, რომ 2005 წლის 21 ნოემბერს, საღამოს, თავისი ავტომანქანით სახლში დაბრუნდა თავისი შვილი _ დ.ი. თ. Gგ. გარეთ გავიდა და დაინახა, რომ მისი შვილის ავტომანქანასთან უცნობი პირი იმყოფებოდა, რომელსაც შავი ქურთუკი ეცვა. მას ყურადღება არ მიაქცია და თავის შვილს გასძახა, რა დროსაც ავტომანქანიდან მეორე პირი, როგორც შემდეგ გაირკვა, გ. ი. გადავიდა. ეს უკანასკნელი და მისი თანმხლები წავიდნენ და მსვლელობისას ერთ-ერთმა უკან მოიხედა. თ. Gგ-მა შეიხედა ავტომანქანის სალონში და დაინახა, რომ ძრავის ასამუშავებელი საკეტი დაზიანებული იყო, რის შემდეგ დაუძახა თავის შვილს და მან დააკავა გ. ი. ეს უკანასკნელი თ. Gგ-მა ამოიცნო წინასწარი გამოძიებისას.
ანალოგიური ჩვენება მისცა ამავე სასამართლოში დაზარალებულმა დ. Gგ-მა.
უსაფუძვლოა კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ უნდა გაუქმდეს დადგენილება დ. Gგ-ის დაზარალებულებულად ცნობის შესახებ, რადგან ვერ იქნა წარმოდგენილი ავტომანქანის ტექპასპორტი. ამასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ იმსჯელა და განაჩენში სწორად აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ამასთან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 68-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, დაზარალებულია სახელმწიფო, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც მორალური, ფიზიკური თუ ქონებრივი ზიანი მიადგა უშუალოდ დანაშაულის ან მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად. პირის დაზარალებულად ცნობისათვის არ არის აუცილებელი, რომ იგი იყოს ნივთის მესაკუთრე. საკმარისია, დაზარალებული მართლზომიერად ფლობდეს ნივთს.
ასევე უსაფუძვლოა საჩივრის მოტივი, თითქოს გ. ი-ს დანაშაულის ჩადენა დააბრალეს, რათა პოლიციელებს დაეფარათ თავიანთი უკანონო ქმედებები, რადგან საქმეში არსებული, ზემოაღნიშნული და სხვა მასალებით, მათი ურთიერთშეჯერებითა და გაანალიზებით სააპელაციო პალატამ სწორად მიიჩნია დადგენილად, რომ გ. ი-მა, მისაკუთრების მიზნის გარეშე, ჯგუფურად ჩაიდინა ავტომობილის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მცდელობა. მსჯავრდებულის ქმედება სწორადაა დაკვალიფიცირებული, ხოლო სისხლის სამართლის საპროცესო კანონი არ დარღვეულა. გ. ი-ს დაენიშნა მისი პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების სიმძიმის შესაბამისი სასჯელი. ამდენად, გასაჩივრებული განაჩენის გაუქმების საფუძველი არ არსებობს და უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. ი-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ო-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 14 ივნისის განაჩენი გ. ი-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.