შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 17.10.2006
საქმის ნომერი
2კ-729აპ.-06
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
17.10.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 729-აპ 17 ოქტომბერი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მ. ოშხარელი (თავმჯდომარე),ზ. მეიშვილი,დ. სულაქველიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. მ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006წ. 7 ივნისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ხობის რაიონული სასამართლოს 2006წ. 13 აპრილის განაჩენით მსჯავრდებული გ. მ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებითი სასჯელის სახით შეეფარდა ჯარიმა 720 ლარის ოდენობით.

განაჩენის მიხედვით, გ. მ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

2006წ. იანვარში გ. მ-ემ, ყოფილი რუსული სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე ჯართის შესაგროვებლად მისულმა, შენობის ნანგრევებში იპოვა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისათვის განკუთვნილი 1 ცალი საბრძოლო ვაზნა, რაც წამოიღო და მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა თავის საცხოვრებელ სახლში. აღნიშნული საბრძოლო მასალა 2006წ. 29 იანვარს ამოიღეს პოლიციის თანამშრომლებმა მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას.

აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006წ. 7 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული გ. მ-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის შემსუბუქებასა და დამატებითი სასჯელისაგან გათავისუფლებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებებით გ. მ-ის მიერ მასზე ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია, რასაც სადავოდ არც საკასაციო საჩივარი ხდის.

რაც შეეხება მსჯავრდებულ გ. მ-ის საკასაციო საჩივრის მოსაზრებას, რომ მის მიმართ შეფარდებული ძირითადი სასჯელი არის მკაცრი და შესაძლებელია მისი შემსუბუქება, პალატა არ ეთანხმება და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მისი პიროვნების მახასიათებელი მონაცემების გათვალისწინებით, გ. მ-ეს დაუნიშნა ისეთი სასჯელი, რომლის შეცვლისა და ამ მიმართებით საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის პიროვნების (იგი პირველადაა სამართალში, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს), მისი ოჯახის უკიდურესი ეკონომიკური სიდუხჭირისა და იმის გათვალისწინებით, რომ მან ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, მიზანშეწონილია, გ. მ-ეს მოეხსნას ჯარიმის სახით დანიშნული დამატებითი სასჯელი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006წ. 7 ივნისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

მსჯავრდებულ გ. მ-ეს მოეხსნას ჯარიმის სახით დანიშნული დამატებითი სასჯელი.

სხვა ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.