დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
504-დად 23 იანვარი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე),ი. ტყეშელაშვილი,თ. თოდრია
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. მ-ის კერძო საკასაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 3 ნოემბრის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ქ. რუსთავის ¹-- სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის წარდგინება მსჯავრდებულ ნ. მ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ.
თბილისის ისნის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 28 ივლისის განაჩენით ნ. მ-ვი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 17,105-ე მუხლით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით. სასჯელის მოხდა დაეწყო 1998 წლის 28 აპრილიდან.
2005 წლის 31 ოქტომბერს სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის ¹-- დაწესებულების ---მა წარდგინებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და იშუამდგომლა მსჯავრდებულ ნ. მ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლება იმ მოტივით, რომ მან მოიხადა სასჯელის 3/4, წახალისებულია 2-ჯერ, ხასიათდება დადებითად, კავშირი აქვს გამოსწორების გზაზე დამდგარ მსჯავრდებულებთან.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 3 ნოემბრის დადგენილებით წარდგინება არ დაკმაყოფილდა.
მსჯავრდებული ნ. მ-ვი საქართველოს სსსკ-ის 553-ე და 623-ე მუხლების შესაბამისად, კერძო საკასაციო საჩივრით მოითხოვს დადგენილების, როგორც უკანონოს, გაუქმებას და სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებას იმ მოტივით, რომ მოიხადა სასჯელის 3/4, წახალისებულია, ხასიათდება დადებითად, იცავს სარეჟიმო მოთხოვნებს.
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: მართალია, მსჯავრდებულ ნ. მ-ვს, საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის მე-3 ნაწილის «გ» ქვეპუნქტის შესაბამისად, მოხდილი აქვს დანიშნული სასჯელის 3/4, რაც ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გასანთავისუფლებლად, მაგრამ აღნიშნული გარემოება ყოველთვის არ იძლევა მსჯავრდებულის პირობით ვადამდე განთავისუფლების საფუძველს. მოსამართლე, კანონის თანახმად, მოცემულ საკითხს დადებითად წყვეტს, თუ მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა. მსჯავრდებული ნ. მ-ვი სასჯელს იხდის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის _ დამამძიმებელი გარემოებების გარეშე განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენისათვის, დარჩენილია მოსახდელად დანიშნული სასჯელის მნიშვნელოვანი ნაწილი, ხოლო მისი წარსული ხასიათდება უარყოფითად, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მოხდილი სასჯელის ზომა არ არის საკმარისი სასჯელის მიზნის მისაღწევად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მსჯავრდებულ ნ. მ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებას მიზანშეუწონლად თვლის და მიაჩნია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 3 ნოემბრის დადგენილება უნდა დარჩეს უცვლელად.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 552-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ნ. მ-ის კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 3 ნოემბრის დადგენილება მსჯავრდებულ ნ. მ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.