განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად

სისხლის სამართლის 23.06.2006
საქმის ნომერი
520-დად
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
23.06.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

520-დად 23 იანვარი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე,თ. თოდრია

განიხილა მსჯავრდებულ ა. ღ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. პ-ის კერძო საკასაციო საჩივარი მცხეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 30 სექტემბრის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ¹-- დაწესებულების დირექტორის წარდგინება სასჯელის მოხდისაგან ა. ღ-ის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 19 აგვისტოს განაჩენით ა. ღ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის 105-ე მუხლით, 150-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, გაძლიერებული რეჟიმის კოლონიაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 1999 წლის 21 იანვრიდან. დაზარალებულის სასარგებლოდ მსჯავრდებულს დაეკისრა 7850 ლარის გადახდა.

2005 წლის 28 აგვისტოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ¹-- დაწესებულების ---მა წარდგინებით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს და იშუამდგომლა ა. ღ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლება იმ მოტივით, რომ სსკ-ის 98-ე მუხლის საფუძველზე მოიხდა სასჯელის ორი მესამედი, წახალისებულია სამჯერ და ხასიათდება დადებითად.

სასამართლოს 2005 წლის 30 სექტემბრის დადგენილებით, წარდგინება არ დაკმაყოფილდა.

ადვოკატი მ. პ-ლი, საქართველოს სსსკ-ის 553-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საკასაციო საჩივრით მოითხოვს დადგენილების, როგორც უკანონოს, გაუქმებას და სასჯელის მოხდისაგან ა. ღ-ის პირობით ვადამდე გათავისუფლებას იმ მოტივით, რომ ა. ღ-მა დანაშაული ჩაიდინა არასრულწლოვან ასაკში, მოიხადა სასჯელის ორი მესამედი და სსკ-ის 72-ე მუხლის საფუძველზე, შეიძლება პირობით ვადამდე გათავისუფლდეს. მსჯავრდებული დაადგა გამოსწორების გზას, გახდა ეკლესიური, მოინანია ჩადენილი დანაშაული. მოცემულ შემთხვევაში სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზანი მიღწეულია და საჭირო აღარაა სასჯელის მთლიანად მოხდა. არ უნდა იქნეს გაზიარებული სასამართლო დადგენილების მოტივი იმის შესახებ, რომ ა. ღ-ლს არ გადაუხდია დაკისრებული თანხა, რადგან იგი სასჯელს იხდის მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში, სადაც არ არსებობს იმის პირობები, რომ იმუშაოს. ჰყავს დედა, რომელსაც არ აქვს ამ თანხის გადახდის საშუალება. დაკისრებული თანხის გადასახდელად აუცილებელია ა. ღ-ის თავისუფლებაში ყოფნა. დაზარალებული მ. გ-ვა, რომლის სასარგებლოდაც დაეკისრა 7850 ლარის გადახდა, არაა წინააღმდეგი, რომ მსჯავრდებული პირობით ვადამდე გათავისუფლდეს, რასაც ადასტურებს ნოტარიალურად დამოწმებული განცხადებით. მოცემული საკითხის გადაწყვეტისას არ შეიძლება იმის გათვალისწინება, რომ სასჯელის მოხდისას ა. ღ-ლი ხუთჯერაა დასჯილი, ვინაიდან ეს სასჯელები გაქარწყლებულია, რის შემდეგ იგი სამჯერაა წახალისებული.

საკასაციო პალატის სხდომაზე ადვოკატმა მ. პ-მა მოითხოვა საჩივრის დაკმაყოფილება იმ მოტივით, რომ ა. ღ-მა დანაშაული ჩაიდინა არასრულწლოვან ასაკში, მოიხადა სასჯელის ორი მესამედი და ხასიათდება დადებითად. დაზარალებული, რომლის სასარგებლოდაც დაეკისრა თანხის გადახდა, თანახმაა, რომ იგი პირობით ვადამდე გათავისუფლდეს.

პროკურორმა გ. გ-მა საჩივარს მხარი არ დაუჭირა და მოითხოვა ა. ღ-ის მიმართ მცხეთის რაიონული სასამართლოს დადგენილების უცვლელად დატოვება იმ მოტივით, რომ მსჯავრდებულს მოსახდელი აქვს სასჯელის მნიშვნელოვანი ნაწილი და დაზარალებულს არ ანაზღაურებია მიყენებული ზიანი.

პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა, ასევე მხარეთა მოტივები და მივიდა დასკვნამდე, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

ა. ღ-ლი პირველადაა ნასამართლევი, სასჯელს იხდის 1999 წლის 21 იანვრიდან, დანაშაული ჩაიდინა არასრულწლოვან ასაკში. საქართველოს სსკ-ის 98-ე მუხლის «გ" ქვეპუნქტის შესაბამისად, მოხდილი აქვს სასჯელის ორი მესამედი. მართალია, სასჯელის მოხდისას ა. ღ-ლი ხუთჯერაა დასჯილი, მაგრამ ეს სასჯელები გაქარწყლებულია. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მსჯავრდებული დგას გამოსწორების გზაზე. კერძოდ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ¹-- დაწესებულებაში, სადაც იმყოფება 2003 წლის 14 ივნისიდან, დასჯილი არ ყოფილა, ორჯერაა წახალისებული, იცავს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და ხასიათდება დადებითად. დაზარალებული მ. გ-ვა, რომლის სასარგებლოდაც ა. ღ-ლს დაეკისრა 7850 ლარის გადახდა, თანახმაა, რომ იგი პირობით ვადამდე გათავისუფლდეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, მცხეთის რაიონული სასამართლოს დადგენილება ა. ღ-ის მიმართ უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად გაეგზავნოს იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლეს, რომელმაც სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს საქმის მასალები და მიიღოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «დ" ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 30 სექტემბრის დადგენილება მსჯავრდებულ ა. ღ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ და საქმე ხელახლა განსახილველად გაეგზავნოს იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლეს.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.