დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
525-დად 25 იანვარი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე,რ. ნადირიანი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. მ-ის კერძო საკასაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 09 ნოემბრის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ქ. რუსთავის ¹-- სასჯელაღსრულების დაწესებულების წარდგინება მსჯავრდებულ რ. მ-ის სასჯელის მოხდისაგან ვადამდე პირობით განთავისუფლების შესახებ.
მარნეულის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით რ. მ-ვი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე» ქვეპუნქტით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. მასვე შეეფარდა იძულებითი მკურნალობა ნარკომანიისაგან, რომელიც რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 21 ოქტომბრის დადგენილებით მოეხსნა.
რ. მ-ვს სასჯელის მოხდა დაეწყო 2000 წლის 25 ივლისიდან.
2005 წლის 1 ნოემბერს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რუსთავის ¹-- დაწესებულების ---მა წარდგინებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და იშუამდგომლა მსჯავრდებულ რ. მ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლება იმ მოტივით, რომ მან მოიხადა სასჯელის 3\4, სასჯელის მოხდის პერიოდში დაწესებულების შინაგანაწესისა და რეჟიმის მოთხოვნათა დარღვევაში არ შემჩნეულა, აღმზრდელობით ღონისძიებებს ესწრება და ახდენს სათანადო რეაგირებას, თანამშრომელთა მიმართ თავაზიანია, მეგობრობს გამოსწორების გზაზე მდგარ მსჯავრდებულებთან, ადმინისტრაციის მიერ დასჯილი არ ყოფილა, ხასიათდება დადებითად.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 9 ნოემბრის დადგენილებით წარდგინება არ დაკმაყოფილდა.
მსჯავრდებული რ. მ-ვი, საქართველოს სსსკ-ის 553-ე და 623-ე მუხლების შესაბამისად, კერძო საკასაციო საჩივრით მოითხოვს დადგენილების, როგორც უკანონოს, გაუქმებას და სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებას იმ მოტივით, რომ მან მოიხადა საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის III ნაწილის „გ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელის 3\4, ემორჩილება და ასრულებს დაწესებულების შინაგანაწესს და რუსთავის ¹--დაწესებულების დირექცია ახასიათებს დადებითად.
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებული რ. მ-ვი სასჯელს იხდის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. მართალია, მას მოხდილი აქვს დანიშნული სასჯელის 3/4, რაც საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის III ნაწილის «გ» ქვეპუნქტის შესაბამისად, ერთ-ერთი პირობაა მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე განთავისუფლების საკითხის დადებითად გადასაწყვეტად, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული რ. მ-ვი ადრე მრავალჯერაა ნასამართლევი, სასამართლოს მიერ შეფარდებული აქვს მისთვის შერაცხული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სასჯელის თითქმის მინიმუმი, აგრეთვე მის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების სიმძიმისა და ხასიათის, ასევე სასჯელის დარჩენილი ვადის მხედველობაში მიღებით, სასამართლომ მიზანშეუწონლად მიიჩნია ამ ეტაპზე მისი სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლება, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
ამდენად, სასამართლოს კანონიერი საფუძველი გააჩნდა, უარი ეთქვა მსჯავრდებულ რ. მ-სათვის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და რუსთავის საქალაქო სასამართლოს დადგენილება დარჩეს უცვლელად.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ რ. მ-ის კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
რუსთავის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 9 ნოემბრის დადგენილება მსჯავრდებულ რ. მ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.