დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 30.01.2006
საქმის ნომერი
535-დად
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
30.01.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

535-დად 30 იანვარი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე,რ. ნადირიანი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. მ-ის კერძო საკასაციო საჩივარი მცხეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 4 ნოემბრის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ¹- დაწესებულების წარდგინება მსჯავრდებულ ზ. მ-ის სასჯელის მოხდისაგან ვადამდე პირობით განთავისუფლების შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2004 წლის 18 მარტის განაჩენით ზ. მ-რი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა", «ბ" ქვეპუნქტებით და მიესაჯა 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 2003 წლის 30 ივნისიდან.

2005 წლის 2 ნოემბერს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ¹-- დაწესებულების ---მა წარდგინებით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს და იშუამდგომლა ზ. მ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლება იმ მოტივით, რომ მოიხდა სასჯელის ორი მესამედი, წახალისებულია და ხასიათდება დადებითად.

სასამართლოს 2005 წლის 4 ნოემბრის დადგენილებით, წარდგინება არ დაკმაყოფილდა.

მსჯავრდებული ზ. მ-რი კერძო საკასაციო საჩივრით მოითხოვს დადგენილების, როგორც უკანონოს, გაუქმებას და სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებას იმ მოტივით, რომ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე დაუსაბუთებლად ეთქვა უარი.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მართალია, სსკ-ის 72-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, ზ. მ-რს მოხდილი აქვს სასჯელის ორი მესამედი, მაგრამ ეს გარემოება ყოველთვის არ იძლევა მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საფუძველს. მოსამართლე მოცემულ საკითხს დადებითად წყვეტს იმ შემთხვევაში, თუ მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის გამოსწორებისათვის საჭირო აღარაა დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა. ზ. მ-რი არაერთხელაა ნასამართლევი, კერძოდ: 1997 წლის 28 მარტს გაასამართლა ახმეტის რაიონულმა სასამართლომ 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენის აღსრულება გადაუვადდა ამავე ვადით; 1999 წლის 21 დეკემბერს ზ. მ-რი გაასამართლა იმავე სასამართლომ 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის მე-17,91-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებით, 238-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამ სასჯელის მოხდისაგან 2000 წელს გათავისუფლდა პირობით ვადამდე; 2003 წლის 20 მაისს იგი კვლავ გაასამართლა ახმეტის რაიონულმა სასამართლომ 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და სასჯელად განუსაზღვრა ჯარიმა 250 ლარის ოდენობით. ყოველივე იმაზე მეტყველებს, რომ, მიუხედავად არაერთი ნასამართლობისა, ზ. მ-რი არ დაადგა გამოსწორების გზას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს დადგენილებაში მოცემული დასკვნები კანონიერი, დასაბუთებულია და დადგენილება უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «ა" ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 4 ნოემბრის დადგენილება მსჯავრდებულ ზ. მ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.