განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
593-დად 23 იანვარი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე),ი. ტყეშელაშვილი,თ. თოდრია
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ პ. ვ-ის კერძო საკასაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 7 დეკემბრის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ქ. რუსთავის ¹-- სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის წარდგინება მსჯავრდებულ პ. ვ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 27 ივნისის განაჩენით პ. ვ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 184-ე მუხლის მესამე ნაწილით, 188-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 1 წელი და საბოლოოდ მას მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით სასჯელის ნაწილში შევიდა ცვლილება. კერძოდ, მსჯავრდებულ პ. ვ-ლს დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 2 წლით და მოსახდელად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად. სასჯელის მოხდა დაეწყო 2002 წლის 6 ნოემბრიდან.
2005 წლის 11 ნოემბერს სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის ¹-- დაწესებულების ---მა წარდგინებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და იშუამდგომლა მსჯავრდებულ პ. ვ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლება იმ მოტივით, რომ მან მოიხადა სასჯელის 3/4, წახალისებულია ერთხელ, იცავს სარეჟიმო მოთხოვნებს, ხასიათდება დადებითად, კავშირი აქვს გამოსწორების გზაზე დამდგარ მსჯავრდებულებთან.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 7 დეკემბრის დადგენილებით წარდგინება არ დაკმაყოფილდა.
მსჯავრდებული პ. ვ-ლი საქართველოს სსსკ-ის 553-ე და 623-ე მუხლების შესაბამისად, კერძო საკასაციო საჩივრით მოითხოვს დადგენილების, როგორც უკანონოს, გაუქმებას და სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებას იმ მოტივით, რომ მოიხადა დანიშნული სასჯელის 3/4, ხასიათდება დადებითად, ჰყავს ავადმყოფი დედა, დაავადებულია ტუბერკულიოზით.
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებულ პ. ვ-ლს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ავტომობილის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებისა დროებითი გამოყენების მიზნით, ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის მუქარით, ასევე სხვისი ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და არა ყაჩაღობა; შესაბამისად, იგი სასჯელს იხდის მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის და არა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, როგორც ეს აღნიშნულია რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 7 დეკემბრის დადგენილებაში. ამიტომ, საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ» ქვეპუნქტის შესაბამისად, მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლება შეიძლება, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა სასჯელის 2\3 და არა 3/4.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 7 დეკემბრის დადგენილება და საქმე უნდა გადაეგზავნოს იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლეს ხელახლა განსახილველად.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ» ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ პ. ვ-ის კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 7 დეკემბრის დადგენილება მსჯავრდებულ პ. ვ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ გაუქმდეს.
საქმე პ. ვ-ის მიმართ გაეგზავნოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სხვა მოსამართლეს ხელახლა განსახილველად
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.