განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად

სისხლის სამართლის 20.06.2006
საქმის ნომერი
594-დად
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
20.06.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

594-დად 20 იანვარი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე),ი. ტყეშელაშვილი,თ. თოდრია

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის ო. გ-ის საჩივარი ხონის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2005წ. 22 ნოემბრის დადგენილების გაუქმების თაობაზე, რომლითაც დაკმაყოფილდა შპს «--- ცენტრის» სამკურნალო ნაწილის ---ის წარდგინება და გ. ლ-ნს შეეცვალა იძულებითი მკურნალობა გაძლიერებული მეთვალყურეობით და გადაყვანილ იქნა ამბულატორიულ მკურნალობაზე საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ფნდ-ს აქტიური ზედამხედველობის ქვეშ.

გ. ლ-ნი 1996 წელს ჩაიდინა ხულიგნობა. ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით, იგი ინკრიმინირებულ ქმედებაში ჩაითვალა შეურაცხადად, რის გამოც 2 წლის განმავლობაში მკურნალობდა --- ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. 2004წ. 28 დეკემბერს გ. ლ-მა ურთიერთშელაპარაკების საფუძველზე განზრახ მკვლელობის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთჯერადი გასროლით სხეულის მძიმე დაზიანება მიაყენა ზ. ჟ-ას. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 15 ივნისის დადგენილების საფუძველზე იმავე წლის 28 ივნისს გ. ლ-ნი მოთავსებულ იქნა --- ჯანმრთელობის ცენტრში იძულებით მკურნალობაზე გაძლიერებული მეთვალყურეობით. მკურნალობის შედეგად მისი ფსიქიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა. აღნიშნულის თაობაზე ხონის რაიონულ სასამართლოს წარდგინებით მიმართა შპს «--- ცენტრის» სამკურნალო ნაწილის უფროსმა დ. კ-მა და ითხოვა გ. ლ-სათვის იძულებითი მკურნალობის შეცვლა გაძლიერებული მეთვალყურეობით და მისი გადაყვანა ამბულატორიულ მკურნალობაზე საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ხონის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2005წ. 22 ნოემბრის დადგენილებით წარდგინება დაკმაყოფილდა და გ. ლ-ნს შეეცვალა იძულებითი მკურნალობა გაძლიერებული მეთვალყურეობით და გადაყვანილ იქნა ამბულატორიულ მკურნალობაზე საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ფნდ-ს აქტიური ზედამხედველობის ქვეშ. ამასთან მოსამართლემ დადგენილებაში მიუთითა, რომ ის შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატაში ხონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით 14 დღის ვადაში.

პროკურორმა ო. გ-ემ რაიონული სასამართლოს დადგენილება გაასაჩივრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატაში, მაშინ, როდესაც, საქართველოს სსსკ-ის 677-679-ე მუხლებში მოცემული წესის შესაბამისად, აღნიშნული დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში.

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ პროკურორ ო. გ-ის საჩივარი განსახილველად უნდა გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 48-ე მუხლის მე-9 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის ო. გ-ის საჩივარი გ. ლ-ის მიმართ ხონის რაიონული სასამართლოს მიერ 2005წ. 22 ნოემბერს გამოტანილი დადგენილების გაუქმების თაობაზე განსახილველად გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას საპროცესო კანონით განსაზღვრული განსჯადობის შესაბამისად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.