შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
1504აპ-07 ქ. თბილისი
13 მაისი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე დავით სულაქველიძე
მოსამართლეები: ზაზა მეიშვილი, მაია ოშხარელი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. გ-ის დამცველის, ადვოკატ მ. კ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 19 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
მ. გ-ი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 12 აპრილის განაჩენით მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
განაჩენის მიხედვით, მ. გ-ს მსჯავრი დაედო ყაჩაღობისათვის, ჩადენილი ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:
2006 წლის 9 ნოემბერს, დაახლოებით 19.30 საათზე, მ. გ-ი თავის თანმხლებ, გამოძიებით დაუდგენელ ორ პირთან ერთად იმყოფებოდა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მეცნიერებათა აკადემიის მოპირდაპირე მხარეს არსებულ ავტობუსის გაჩერებასთან, სადაც განიზრახეს თავს დასხმოდნენ რომელიმე მოქალაქეს და ყაჩაღურად დაუფლებოდნენ სხვის მოძრავ ნივთს. ამ დროს მათ შენიშნეს იქვე, ¹61 ავტობუსიდან ჩამოსული მოქალაქე ო. ბ-ე, რომელმაც ჯიბიდან ამოიღო მობილური ტელეფონი და გაემართა რუსთაველის გამზირის მიმართულებით. აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მ. გ-ი და მისი თანმხლები ორი პირი წამოეწივნენ მას მაღაზია “გარდერობის” წინ და შეიყვანეს იქვე არსებული სახლის სადარბაზოში. მ. გ-ნ ერთად მყოფმა ერთ-ერთმა პირმა მოახდინა ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირება, ხოლო მ. გ-მა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ო. ბ-ს ქურთუკის ჯიბიდან ამოაცალა მისი კუთვნილი “სონი-ერიქსონის” ფირმის მობილური ტელეფონი და გადასცა იქვე მყოფ, თავის თანმხლებ ორ პირთაგან ერთ-ერთს. ამის შემდეგ მ. გ-მა გამოართვა ხსენებული იარაღი თანმხლებ პირს, დაზარალებულზე ზემოქმედების მიზნით მოიყვანა საბრძოლო მოქმედებაში და დაემუქრა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ მ. გ-ი და მისი თანამზრახველნი შემთხევის ადგილიდან მიიმალნენ.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. გ-ის დამცველმა, ადვოკატმა მ. კ-მა, რომელიც საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად მ. გ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას შემდეგი მოტივების საფუძველზე: განაჩენი ეყრდნობა დაზარალებულ ო. ბ-ის ბუნდოვან და წინააღმდეგობრივ ჩვენებებს, რომლებიც არ დასტურდება სხვა უტყუარი მტკიცებულებებით, ამასთან, სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა მსჯავრდებულის ალიბი, რომლის რეალობა დასტურდება მოწმეთა ჩვენებებით.
აპელანტის საჩივარი განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, რომელმაც, არ დააკმაყოფილა რა საჩივრის მოთხოვნა, 2007 წლის 19 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ მ. გ-ის მიმართ უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულ მ. გულაშვილის დამცველმა, ადვოკატმა მ. კ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორი იმავე მოტივებით, რაც მას მითითებული ჰქონდა სააპელაციო საჩივარში, ითხოვს აღნიშნული განაჩენის გაუქმებას და მსჯავრდებულ მ. გ-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას იმ საფუძვლით, რომ მას არ ჩაუდენია სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ მ. გ-ის მიმართ და შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ მ. გ-ს ბრალდების საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მას ბრალად შეურაცხა უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენა, ვიდრე სინამდვილეში ჩაიდინა მან. გასაჩივრებული განაჩენით მ. გ-ი მსჯავრდებულ იქნა ყაჩაღობის ჯგუფურად ჩადენის ბრალდებით, მაგრამ, თუკი საქმეში არსებულ მტკიცებულებებს განვიხილავთ და შევაფასებთ ერთობლივად და არა _ ცალ-ცალკე, მაშინ უნდა დავასკვნათ, რომ არ არსებობს უტყუარი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ მ. გ-ი დაზარალებულ ო. ბ-ის კუთვნილ მობილური ტელეფონის აპარატს დაეუფლა ყაჩაღური თავდასხმის გზით. მართალია, წინასწარი გამოძიების სტადიაზე, განმეორებით დაკითხვისას და სასამართლოში დაკითხვის დროს მიცემულ ჩვენებებში დაზარალებული ო. ბ-ე აღნიშნავს მსჯავრდებულის მიერ იარაღის დემონსტრირებისა და იარაღით დამუქრების შესახებ, მაგრამ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, როცა მიმდინარეობდა დაზარალებულ ო. ბ-ის დაკითხვა, გამოქვეყნდა მის მიერ წინასწარი გამოძიებისას მიცემული პირველი ჩვენება, რომლის თაობაზეც მან მიუთითა, რომ აღნიშნული ჩვენება სწორია, ხოლო ამ ჩვენებაში იგი საერთოდ არ ახსენებს ტელეფონის აპარატის წართმევისას როგორც მის მიმართ იარაღის გამოყენების მუქარას, ასევე საერთოდ იარაღის არსებობის ფაქტს. გარდა ამისა, სასამართლოში დაიკითხა პოლიციის თანამშრომელი ნ. გ-ა, რომელმაც დააკავა მ. გ-ი დაზარალებულ ო. ბ-ის მითითებით. იგი აღნიშნავს, რომ ამ დროს დაზარალებულმა განაცხადა მ. გ-ის მიერ მისი დაყაჩაღებისა და იარაღით მუქარის გამოყენების თაობაზე. იმავე სასამართლო სხდომაზე დაიკითხა პოლიციის თანამშრომელი ა. ბ-ეც, რომელიც ასევე მონაწილეობდა ო. ბ-ის მითითებით მ. გ-ის დაკავებაში. მოწმე ა. ბ-ე მიუთითებს, რომ დაზარალებულმა განაცხადა: “რამდენიმე დღის წინ აღნიშნულმა პიროვნებამ (მ. გ-მა) მას წაართვა მობილური ტელეფონი”. აქ რაიმე იარაღის გამოყენებაზე მას არაფერი აქვს ნათქვამი.
მითითებული გარემოებები საფუძვლიანი ეჭვის ქვეშ აყენებს ვერსიას მსჯავრდებულ მ. გ-ის მიერ დაზარალებულ ო. ბ-ის კუთვნილი მობილური ტელეფონის დაუფლებისას მის მიმართ სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარის შესახებ, ამასთან, დაზარალებულის ყველა ჩვენება აშკარად მიუთითებს, რომ მ. გ-ი სხვა პირებთან ერთად აშკარად დაეუფლა მის კუთვნილ მობილური ტელეფონის აპარატს მისაკუთრების მიზნით, რა დროსაც დაზარალებულის მიმართ გამოიყენეს ისეთი ძალადობა, რომელიც საშიში არ იყო მისი სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის, რაც იმაში გამოიხატა, რომ იგი ქუჩიდან ძალდატანებით შეიყვანეს სადარბაზოში, სადაც მას წაართვეს მობილური ტელეფონის აპარატი, ღირებული 200 ლარად.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული ქმედება უნდა შეფასდეს როგორც ძარცვა, ჩადენილი ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით და ისეთი ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის “ა”, “დ” ქვეპუნქტებით.
აღნიშნული დანაშაულისათვის მსჯავრდებულ მ. გ-ის მიმართ სასჯელის ზომის განსაზღვრისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ჩადენილი ქმედების სიმძიმე და მისი პიროვნება, ის გარემოება, რომ იგი პირველად არის სამართალში, რის გამოც საკასაციო პალატა თვლის, რომ მას სასჯელად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, რაც საკმარის ზომას წარმოადგენს სასჯელის მიზნის მისაღწევად.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მიერ საკასაციო საჩივარში მოცემულ პოზიციას მ. გ-ის უდანაშაულობის თაობაზე, რადგან საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზი საწინააღმდეგოს ადასტურებს, ხოლო ასეთი დასკვნა გამომდინარეობს არა მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებებიდან, არამედ ასევე იმ მოწმეთა ჩვენებებიდანაც, რომლებთანაც მ. გ-ის მეშვეობით აღმოჩნდა დაზარალებულ ო. ბ-ის კუთვნილი მობილური ტელეფონის აპრატი. ამიტომ საკასაციო პალატა სარწმუნოდ ვერ მიიღებს დაცვის მოწმეთა ჩვენებებს მ. გ-ს ალიბის თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 19 ივლისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილებები მსჯავრდებულ მ. გ-ს სასიკეთოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ მ. გ-ის დამცველის, ადვოკატ მ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 19 ივლისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ მ. გ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტსა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის “ა”, “დ” ქვეპუნქტებზე, ხოლო ამ დანაშაულისათვის მას სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.