შეიცვალა კვალიფიკაცია

სისხლის სამართლის 25.07.2011
საქმის ნომერი
2კ-252აპ.-11
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.07.2011

გადაწყვეტილების ტექსტი

¹252აპ-11 25 ივლისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ნ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 14 მარტის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 11 იანვრის განაჩენით ი. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 11 წლით; სსკ-ის 19,108-ე მუხლით – თავისუფლების აღკვეთა 7 წლით; სსკ-ის 388-ე მუხლის მეოთხე ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით; სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და ი. ს-ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 20 წლით, რასაც სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 18 წლით და ი. ს-ს საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 38 წლით. იგი სასჯელს იხდის 2010 წლის 30 აპრილიდან.

განაჩენით ი. ს-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ მან ჩაიდინა განზრახ მკვლელობა, განზრახ მკვლელობის მცდელობა, კონტრაქტით სამხედრო სამსახურში მყოფის მიერ სამსახურში საპატიო მიზეზის გარეშე დროულად გამოუცხადებლობა, ჩადენილი ერთ თვეზე მეტი ხანგრძლივობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

ი. ს-ე 2009 წლის 26 სექტემბერს, დაახლოებით 15 საათზე, ოზურგეთის რაიონის სოფელ ძიმითის ტერიტორიაზე მდებარე წყაროზე გაწყობილ სუფრასთან, თანასოფლელებთან – შ. ს-სთან, ლ. მ-სთან, ბ. ჯ-სა და მეგობარ პ. ც-თან ერთად სვამდა ალკოჰოლურ სასმელს. სუფრასთან ი. ს-მ ირონიულად მოიხსენია შ. ს-ს სიძე – რ. ქ-ი, რასაც შ. ს-სა და ი. ს-ს შორის შელაპარაკება მოჰყვა. შ. ს-ზე განაწყენებულმა ი. ს-მ განიზრახა მისი მოკვლა და მის ხელთ არსებული დანა რამდენჯერმე ჩაარტყა შ. ს-ს სახის არეში და შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. რამდენიმე წუთის შემდეგ ი. ს-ე კვლავ დაბრუნდა შ. ს-სთან და თავისი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით კვლავ რამდენჯერმე დაარტყა ამ უკანასკნელს დანა მარცხენა მკლავისა და ბეჭის არეში. მიღებული დაზიანებების გამო შ. ს-ე წაიქცა, ხოლო ი. ს-მ ჩათვალა რა თავისი დანაშაულებრივი განზრახვა სისრულეში მოყვანილად, მიატოვა შემთხვევის ადგილი და მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად შ. ს-ს განუვითარდა: სახის არეში, მარცხნივ - ნაკვეთი ჭრილობა სახის ნერვის ტოტის დაზიანებით, რამაც გამოიწვია სახის ასიმეტრია და მიმიკის შეცვლა; მარცხნივ, მხრის სახსრის საპროექციოდ - ნაკვეთი ჭრილობა; სამი მცირე ზომის ჭრილობა ბეჭის ძვლის მიდამოში, მარცხნივ; ნაკვეთი ჭრილობა მარცხნივ, თხემის არეში. მიღებული დაზიანებების გამო შ. ს-ე გადაიყვანეს ოზურგეთის რაიონულ საავადმყოფოში, სადაც მას გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება, რის შედეგადაც სიკვდილს გადარჩა.

ი. ს-ე 2006 წლის 1 მარტიდან ხელშეკრულების საფუძველზე იყო რა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სახმელეთო ჯარების პირველი ქვეითი ბრიგადის საარტილერიო ბატალიონის 120 მმ ნაღმტყორცნელთა ბატარეის პირველი საცეცხლე ოცეულის პირველი ნაღმტყორცნი, 2009 წლის 25 სექტემბერს, 11 საათიდან 28 სექტემბრის 8 საათამდე სამხედრო ნაწილის მეთაურის ბრძანებით გაშვებულ იქნა დათხოვნაში და 2009 წლის 28 სექტემბერს ყოველგვარი საპატიო მიზეზის გარეშე არ გამოცხადდა სამხედრო ნაწილში ერთ თვეზე მეტი ვადით;

მანვე ძებნაში ყოფნის პერიოდში, 2010 წლის 25 აპრილს, სტუმრად ყოფნის დროს, ონის რაიონის სოფელ წედისში, შორეული ნათესავის – მ. მ-ს სახლში, გაიცნო იმავე სოფელში მცხოვრები და-ძმა – ლ. და თ. მ-ები. 2010 წლის 28 აპრილს, დაახლოებით 14 საათზე, არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნისას, ი. ს-ე მივიდა თ. მ-ის საცხოვრებელ სახლში და მოსთხოვა კარის გაღება, რაზეც უარი მიიღო იმ მოტივით, რომ იგი სახლში მარტო იმყოფებოდა და კარს არ გაუღებდა; იმავე დღეს, დაახლოებით 17 საათზე, სახლში დაბრუნებულ ლ. მ-ს დამ – თ. მ-მ უამბო მომხდარი ფაქტის შესახებ, რის გამოც ლ. მ-მ გადაწყვიტა საქმის გარკვევის მიზნით ენახა ი. ს-ე და ამ მიზნით პ. ჩ-სთან ერთად დაიწყო ი. ს-ს ძებნა. ისინი ონის რაიონის სოფელ წედისში, ე.წ. ზედაუბანში შეხვდნენ ი. ს-ს და აღნიშნული ფაქტის გამო მათ შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება. პ. ჩ-ის ქმედებაზე განაწყენებულმა ი. ს-მ შურისძიების მოტივით განიზრახა ამ უკანასკნელის მოკვლა. ამ მიზნით საკუთარი დასაკეცი ტიპის დანა გულმკერდის არეში დაარტყა მას, რის შედეგადაც მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანება. მიღებული დაზიანებით გამოწვეული მწვავე სისხლნაკლებობის შედეგად პ. ჩ-ე ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო ი. ს-ე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და თან წაიღო დანაშაულის ჩადენის იარაღიც.

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა, რომელმაც ითხოვა ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 11 იანვრის განაჩენის გაუქმება და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 14 მარტის განაჩენით გასაჩივრებული განაჩენი დაზუსტდა სასჯელის ნაწილში, კერძოდ: ი. ს-სთვის ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 6 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 17 წელი, 3 თვე, 20 დღე და საბოლოოდ ი. ს-ს სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 37 წლით, 3 თვითა და 20 დღით. მას სასჯელის ათვლა დაეწყო 2011 წლის 11 იანვრიდან. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი დარჩა უცვლელად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულ ი. ს-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ნ-მ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

კასატორმა საჩივარში აღნიშნა, რომ გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია სსკ-ის 19,108-ე მუხლით შერაცხულ ბრალდებასთან მიმართებით. კერძოდ, კასატორს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში მსჯავრდებულის ქმედებას მიცემული აქვს არასწორი სამართლებრივი შეფასება. მოწმისა და დაზარალებულის ჩვენებებით, ასევე ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ი. ს-ს არ ჰქონია დაზარალებულის მოკვლის განზრახვა და შესაბამისად, მსჯავრდებულის ქმედება ამ ნაწილში უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შეკრებილი მტკიცებულებები ორივე ინსტანციის სასამართლომ გამოიკვლია და შეაფასა სრულად, ობიექტურად და კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე, დადგენილად მიიჩნია მხოლოდ ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც უტყუარად დასტურდებოდა და ეჭვს არ იწვევდა.

ი. ს-ის მიერ განზრახ მკვლელობისა და კონტრაქტით სამხედრო სამსახურში მყოფის მიერ სამსახურში საპატიო მიზეზის გარეშე დროულად გამოუცხადებლობა, ჩადენილი ერთ თვეზე მეტი ხანგრძლივობით - ჩადენა დასტურდება საქმეში არსებული და სასამართლოს მიერ გამოკვლეული უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით, რასაც არც კასატორი ხდის სადავოდ.

რაც შეეხება სსკ-ის 19,108-ე მუხლით შერაცხულ ბრალდებას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეზე მოპოვებული და გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება მკვლელობის მცდელობის ფაქტი, კერძოდ:

კასატორი აღნიშნავს, რომ მკვლელობის განზრახვის არსებობის შემთხვევაში, მას დროც ჰქონდა და საშუალებაც, რომ განზრახვა სისრულეში მოეყვანა. აღნიშნულს ადასტურებს დაზარალებული შ. ს-ც, რომელმაც სასამართლო გამოძიებისას აჩვენა, რომ ი. ს-ს ჰქონდა შესაძლებლობა, მისთვის კიდევ მიეყენებინა ჭრილობები, თუმცა ეს არ გააკეთა (ტ.3 ს.ფ. 241).

მოწმე ლ. მ-მ აჩვენა, რომ ი. ს-ს ჰქონდა შესაძლებლობა, კიდევ მიეყენებინა ჭრილობა შ. ს-ისთვის და მოეკლა იგი (ტ.3 ს.ფ. 272).

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ¹2033 დასკვნის თანახმად, შ. ს-ს აღენიშნებოდა მარცხენა ყვრიმალის, მხრისა და მარცხენა ბეჭის მიდამოების ნაკვეთი ჭრილობები, რომლებიც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ დაზარალებულისა და მოწმის ჩვენებებით, ასევე მიყენებული ჭრილობების სიმრავლითა და ხასიათით არ დასტურდება მკვლელობის განზრახვა. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რადგანაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ¹2569 დასკვნის თანახმად, შ. ს-ისთვის მიყენებული დაზიანება მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, ვინაიდან მან გამოიწვია სახის ასიმეტრია და მიმიკის შეცვლა.

რაც შეეხება მსჯავრდებულის ქმედების მოტივს, დაზარალებულ შ. ს-ის ჩვენებით დასტურდება, რომ ი. ს-ე ლანძღავდა მის სიძეს – რ. ქ-ს, რის გამოც მისცა შენიშვნა და განუმარტა, რომ აღარ სურდა მასთან მეგობრობა, რამაც გამოიწვია ი. ს-ს განაწყენება (ტ.2, ს.ფ. 121-123).

მოწმე პ. ც-ის ჩვენებით დასტურდება, რომ ი. ს-ე შ. ს-ის სიძეს მოიხსენიებდა უცენზურო სიტყვებით, რაზეც შ. ს-მ მისცა შენიშვნა და გააფრთხილა ი. ს-ე, რომ მათ შორის მეგობრული ურთიერთობა აღარ გაგრძელდებოდა, რა დროსაც ი. ს-ე მოულოდნელად მივიდა უკვე ფეხზე მდგომ და სახლში წასასვლელად გამზადებულ შ. ს-სთან, რომელსაც რამდენჯერმე მოუქნია და დაარტყა ხელი თავისა და სახის მარცხენა არეში, რის შემდეგაც შ. ს-ს სახიდან წამოუვიდა სისხლი. მოწმის განმარტებით, შ. ს-ს ი. ს-სთვის არც ფიზიკური და არც სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია (ტ.2, ს.ფ. 165-166).

ზემოაღნიშნული მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებს, რომ ი. ს-მ შ. ს-ს უმნიშვნელო საბაბის საფუძველზე მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება. კერძოდ, იგი განაწყენდა შ. ს-ს შენიშვნაზე, შეეწყვიტა მისი სიძის – რ. ქ-ს უცენზურო სიტყვებით მოხსენიება. ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ კონფლიქტის წამომწყები იყო მსჯავრდებული, ხოლო დაზარალებული ცდილობდა, თავიდან აერიდებინა სიტუაციის გამწვავება. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ი. ს-მ შ. ს-ს მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ხულიგნური ქვენაგრძნობით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ი. ს-ს ქმედება სსკ-ის 19,108-ე მუხლიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტზე, რაც უდავოდ დასტურდება მოპოვებული და გამოკვლეული მტკიცებულებებით.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან კანონიერი და დასაბუთებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ი. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ნ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 14 მარტის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ: ი. ს-ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდეს ამავე კოდექსის 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტზე.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში – მათ შორის ი. ს-ისთვის დანიშნული სასჯელის ნაწილში - დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.