საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 14.09.2011
საქმის ნომერი
2კ-340აპ.-11
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
14.09.2011

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

საქმე ¹340აპ-11 14 სექტემბერი, 2011 წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე – პაატა სილაგაძე

მოსამართლეები: იური ტყეშელაშვილი

გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ც-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის _ ვ. გ-ას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 4 მაისის განაჩენზე.

გალისა და გულრიფშის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 3 სექტემბრის განაჩენით ო. ც-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის II და VI პუნქტებით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენაში, რისთვისაც მას სასჯელად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. იგი სასჯელს იხდის 2007 წლის 13 თებერვლიდან.

გ. ც-ი (ძებნილი) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის II და VI პუნქტებით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენაში, რისთვისაც მას სასჯელად განესაზღვრა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 10 დეკემბრის განაჩენით გალისა და გულრიფშის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 3 სექტემბრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:

მსჯავრდებულ ო. ც-ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა საექსტრადიციო პატიმრობის ვადა _ 2005 წლის 18 ნოემბრიდან 2007 წლის 13 თებერვლამდე.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ივლისის განჩინებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 10 დეკემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება:

მსჯავრდებულ ო. ც-ს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის II პუნქტის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) საფუძველზე შერაცხული ბრალდება და ამ ნაწილში მის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.

მსჯავრდებულ ო. ც-ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის VI პუნქტით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია), გადაკვალიფიცირდა საქრთველოს მოქმედი სსკ-ის 109-ე მუხლის I ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტზე და მას სასჯელად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 4 მაისის განაჩენით გალისა და გულრიფშის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 3 სექტემბრის განაჩენი შეიცვალა მსჯავრდებულის სასიკეთოდ შემდეგი მიმართებით:

მსჯავრდებულ გ. ც-ს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის II პუნქტის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) საფუძველზე შერაცხული ბრალდება და ამ ნაწილში მის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.

გ. ც-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის I ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით და სასჯელად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. იგი სასჯელს იხდის დაკავების დღიდან _ 2011 წლის 25 თებერვლიდან.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ ეს საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის I ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. ც-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის _ ვ. გ-ას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 4 მაისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.