საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 1-აპ 22 იანვარი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მ. ისაევი (თავმჯდომარე),მ. გოგელია,ი. ბიბილაშვილი
განიხილა მსჯავრდებულ მ. კ-ის ინტერესების დამცველის ადვოკატ მ. ნ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 7 ნოემბრის განაჩენზე, რომლითაც ქარელის რაიონული სასამართლოს 2003წ. 8 აპრილის განაჩენი მ. კ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.
აღწერილობითი ნაწილი:
ქარელის რაიონული სასამართლოს 2003წ. 8 აპრილის განაჩენით მ. კ-ნი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ს 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ს 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობითი მსჯავრით 3 წლით გამოსაცდელი ვადის დანიშვნით.
აღნიშნული განაჩენი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 7 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
განაჩენით მ. კ-ნს მსჯავრი დაედო ჩ. ბ-ის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისათვის, ე.ი. სხეულის დაზიანებისათვის, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2002წ. 3 აპრილს, დაახლოებით 12 საათზე, მ. კ-ნი და ჩ. ბ-ლი შეკამათდნენ, რადგან მ. კ-მა გადაბარა ჩ. ბ-ის ნაკვეთთან მისასვლელი ბილიკის ნაწილი. ჩ. ბ-ლი მოერიდა კონფლიქტს მ. კ-თან, მივიდა მის შვილთან _ ზ. კ-თან და მიიყვანა მამასთან იმ მიზნით, რათა მას შეეწყვიტა გზის გადაბარვა. აღნიშნულის გარკვევის დროს მ. კ-მა ბარი პირით დაარტყა ჩ. ბ-ლს თავში და მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება.
საკასაციო საჩივრით ადვოკატი მ. ნ-ძე ითხოვს მ. კ-ის მიმართ სააპელაციო პალატის განაჩენის გაუქმებასა და საქმის წარმოებით შეწყვეტას. საჩივარში მითითებულია, რომ მ. კ-ნი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, რაც გამოწვეული იყო დაზარალებულ ჩ. ბ-ის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, სახელდობრ, ჩ. ბ-მა ამოიღო დანა ქარქაშიდან და შეეცადა მ. კ-ის შვილის _ ზ. კ-სათვის დარტყმას. მ. კ-ნს შეექმნა რეალური წარმოსახვა, რომ უკლავდნენ შვილს. ამის გამო, აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში მყოფმა, შვილის სიცოცხლის გადასარჩენად თვალდახუჭულმა ბარი მოუქნია ჩ. ბ-ლს.
საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებული მ. კ-ნი და მისი ადვოკატი მ. ნ-ძე მხარს უჭერენ საკასაციო საჩივარს.
პროკურორმა ბ. გ-ემ განაჩენი კაზარიანის მიმართ მიიჩნია კანონიერად და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ გამოიკვლია საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 7 ნოემბრის განაჩენი მ. კ-ის მიმართ კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
პალატა ვერ გაიზიარებს ადვოკატ მ. ნ-ის საკასაციო საჩივრის მოტივს იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულმა მ. კ-მა ჩ. ბ-ლს სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება მიაყენა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში მყოფმა.
დაზარალებულმა ჩ. ბ-მა როგორც წინასწარ გამოძიებაში, ისე სასამართლოში აჩვენა, რომ მ. კ-თან შეკამათება მოუხდა, ვინაიდან ამ უკანასკნელმა გადაბარა მის ბაღთან მისასვლელი საერთო სარგებლობის გზის ნაწილი. მოერიდა რა კონფლიქტის გამწვავებას, მეუღლისა და შვილის თხოვნით გადაწყვიტა მსჯავრდებულთან შვილის _ ზ. კ-ის მიყვანა, რაც შეასრულა კიდეც. მისვლისთანავე მ. კ-ნი გინებით წავიდა მისკენ, თან ბარი მოუქნია, რომელსაც ხელი დაუხვედრა და მკლავი ჩაუტყავა, მეორედ მოქნეული ბარი მოხვდა თავში, რის შემდეგაც ჩაიჩოქა.
დაზარალებული განმარტავს, რომ მ. და ზ. კ-ების მოკვლის განზრახვა არ ჰქონია, არც დანა ამოუღია დასარტყმელად. მათი მოკვლა რომ სდომებოდა, მოკლავდა კიდეც, ვინაიდან არის ძიუდოისტი და ორივეზე ფიზიკურად ძლიერია. თვითნაკეთი დანა დარტყმის დროს ამოუვარდა შარვლიდან, რომელიც ზ. კ-მა აიღო და მამას მიაწოდა. მ. კ-მა აღნიშნული დანა 10 დღის შემდეგ ჩააბარა პოლიციას.
ის, რომ დაზარალებულ ჩ. ბ-ლს ზ. კ-თან არდ.არი უთანხმოება ან კამათი არ მოსვლია, პირიქით, იგი სიტუაციის გარკვევის მიზნით ხელგადახვეული მიიყვანა მამასთან _ მ. კ-თან, დასტურდება თვით მოწმე ზ. კ-ის ჩვენებებითაც. სხვა რაიმე ობიექტური მტკიცებულება, რომ ჩ. ბ-ლს ჰქონდა მ. და ზ. კ-ების მოკვლის განზრახვა, საქმეში არ მოიპოვება. ამდენად, პალატა ეთანხმება სასამართლოს დასაბუთებას, რომ, შესაბამისად, არც ჩ. ბ-ის მხრიდან არსებობდა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულმა მ. კ-მა ურთიერთშელაპარაკებისას ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მიაყენა ჩ. ბ-ლს, ე.ი. ჩაიდინა სსკ-ს 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
რაც შეეხება სასჯელს, პალატა თვლის, რომ განაჩენი კანონიერია სასჯელის ნაწილშიც. მ. კ-ნს სასჯელი _ პირობითი მსჯავრი _ შეეფარდა ჩადენილი ქმედებისა და მისი პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით, ამდენად, პალატა არ იზიარებს საკასაციო საჩივრის მოტივაციას მ. კ-ის მიმართ განაჩენის გაუქმებისა და საქმის წარმოებით შეწყვეტის შესახებ.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ს 561-ე, 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 7 ნოემბრის განაჩენი მ. კ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.