საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 2კ-1დად.-04 15 იანვარი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მ. ტურავა (თავმჯდომარე),თ. ლ.აშვილი,დ. სულაქველიძე
განიხილა გ. ჭ-ის კერძო საკასაციო საჩივარი სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2003წ. 11 ნოემბრის დადგენილებაზე, რომლითაც ძალაში დარჩა საქართველოს შს საგამოძიებო დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული განყოფილების 2003წ. 2 სექტემბრის დადგენილება სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1998წ. 10 ნოემბერს საქართველოს შს სამინისტროს განცხადებით მიმართა სამტრედიის სააქციო საზოგადოება ,,---ის” _ ყოფილი ,,---” ფაბრიკის და ამჟამად სს “---ის” ფაბრიკის ---მა გ. ჭ-მა. განცხადებით გ. ჭ-ლი დანაშაულის ჩადენაში ამხელდა --- ბატალიონის ---ს გ. რ-ლს და მის თანმხლებ ათამდე ---ებს. კერძოდ, განცხადებაში გ. ჭ-ლი უთითებს, რომ 1992წ. თებერვალ-მარტში --- ფაბრიკაში, მის სამუშაო კაბინეტში, შევიდა --- ბატალიონის ---ი გ. რ-ლი თანმხლებ შეიარაღებულ პირებთან ერთად და მუქარით მოსთხოვა ფაბრიკის კუთვნილი მიკროავტობუსის “ნისან-თრეიდის” გადაცემა. მას არ შეეძლო წინააღმდეგობის გაწევა, რადგან შეიარაღებულ პირებს შეეძლოთ მისი ფიზიკური განადგურება. იმის გამო, რომ არ სურდა შეიარაღებულ პირთათვის მოკროავტობუსის გადაცემა, ავტობუსის შენარჩუნების მიზნით, მან გ. რ-ლს მოსთხოვა ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოდან მოეტანა მომართვა მიკროავტობუსის ოფიციალურად --- სამინისტროსათვის გადაცემის თაობაზე იმ იმედით, რომ გ. რ-ლი ასეთ მომართვას ვერ წარმოადგენდა. გ. რ-მა 1992წ. 17 აპრილს მას წარუდგინა --- მომართვა, რის საფუძველზეც სამსახურში შექმნა კომისია, რომელმაც შეადგინა მიკროავტობუსის მიღება-ჩაბარების აქტი.
აღნიშნული განცხადება შესამოწმებლად გაეგზავნა იმერეთის მხარის --- სამმართველოს, შემდგომ კი _ სამტრედიის --- განყოფილებას.
1999წ. 26 იანვარს შს სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის სამტრედიის რაიონულ განყოფილებაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე საქართველოს --- ბატალიონის --ის, აწ გარდაცვლილი გ. რ-სა და მის თანმხლებ დაუდგენელ პირთა ჯგუფის მიმართ სამტრედიის ყოფილი ,,---” ფაბრიკის კუთვნილი “ნისან-თრეიდის” მარკის მიკროავტობუსის ყაჩაღური გზით გატაცების ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს სსკ-ს 96-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი ქვეპუნქტითა და სსკ-ს 143-ე მუხლის მესამე ნაწილით.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილად იქნა ცნობილი, რომ 1992წ. 22 აპრილს სამტრედიის ყოფილი ,,---” ფაბრიკის --- გ. ჭ-ის ¹-- ბრძანებით ფაბრიკის ბალანსზე არსებული მიკროავტობუსი “ნისან-თრეიდი” სახელმწიფო ნომერი --, გადაცემულ იქნა საქართველოს --- ბატალიონის ბალანსზე. ამავე ბრძანების თანახმად, მიკროავტობუსის შემოწმებისათვის და სათანადო მიღება-ჩაბარების აქტის გასაფორმებლად ფაბრიკის --- გ. ჭ-ის მიერ გამოიყო კომისია მისი მოადგილის ი. შ-ის თავმჯდომარეობით. აღნიშნული ბრძანებით გ. რ-ლს, როგორც --- ბატალიონის ---ს და მიმღებს, ეთხოვა მონაწილეობა მიეღო კომისიის მუშაობაში. აღნიშნულ ბრძანებას საფუძვლად დაედო ---ის, გენერალ-მაიორ ა. ნ-ის 1992წ. 17 აპრილის ¹-- მომართვა. მითითებული კომისიის მიერ 1992წ. 23-24 აპრილს შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტით მიკროავტობუსი გადაეცა ---ს გ. რ-ლს, როგორც თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს. აღნიშნული მიკროავტობუსი იმავე წლის 29 ივლისს გაფორმდა გ. რ-ის სახელზე.
1993წ. 5 იანვარს გ. რ-ლი გაურკვეველ ვითარებაში მოკლულ იქნა გურჯაანის რაიონის სოფ. ---ში. 1995წ. 30 აგვისტოს თავდაცვის სამინისტროსათვის ყოფილი ,,---” ფაბრიკის მიერ გადაცემული მიკროავტობუსი მემკვიდრეობის უფლებით გადაიფორმა გ. რ-ის მეუღლემ ე. ა-მა, რომელმაც ეს მიკროავტობუსი მოგვიანებით გაასხვისა. მიკროავტობუსი შეიძინა ქ. რუსთავში მცხოვრებმა გ. გ-ემ.
წინასწარმა გამოძიებამ სამართლებრივი შეფასება მისცა მის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და იმის გათვალისწინებით, რომ მიკროავტობუსი “ნისან-თრეიდის” გადაცემა ეროვნული გვარდიის 28-ე ბატალიონზე მოხდა --- სარდლის მოადგილის, --- ა. ნ-ის 1992წ. 17 აპრილის ¹-- მომართვის საფუძველზე ფაბრიკის დირექტორის გ. ჭ-ის ¹-- ბრძანებით, ასევე გ. ჭ-ის მიერ გამოყოფილი კომისიის მიერ 1992წ. 23-24 აპრილს შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტით და იქიდან გამომდინარე, რომ მიკროავტობუსი გ. რ-ლს გადაეცა, როგორც ეროვნული გვარდიის ---ს და როგორც თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს, გამოძიებამ ჩათვალა, რომ გ. რ-ის მოქმედება, კერძოდ კი მისი შეიარაღებული მისვლა ყოფილი ,,---ში,, და ფაბრიკის დირექტორისათვის ფაბრიკის კუთვნილი მიკროავტობუსის მოთხოვნა და მისი წაყვანა არ შეიცავს საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის, ყაჩაღობის შემადგენლობის ნიშნებს.
აღნიშნულის საფუძველზე სამტრედიის რაიონულმა პროკურატურამ 2003წ. 2 სექტემბრის დადგენილებით შეწყვიტა სისხლის სამართლის საქმე.
სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის დადგენილება დაინტერესებულმა პირმა გ. ჭ-მა გაასაჩივრა სამტრედიის რაიონულ სასამართლოში. რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა გ. ჭ-ის საჩივარი და უცვლელად დატოვა სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის დადგენილება.
კასატორი გ. ჭ-ლი საკასაციო საჩივრით ითხოვს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2003წ. 11 ნოემბრის დადგენილების გაუქმებასა და საქმის დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად სამტრედიის რაიონულ პროკურატურში დაბრუნებას იმ საფუძვლით, რომ გამოძიებამ და რაიონულმა სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და არასწორად ცნეს დადგენილად, რომ გ. რ-ის მოქმედებით არ განხორციელებულა დანაშაულებრივი ქმედება. კასატორის განმარტებით, 1992 წელს, როდესაც საქართველოში არსებობდა მძიმე საომარი ვითარება, ჯერ კიდევ თებერვლის თვეში გ. რ-მა შეიარაღებულ პირებთან ერთად აიძულა ფაბრიკის მძღოლი ო. კ-ძე მიკროავტობუსი იარაღის მუქარით გადაეცა მათთვის, რაც მძღოლმა შეასრულა. კასატორის განმარტებით, მხოლოდ ამის შემდეგ მივიდა ფაბრიკაში გ. რ-ლი დაახლოებით ათ შეიარაღებულ პირთან ერთად და კვლავ იარაღის მუქარით მოსთხოვა მიკროავტობუსის დოკუმენტების მათთვის გადაცემა. მათ იარაღის მუქარით აიძულეს ფაბრიკის ბალანსიდან თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე გადაეცა მიკროავტობუსი. კასატორის განმარტებით, მართალია, გ. რ-მა წარმოადგინა თავდაცვის სამინისტროდან მიკროავტობუსის სამინისტროსათვის გადაცემის მომართვა, მაგრამ რეალურად გ. რ-მა თვითონ მიისაკუთრა მიკროავტობუსი. კასატორის მითითებით, საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ გ. რ-ლს ეს მიკროავტობუსი თავდაცვის სამინისტროსათვის არ წარუდგენია, მიკროავტობუსი ეროვნული გვარდიის ბალანსზე არ აღრიცხულა და იგი გ. რ-მა თავის სახელზე, როგორც პირადი საკუთრება, ისე გაიფორმა, ხოლო გ. რ-ის გარდაცვალების შემდეგ მისმა მეუღლემ მემკვიდრეობით გადაიფორმა და გაასხვისა, რის შემდეგაც მიკროავტობუსის გასხვისება მოხდა რამდენჯერმე, რის თაობაზეც ამჟამად სამოქალაქო სამართალწარმოების წესით დავა მიმდინარეობს.
სასამართლო სხდომაზე გ. ჭ-მა მხარი დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას.
გ. ჭ-ის ინტერესების წარმომადგენელმა, ადვოკატმა მ. ხ-ემ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს
პროკურორმა ო. ნ-მა მხარი არ დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივარს და მოითხოვა სამტრედიის რაიონული სასამართლოს დადგენილების უცვლელად დატოვება იმ საფუძვლით, რომ გამოძიებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის დადგენილება კანონიერია. პროკურორის მითითებით, თუ ვის საკუთრებას წარმოადგენს მიკროავტობუსი და რამდენად კანონიერად ხდებოდა მისი გასხვისება, უნდა გადაწყდეს სამოქალაქო სამართალწარმოების გზით.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა მხარეებს, დაინტერესებულ პირს _ გ. ჭ-ლს, მისი ინტერესების წარმომადგენელს, ადვოკატ მ. ხ-ეს, პროკურორ ო. ნ-ლს, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ კერძო საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 1999წ. 26 იანვარს შს სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის სამტრედიის რაიონულ განყოფილებში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე საქართველოს --- ბატალიონის ---ის, აწ გარდაცვლილი გ. რ-სა და მის თანმხლებ დაუდგენელ პირთა ჯგუფის მიმართ სამტრედიის ყოფილი ,,---” ფაბრიკის კუთვნილი “ნისან-თრეიდის” მარკის მიკროავტობუსის ყაჩაღური გზით გატაცების ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს სსკ-ს 96-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი ქვეპუნქტითა და სსკ-ს 143-ე მუხლის მესამე ნაწილით.
საქმის მასალების თანახმად, 1992წ. 17 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის სარდლობამ, კერძოდ, ეროვნული --- მოადგილემ _ ---მა ა. ნ-მა ქ. სამტრედიის --- ფაბრიკის დირექტორს გაუგზავნა წერილი, რომლითაც --- ფაბრიკისაგან ითხოვდა ფაბრიკის კუთვნილი ,“ნისან-თრეიდის” მარკის მიკროავტობუსის გვარდიისათვის გადაცემას. აღნიშნული წერილი გ. რ-მა მიუტანა ფაბრიკის იმჟამინდელ დირექტორ გ. ჭ-ლს. გ. რ-ლს თან ახლდა ათამდე შეიარაღებული პირი. აღნიშნული წერილის საფუძველზე 1992წ. 22 აპრილს სამტრედიის ყოფილი ,,---” ფაბრიკის დირექტორმა გ. ჭ-მა გასცა ¹-- ბრძანება. ამ ბრძანების თანახმად, ფაბრიკის ბალანსზე არსებული მიკროავტობუსი “ნისან-თრეიდი”, გადაცემულ იქნა საქართველოს გვარდიის -- ბატალიონის ბალანსზე. ამავე ბრძანების თანახმად, მიკროავტობუსის შემოწმებისათვის და სათანადო მიღება-ჩაბარების აქტის გასაფორმებლად ფაბრიკის დირექტორმა გ. ჭ-მა გამოყო კომისია თავისი მოადგილის _ ი. შ-ის თავმჯდომარეობით. აღნიშნული ბრძანებით გ. რ-ლს, როგორც გვარდიის -- ბატალიონის უფროსს და მიმღებს, ეთხოვა მონაწილეობა მიეღო კომისიის მუშაობაში. მითითებული კომისიის მიერ 1992წ. -- აპრილს შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტით მიკროავტობუსი გადაეცა ეროვნული გვარდიის --- გ. რ-ლს, როგორც თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს. აღნიშნული მიკროავტობუსი იმავე წლის 29 ივლისს გაფორმდა გ. რ-ის სახელზე.
1993წ. 5 იანვარს გ. რ-ლი გაურკვეველ ვითარებაში მოკლულ იქნა გურჯაანის რაიონის სოფ. ---ში. 1995წ. 30 აგვისტოს თავდაცვის სამინისტროსათვის ყოფილი ,,---,, ფაბრიკის მიერ გადაცემული მიკროავტობუსი მემკვიდრეობის უფლებით გადაიფორა გ. რ-ის მეუღლემ ე. ა-მა, რომელმაც ეს მიკროავტობუსი მოგვიანებით გაასხვისა. მიკროავტობუსი შეიძინა ქ. რუსთავში მცხოვრებმა გ. გ-ემ.
პალატა თვლის, რომ რაიონულმა სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა წინასწარი გამოძიებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან მიკროავტობუსი “ნისან-თრეიდი” ეროვნული გვარდიის -- ბატალიონს გადაეცა ეროვნული ---ის მოადგილის, --- ა. ნ-ის 1992წ. -- აპრილის ¹-- მომართვის საფუძველზე ფაბრიკის დირექტორ გ. ჭ-ის ¹-- ბრძანებით, ასევე გ. ჭ-ის მიერ გამოყოფილი კომისიის მიერ 1992წ. 23-24 აპრილს შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტით და იქიდან გამომდინარე, რომ მიკროავტობუსი გ. რ-ლს გადაეცა, როგორც ეროვნული გვარდიის მეთაურს და როგორც თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს, რაიონულმა სასამართლომ სწორი დასკვნა გააკეთა იმის თაობაზე, რომ გ. რ-ის მოქმედება, კერძოდ, მისი შეიარაღებული მისვლა ყოფილი ,,---” ფაბრიკაში და ფაბრიკის დირექტორისათვის ფაბრიკის კუთვნილი მიკროავტობუსის მოთხოვნა და მისი წაყვანა არ შეიცავს საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის, ყაჩაღობის შემადგენლობის ნიშნებს.
როგორც საქმეში არსებული მასალებით არის დადგენილი, მიკროავტობუსი წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას, კერძოდ, სამტრედიის ყოფილი ,,---” ფაბრიკის საკუთრებას. საქმის მასალების მიხედვით, კერძოდ: საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის სარდლის მოადგილის, -- ა. ნ-ის 1992წ. 17 აპრილის წერილის საფუძველზე 1992წ. 22 აპრილს სამტრედიის ყოფილი ,,---” ფაბრიკის დირექტორმა გ. ჭ-მა გასცა ¹-- ბრძანება, რომლის თანახმადაც სახელმწიფოს ერთი უწყების, კერძოდ, ფაბრიკის ბალანსზე არსებული მიკროავტობუსი “ნისან-თრეიდი”, გადაცემულ იქნა მეორე სახელმწიფო უწყების- საქართველოს ეროვნული გვარდიის -- ბატალიონის ბალანსზე. აქედან გამომდინარე, საკასაციო საჩივარში მითითებულ მოტივებს, რომ გ. რ-ლს მიკროავტობუსი თავდაცვის სამინისტროსათვის არ წარუდგენია, მიკროავტობუსი ეროვნული გვარდიის ბალანსზე არ აღრიცხულა და იგი გ. რ-მა თავის სახელზე, როგორც პირადი საკუთრება, ისე გაიფორმა, ხოლო გ. რ-ის გარდაცვალების შემდეგ მისმა მეუღლემ მემკვიდრეობით გადაიფორმა და გაასხვისა, რის შემდეგაც მიკროავტობუსის გასხვისება მოხდა რამდენჯერმე, ეს საკითხები უნდა გაირკვეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
ზემოთ მითითებულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ გ. ჭ-ის კერძო საკასაციო საჩივარი სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2003წ. 11 ნოემბრის დადგენილებაზე, რომლითაც ძალაში დარჩა საქართველოს შს საგამოძიებო დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული განყოფილების 2003წ. 2 სექტემბრის დადგენილება სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ს 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ. ჭ-სა და მისი ინტერესების წარმომადგენლის, ადვოკატ მ. ხ-ის კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2003წ. 11 ნოემბრის დადგენილება, რომლითაც ძალაში დარჩა საქართველოს შს საგამოძიებო დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული განყოფილების 2003წ. 2 სექტემბრის დადგენილება გ. რ-სა და სხვათა ბრალდების სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.