დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 08.01.2004
საქმის ნომერი
2კ-4აპ.-04
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
08.01.2004

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

2კ-4აპ.-04 8 იანვარი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია,მ. ისაევი

განიხილა აფხაზეთის ა/რ პროკურატურის სახელმწიფო ბრალდების განყოფილების პროკურორის _ რ. გაბისონიას საკასაციო საჩივარი აფხაზეთის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 31 ოქტომბრის განაჩენზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და უცვლელად დარჩა მ. ჩ-ას მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს 2003წ. 4 სექტემბრის განაჩენი.

აღწერილობითი ნაწილი:

სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს 2003წ. 4 სექტემბრის განაჩენით მ. ჩ-ია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ს 184-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯარიმის _ 720 ლარის გადახდა. მას მსჯავრი დაედო იმაში, რომ 2003წ. 5 მაისს ქ. თბილისში, --- ეზოდან დროებითი გამოყენების მიზნით გაიტაცა მოქალაქე ი. ხ-ის კუთვნილი ავტომანქანა “ოპელ-ვექტრა”, რომლითაც გაემართა იპოდრომის მიმართულებით. გზაში მანქანაში ჩაისვა შემთხვევით შემხვედრი ნაცნობი და მოძრაობა გააგრძელა იპოდრომიდან ვაკე-საბურთალოს გადასასვლელ გზაზე, სადაც არ დაემორჩილა პოლიციის თანამშრომლების მოთხოვნას, გაეჩერებინა მანქანა, გაექცა მათ, დაბრუნდა --- დატოვა ავტომანქანა და თვითონ მიიმალა.

ზემოაღნიშნული განაჩენი სასჯელის მეტისმეტი ლმობიერების მოტივით აფხაზეთის ა/რ პროკურატურის სახელმწიფო ბრალდების განყოფილების პროკურორმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით. აფხაზეთის უმაღლესი სასამართლოს სააპელაციო პალატამ პროკურატურის საჩივარი არ დააკმაყოფილა და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი დატოვა უცვლელად.

პროკურორი უზენაეს სასამართლოში შეტანილი საკასაციო საჩივრით მიიჩნევს, რომ მ. ჩ-ია არასრულწლოვნობის დროს მსჯავრდებული იყო ანალოგიური დანაშაულისათვის, ნასამართლობის მოხსნის მიუხედავად, მიჩნეულ უნდა იქნას, რომ ის არ გამოსწორებულა და ამ ბოლო დანაშაულისათვის მას საპატიმრო სასჯელი უნდა შეფარდებოდა.

პალატის სხდომაზე პროკურორმა ბ. გ-ემ ითხოვა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება, რასაც მხარი არ დაუჭირა ადვოკატმა ა. კ-ამ.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია მ. ჩ-ას მიმართ განაჩენით შერაცხული ბრალდება, რასაც არ უარყოფს არც მსჯავრდებული და არც საკასაციო საჩივრის ავტორი _ პროკურორი.

რაც შეეხება სასჯელის ღონისძიებას, პალატა არ ეთანხმება საჩივრის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან მ. ჩ-ია არასრულწლოვნობის დროს მსჯავრდებული იყო, რომელსაც დადებითი დახასიათების გამო ნასამართლობა ვადამდე მოეხსნა, ამ ბოლო დანაშაულისათვის აუცილებლად პატიმრობით უნდა დაისაჯოს. სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ორგანოებმა გაითვალისწინეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი შემდეგი გარემოებები:

მ. ჩ-ია აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხასიათდება დადებითად, არის აფხაზეთიდან დევნილი, მის მიერ ჩადენილი დანაშაული არის ნაკლებად მძიმე კატეგორიის და არ მოჰყოლია რაიმე მძიმე შედეგი, ფაქტობრივად, ავტომანქანა თვითონვე უვნებლად დააბრუნა გატაცების ადგილზე, დაზარალებული არ ითხოვს მის დასჯას, ხანგრძლივი დროის განმავლობაში ბოტკინით დაავადების გამო განუვითარდა ღვიძლის ციროზი, ასტიტი, რაც მძიმე დაავადებაა და საჭიროებს სპეციალურ მკურნალობას. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი რაიმე გარემოება მას არ გააჩნია.

ზემოაღნიშნულ გარემოებათა გამო, პალატა თვლის, რომ მ. ჩ-ას მიმართ დადგენილი განაჩენი არის არამარტო კანონიერი, არამედ სამართლიანიც, რის გამოც პროკურორის საკასაციო საჩივარი, სასჯელის სიმსუბუქის მოტივით მისი გაუქმების თაობაზე, არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ს 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

პროკურორ რ. გ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 31 ოქტომბრის განაჩენი მ. ჩ-ას მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა, არ საჩივრდება და მისი გადასინჯვა დაიშვება მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში.