დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 11-აპ 13 იანვარი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მ. ტურავა (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე,მ. გოგელია
განიხილა მსჯავრდებულ მ. ხ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 27 ოქტომბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
მ. ხ-ძე მსჯავრდებულია თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 28 ივლისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის _ ხულიგნობის _ ჩადენისათვის.
განაჩენის მიხედვით მ. ხ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
2003წ. 1 აპრილს, 1 საათსა და 50 წუთზე, თბილისის სადგურის --- სართულზე მთვრალმა მ. ხ-ემ უმიზეზოდ აგინა ჯიხურის გამყიდველ ნ. ც-ას. ძალადობით, რაც გამოიხატა ფეხის ჩარტყმით მარჯვენა ბარძაყსა და ხელის რამდენჯერმე გარტყმით სახის არეში, ნ. ც-ას მიაყენა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რასაც ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია. მ. ხ-ის ქმედების შედეგად შეგროვდა ხალხი, დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი და გამოხატა აშკარა უპატივცემულობა შეგროვილი საზოგადოებისადმი. მისი ხულიგნური ქმედება გაგრძელდა 5-6 წუთი და აღკვეთილ იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ.
ჩადენილი დანაშაულისათვის სასამართლომ მ. ხ-ეს სასჯელის ზომად განუსაზღვრა ჯარიმა 100 ლარის ოდენობით, რასაც დაუმატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 6 თვით საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
აღნიშნული განაჩენი მსჯავრდებულმა მ. ხ-ემ გაასაჩივრა თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. სააპელაციო საჩივრით იგი ითხოვდა სასჯელის შემსუბუქებას, კერძოდ, მის მიმართ ისეთი ღონისძიების გამოყენებას, რაც არ იქნებოდა დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან.
სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი საჩივარი და უცვლელად დატოვა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 28 ივლისის განაჩენი.
მ. ხ-ემ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 27 ოქტომბრის განაჩენის თაობაზე საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც ითხოვს ამ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით _ არის ზედმეტად მკაცრი.
პალატის სხდომაზე განხილვისას პროცესში მონაწილე პროკურორმა გ. ა-ამ მხარი არ დაუჭირა საჩივარს, რომელიც ითხოვს მსჯავრდებულ მ. ხ-ის მიმართ სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 27 ოქტომბრის განაჩენის უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები და მოუსმინა პროკურორს, მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს Eშემდეგ გარემოებათა გამო:
ის გარემოება, რომ მ. ხ-ემ ნამდვილად ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, უდავოდ დასტურდება საქმის მასალებით. ასევე უდავოდ დასტურდება ის ფაქტიც, რომ მ. ხ-ძე იყო ნასამართლევი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, რის გამოც მას შეფარდებული ჰქონდა თავისუფლების აღკვეთა სამი წლის ვადით, რაც სასამართლომ ჩაუთვალა პირობით და გამოსაცდელად დაუნიშნა ორი წელი. ახალი დანაშაული მან ჩაიდინა გამოსაცდელი ვადის გასვლამდე. კანონის, კერძოდ, სსკ-ს 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში ჩაიდინა განზრახი დანაშაული, სასამართლო აუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს უნიშნავს სასჯელს სსკ-ს 61-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. სსკ-ს 60-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით დადგენილ განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნის წესის მიხედვით, სასამართლოს შეეძლო დაენიშნა სასჯელი, რომელიც უფრო მეტი იქნებოდა, როგორც ახლად ჩადენილი დანაშაულისათვის დანიშნულ სასჯელზე, ისე წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილზე, მაგრამ, რადგან ბრალდების მხარის საჩივარი არ არის წარმოდგენილი, საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს ამ საკითხზე, ვინაიდან იგი აუარესებს მსჯავრდებულის მდგომარეობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს კანონიერი საფუძველი მ. ხ-ის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენებისათვის, ამდენად, სრულიად დასაბუთებულია სასამართლოს მიერ მის მიმართ სასჯელის ზომად თავისუფლების აღკვეთის გამოყენება ახალი დანაშაულისათვის განსაზღვრულ ჯარიმასთან ერთად. ამრიგად, არ არსებობს კანონიერი საფუძველი მსჯავრდებულ მ. ხ-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფლებისათვის, რის გამოც თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 27 ოქტომბრის განაჩენი მის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ს 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ მ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილეს უსაფუძვლობის გამო.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 27 ოქტომბრის განაჩენი მსჯავრდებულ მ. ხ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.