დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 27.01.2004
საქმის ნომერი
2კ-11დად.-04
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
27.01.2004

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹11-დად 27 იანვარი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია,ი. ბიბილაშვილი

განიხილა სს “---ის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის _ გ. ქ-ის კერძო საკასაციო საჩივარი გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2003წ. 2 დეკემბრის დადგენილებაზე, რომლითაც უცვლელად დარჩა საგამოძიებო დეპარტამენტის განყოფილების გამომძიებლის 2003წ. 25 სექტემბრის დადგენილება “---ის” ყოფილი დირექტორის _ ი. ბ-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ.

საჩივარი ითხოვს სასამართლოსა და გამომძიებლის დადგენილებების გაუქმებასა და საქმეზე სრულყოფილი გამოძიების ჩატარებას.

აღწერილობითი ნაწილი:

სს “---ის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გ. ქ-მა 2002წ. მაისში განცხადებით მიმართა გურჯაანის რაიონის პროკურორს, რომელშიაც მიუთითებს, რომ “---ის” დირექტორად ი. ბ-ის მუშაობის პერიოდში (1993-2001 წ.წ) ამ ორგანიზაციაში ადგილი ჰქონდა მთელ რიგ დანაშაულებრივ ქმედებებს, სახელდობრ: ბუნებრივი გაზის მრიცხველის დაყენებისათვის მოქალაქეს უნდა გადაეხადა 145 ლარი. სალაროში კი ფაქტობრივად შედიოდა 25-30 ლარი. დირექტორ ი. ბ-ის მითითებით ქალაქის ტერიტორიაზე იჭრებოდა დამონტაჟებული გაზსადენები და გარკვეული თანხის საფასურად ხდებოდა მათი დამონტაჟება სხვა ადგილებში მაშინ, როცა ფულადი შემოსავლები ორგანიზაციის ბუღალტერიაში არ აღირიცხებოდა.

2000წ. განმავლობაში “---ის” თანამშრომლებმა გაზიფიკაციის სამუშოები შეასრულეს “--- ბანკის” გურჯაანის ფილიალში და ,,---ის” გურჯაანის ¹-- ფილიალში, მაგრამ შესრულებული სამუშაოების ღირებულება _ 3475 ლარი _ “---ის” ბუღალტერიაში არ შემოსულა. გარდა ამისა, დგებოდა გაზსადენის დაზიანების ყალბი აქტები იმის თაობაზე, რომ თითქოს ჰაერში იკარგებოდა დიდი რაოდენობის აირი.

აღნიშნული განცხადების შემოწმების მასალებზე 2003წ. 31 მარტს გურჯაანის რაიონის პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რომლის გამოძიება დაევალა საგამოძიებო დეპარტამენტის გურჯაანის განყოფილების გამომძიებელ გ. პ-ლს.

2003წ. 25 სექტემბერს გამომძიებელმა გამოიტანა დადგენილება ი. ბ-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ. დადგენილება დაამტკიცა გურჯაანის რაიონის პროკურორმა. 30 სექტემბერს კი გამომძიებელმა გამოიტანა დადგენილება კონკრეტული დამნაშავე პირის დადგენამდე გამოძიების შეჩერების შესახებ.

გამომძიებლის დადგენილება ი. ბ-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ უკანონოდ მიიჩნია რა “გ-ის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გ. ქ-მა, მისი გაუქმების მიზნით საჩივრით მიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს. სასამართლომ საჩივარი არ დააკმაყოფილა და გამომძიებლის დადგენილება დატოვა უცვლელად.

პალატის სხდომაზე ადვოკატმა ნ. ს-მა და კასატორმა გ. ქ-მა ითხოვეს საჩივრის დაკმაყოფილება. ი. ბ-მა კერძო საკასაციო საჩივარი მიიჩნია სრულიად უსაფუძვლოდ. საჩივარს მხარი არ დაუჭირა პროკურორმა გ. ყ-მა და განმარტა, რომ იმ ახალი გარემოებების გათვალისწინებით, რომლის შესახებ პალატის სხდომაზე კასატორის მხარემ განაცხადა, უახლოეს პერიოდში საქმეზე განახლდება გამოძიება, ჩატარდება სრულყოფილი შემოწმება და შედეგის მიხედვით მიღებული იქნება საბოლოო გადაწყვეტილება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სასამართლოს დადგენილება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლომ სრულყოფილად შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოუსმინა პროკურორსა და გამომძიებელს, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ი. ბ-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილება დასაბუთებულია და გამომდინარეობს გამოძიების მასალებიდან.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსამართლეს ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად საკმაო საფუძველი გააჩნდა. კერძო საკასაციო საჩივარი კი მოკლებულია კონკრეტულობას, დაუსაბუთებელია და მხოლოდ მოსაზრებებს ეყრდნობა. კასატორმა ვერც პალატის სხდომაზე მიუთითა რაიმე კონკრეტულ გარემოებასა და გამომძიებლის დადგენილებაში აღნიშნული ფაქტების უსწორობაზე. ვერ დაასახელა, ყოფილი დირექტორის _ ი. ბ-ის რა ქმედება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის დანაშაულად და მისმა ქმედებამ კონკრეტულად რა ზარალი მიაყენა სააქციო საზოგადოებას.

გარდა ზემოაღნიშნულისა, პალატა მხედველობაში იღებს პროკურორის იმ განმარტებასაც, რომ იგი უახლოეს პერიოდში გააუქმებს საქმეზე გამოძიების შეჩერების დადგენილებას, განახლდება გამოძიება და სრულყოფილად იქნება შესწავლილი ყველა ის სადავო საკითხი, რომელთა შესახებაც კასატორმა მხოლოდ ამჟამად განაცხადა პალატის სხდომაზე და მანამდე გამოძიების წინაშე არ ყოფილა დაყენებული.

პალატა თვლის, რომ ი. ბ-ის მიმართ გამოტანილი სისხლისსმართლებრივი დევნის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილებით გამოძიება შეზღუდული არ არის, გამოძიების განახლების შემდეგ, დანაშაულებრივი ფაქტების დადგენის შემთხვევაში, იმსჯელოს ამ ფაქტების ირგვლივ, როგორც თვით ი. ბ-ის, ასევე სხვა პირთა პასუხისმგებლობის თაობაზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ს 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე, 571-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გ. ქ-ის კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2003წ. 2 დეკემბრის დადგენილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა გ. ქ-ის საჩივარი ი. ბ-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ გამომძიებლის 2003წ. 25 სექტემბრის დადგენილების გაუქმების თაობაზე, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.