საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 13-აპ 16 იანვარი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),თ. ლ.აშვილი,დ. სულაქვლიძე
განიხილა დაზარალებულების _ ნ. ბ-სა და მ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 20 ნოემბრის განაჩენზე, რომლითაც პ. კ-ეს საქართველოს სსკ-ს 276-ე მუხლის პირველი, მესამე და მეშვიდე ნაწილებით მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. შპს “---კს” დაეკისრა დაზარალებულთა სასარგებლოდ მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება შემდეგი ოდენობით: ლ. ლ-ის სასარგებლოდ _ თორმეტი ათასი ლარი, ნ. ბ-ის, მ. მ-სა და ნ. ბ-ის სასარგებლოდ _ თერთმეტ-თერთმეტი ათასი ლარი, რ. ჟ-ის, ა. ა-ას, კ. ბ-ის, ლ. ტ-ისა და ი. თ-ის სასარგებლოდ _ ათ-ათი ათასი ლარი, მ. ნ-ისა და ე. ჟ-ის სასარგებლოდ _ ცხრა-ცხრა ათასი ლარი, ნ. ხ-ის სასარგებლოდ _ შვიდი ათასი ლარი, მ. ლ-ის, ვ. მ-ისა და ლ. გ-ის სასარგებლოდ _ ექვს-ექვსი ათასი ლარი და მ. მ-ის სასარგებლოდ _ ხუთი ათასი ლარი.
ნ. ბ-სა და მ. მ-ის საკასაციო საჩივარი ითხოვს: შპს “---ის”, ქ. თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურისა და ქ. თბილისის საგზაო პოლიციის ხელმძღვანელ მუშაკთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გადაწყვეტას, მსჯავრდებულ თ. ჯ-ის მიმართ სასჯელის გამკაცრებას, მატერიალური და მორალური ზიანისათვის ასანაზღაურებელი თანხის გაზრდას 24 ათას ამერიკულ დოლარამდე და ამ თანხის გადასახდელად ქ. თბილისის მერიასა და შპს “---ზე” სოლიდარულად დაკისრებას.
საკასაციო პალატაში დამატებით შემოვიდა 14 სხვა დაზარალებულის ერთობლივი საკასაციო საჩივარი იმ მოთხოვნით, რომ სამოქალაქო სარჩელის ნაწილში შეიცვალოს განაჩენი და მიყენებული ზიანის ანაზღაურება დაეკისროს ქ. თბილისის მერიას.
აღნიშნული საკასაციო საჩივარი შედგენილია კანონით გათვალისწინებული გასაჩივრების ვადის დარღვევით, რის გამოც პალატამ განსახილველად არ დაუშვა.
აღწერილობითი ნაწილი:
გასაჩივრებული განაჩენით პ. კ-ეს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია შვიდი ადამინის სიცოცხლის მოსპობა და რამდენიმე პირის ჯანმრთელობის მძიმე და ნაკლებად მძიმე დაზიანება. ყოველივე ეს გამოიხატა შემდეგში:
პ. კ-ძე მძღოლად მუშაობდა შპს ---” და მასზე განპირობებულ იყო სამგზავრო ავტობუსი “ლაზ-695”. 2001წ. ივნისის შუა რიცხვებში პ. კ-ემ სათანადო ნებართვის გარეშე, ექსპლუატაციის წესების დარღვევით, ავტობუსის იატაკის ქვეშ დაამაგრა ბუნებრივი აირის 6 ბალონი, რაც, უსაფრთხოების თვალსაზრისით, დაუშვებელი იყო.
2001წ. 10 ივლისს, დაახლოებით 17 საათზე, პ. კ-ძე მასზე გაპიროვნებული ზემოაღნიშნული ავტობუსით მოძრაობდა ქ. თბილისში ¹-- მარშუტზე -- ¹-- სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტობუსის იატაკის ქვეშ დამონტაჟებული 3 ბალონის შემაერთებელი ალუმინის შენადნობისაგან დამზადებული მილის დაზიანების გამო, ავტობუსის სალონში მოხდა ბუნებრივი აირის გაჟონვა, რამაც გამოიწვია ხანძარი. ხანძრის შედეგად ავტობუსში მყოფმა შვიდმა მგზავრმა: ვ. ბ-მა, ო. კ-ემ, რ. ბ-მა, შ. მ-ამ, შ. ბ-მა, ფ. ჟ-მა და ც. თ-ემ მიიღეს სასიკვდილო მძიმე დამწვრობა და გარდაიცვალნენ. ხუთმა მგზავრმა: ნ. ხ-მა, ე. ჟ-მა, ვ. ნ-მა, მ. მ-ემ და ნ. ბ-ემ მიიღეს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. ოთხმა მგზავრმა: ვ. მ-ემ, მ. ლ-მ, ლ. გ-მა და თ. გ-ემ კი _ ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
ამავე საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 17 თებერვლის განაჩენით პირობითი სასჯელით (ხუთი წლის გამოსაცდელი ვადით) მსჯავრდებულია შპს ---ის” დისპეტჩერ-მექანიკოსი თ. ჯ-ძე, რომლის მიმართ განაჩენი შესულია კანონიერ ძალაში.
პალატის სხდომაზე კასატორმა ნ. ბ-ემ ითხოვა თავისი და დედამისის _ მ. მ-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება, მაგრამ სხვა დაზარალებულთა მოსმენის შემდეგ დააზუსტა მოთხოვნა და განმარტა, რომ არ იქნება არც იმის წინააღმდეგი, თუ საკასაციო პალატა გასაჩივრებულ განაჩენს უცვლელად დატოვებს.
დაზარალებულებმა: ნ. ხ-მა, ნ. ბ-მა, ლ. ლ-მა და კ. ა-მ, მას შემდეგ, რაც გაეცნენ ქ. თბილისის მერიის უფლებამოსილი წარმომადგენლის _ გ. ზ-ისა და მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ---ის _ ო. ჭ-ის ოფიციალურ წერილებს, ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
მოპასუხის წარმომადგენელმა _ მ. მ-ემ, თბილისის მერიის წარმომადგენლებმა _ გ. ზ-მა და ვ. ა-ემ, პროკურორმა ბ. გ-ემ მხარი დაუჭირეს განაჩენის უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივართა საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებული პ. კ-ძე და მოპასუხე ორგანიზაცია განაჩენს ეთანხმებიან და მას არ ასაჩივრებენ. განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა პალატის სხდომაზე გამოცხადებულმა დაზარალებულთა უმრავლესობამ იმ მოტივით, რომ საქმის განხილვის კიდევ გაჭიანურება მათ მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ, თანახმა არიან, ზიანი აუნაზღაურდეთ განაჩენით დადგენილი ოდენობით. განაჩენის უცვლელად დატოვებას მხარი დაუჭირა პროკურორმა ბ. გ-ემ.
რაც შეეხება დაზარალებულების _ მ. მ-სა და ნ. ბ-ის საჩივრის მოთხოვნებს, პალატა მათ მიიჩნევს უსაფუძვლოდ შემდეგ გარემოებათა გამო: შპს ---ის”, ქ. თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის და საგზაო პოლიციის მუშაკთა პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტა მსჯელობის საგანი არ ყოფილა გამოძიებისა და ქვემდგომ სასამართლო ორგანოებში საქმის განხილვის დროს. ამდენად, ამ საკითხზე საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს.
საკასაციო პალატის მსჯელობის საგანი არ არის არც მსჯავრდებულ თ. ჯ-ის მიმართ შეფარდებული სასჯელის კანონიერების განხილვა. თ. ჯ-ს მიმართ დადგენილი განაჩენი შესულია კანონიერ ძალაში და ამ ეტაპზე საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს მისი კანონიერების გადასინჯვის თაობაზე.
პალატა ასევე უფლებამოსილი არ არის, არსებითი გადაწყვეტილება მიიღოს სამოქალაქო სარჩელის გაზრდისა და მისი სხვა მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე. პალატა სამოქალაქო სარჩელის ნაწილში ვერც განაჩენის გაუქმების გადაწყვეტილებას მიიღებს შემდეგი ორი გარემოების გამო: დაზარალებულებს _ ნ. ბ-სა და მ. მ-ეს არდ.არი საბუთი არ გააჩნიათ იმის დასადასტურებლად, რომ მათი მატერიალური ზარალი აღემატება განაჩენით დაკმაყოფილებულ სარჩელს. გარდა ამისა, ასეთი გაზრდილი სარჩელი მათ საქმის პირველი ინსტანციისა და სააპელაციო განხილვის დროს არ დაუყენებიათ. საჩივარში სასარჩელო თანხის გაზრდის მოტივად მითითებულია ის, რომ მომავალში მათი მკურნალობისათვის საკმარისი არ იქნება განაჩენით მოპასუხე ორგანიზაციისათვის გადასახდელად დაკისრებული თერთმეტი ათასი ლარი. ამასთან დაკავშირებით პალატა კასატორებსა და სხვა დაზარალებულებს განუმარტავს, რომ ისინი უფლებამოსილი არიან, სამოქალაქო სამართალწარმოების გზით მოითხოვონ მომავალში გამოვლენილი იმ ზიანის ანაზღაურება, რაც დაკმაყოფილებულ სასარჩელო თანხას აღემატება.
ამრიგად, პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განაჩენის შეცვლის ან გაუქმების კანონიერი საფუძველი საქმის მასალებსა და წარმოდგენილ საკასაციო საჩივრებში არ მოიპოვება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ს 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
დაზარალებულების _ მ. მ-სა და ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 20 ნოემბრის განაჩენი პ. კ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოა და მისი გადასინჯვა დაიშვება მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში.