დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 15-აპ 15 იანვარი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მ. ისაევი (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,მ. გოგელია
განიხილა პროკურორ გ. ქ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 5 ნოემბრის განაჩენზე, რომლითაც უცვლელად დარჩა ქარელის რაიონული სასამართლოს 2003წ. 22 სექტემბრის განაჩენი თ. ს-ის მიმართ.
აღნიშნული განაჩენით თ. ს-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ს 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც სსკ-ს 63-ე მუხლის საფუძველზე შეეცვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა სამი წელი.
აღწერილობითი ნაწილი:
განაჩენით თ. ს-ლს მსჯავრი დაედო იმაში, რომ მან დანის ერთჯერადი დარტყმით სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება მიაყენა მამამისს _ ნ. ს-ლს. კერძოდ, მათ 2003წ. 25 მაისს მეზობელთან მიიღეს ალკოჰოლური სასმელი და ორივენი დაბრუნდნენ სახლში. დაახლოებით 23 საათზე თ. და ნ. ს-ებს მოუვიდათ ურთიერთშელაპარაკება, რა დროსაც თ. ს-მა დანის მუცლის არეში ერთხელ დარტყმით ნ. ს-ლს მიაყენა სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი გ. ქ-ლი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას და საქმის ხელახალი განხილვისათვის გადაცემას, მიუთითებს, რომ თ. ს-ის მიმართ შეფარდებული სასჯელი არის აშკარად მსუბუქი, რადგან იგი ადრე ორჯერ არის გასამართლებული ქურდობის ჩადენისათვის; ამჟამად ჩადენილი აქვს მძიმე დანაშაული და იყო მთვრალი.
პალატის სხდომაზე პროკურორმა ბ. გ-ემ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან მხარი დაუჭირა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა პროკურორის პოზიცია და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე დადგენილი განაჩენი არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით მსჯავრდებულ თ. ს-ის მიერ ჩადენილი დანაშაული დადგენილია და მის ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება. სასჯელის განსაზღვრისას სასამართლომ გაითვალისწინა ის, რომ მსჯავრდებული არის დაზარალებულის შვილი, მამამ აპატია მას ჩადენილი დანაშაული და სასამართლოს სთხოვა, რომ თ. ს-ლი არ ყოფილიყო საზოგადოებისაგან იზოლირებული, იგი დამდგარია გამოსწორების გზაზე.
პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ თ. ს-ის სიმთვრალეს არ შეიძლება მიეცეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების მნიშვნელობა, ვინაიდან, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, თ. ს-ლს ალკოჰოლური სასმელი დანაშაულის ჩასადენად არ მიუღია. მეზობელთან სასმელის მიღების შემდეგ დაბრუნდა სახლში, შევიდა თავის ოთახში და დაიძინა. ამ დროს მას თავზე დაადგა დაზარალებული, გააღვიძა და დაუწყო კამათი, რა დროსაც თ. ს-მა სხეულის მძიმე დაზიანება მიაყენა ნ. ს-ლს.
სასამართლომ თ. ს-ლს ადრინდელი ნასამართლობა არ მიიჩნია პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად, რადგან ადრე მას ჩადენილი ჰქონდა ქურდობა, ამჟამად კი ჩაიდინა სხეულის დაზიანება.
პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ თ. ს-ის მიმართ შეფარდებული სასჯელი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს აშკარად მსუბუქ სასჯელად და ამ მოტივით განაჩენის გაუქმების საფუძველი არ მოიპოვება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ს 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 5 ნოემბრის განაჩენი თ. ს-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.