საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 16-კოლ 20 იანვარი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,მ. ისაევი
განიხილა მსჯავრდებულ ბ. ყ-ას საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 14 ნოემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
გასაჩივრებული განაჩენით ბ. ყ-ია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 18,109-ე მუხლის “გ”, “თ”, “ი” პუნქტებით და სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელს იხდის 2003წ. 19 იანვრიდან.
იმავე განაჩენით 14 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი რ. ფ-ვს, რომელიც განაჩენს არ ასაჩივრებს.
ბ. ყ-სა და რ. ფ-ვს მსჯავრი დაედოთ შემდეგი მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენაში:
თვითგამოცხადებული აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის უშიშროების ერთ-ერთმა თანამშრომელმა ორგანიზება გაუკეთა საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გალის რაიონის გამგებლის მოადგილე დ. შ-ას განზრახ მკვლელობის მომზადებას. ამ მიზნით 2002წ. ოქტომბერში იგი დაუკავშირდა აწ გარდაცვლილი თავისი ნაცნობის შვილს – ბ. ყ-ას და შეუკვეთა დ. შ-ას მოკვლა, რისთვისაც შეჰპირდა, რომ 5000 აშშ დოლარს გადაუხდიდა. შეთავაზებულ წინადადებას ბ. ყ-ია დათანხმდა და გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა კუსტარულად დამზადებული “პსმ”-ის სისტემის მაყუჩიანი, ატიპიური ცეცხლსასროლი იარაღი და ორი ცალი “ფ-1” ტიპის ხელყუმბარა.
ბ. ყ-ამ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მომზადებისათვის განზრახ შექმნა ყველა პირობა, კერძოდ: ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის შეძენისა და დ. შ-ას ფოტოსურათის მოპოვების შემდეგ დაუკავშირდა თავის ნაცობს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს, გალის რაიონის ტერიტორიაზე მოქმედ აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის უშიშროების სამსახურის --- რ. ფ-ვს, რომელსაც 1000 აშშ დოლარის საფასურად შეუკვეთა დ. შ-ას მოკვლა. რ. ფ-ვი დათანხმდა ბ. ყ-ას შეთავაზებულ წინადადებას.
დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად 2002წ. ნოემბერში ბ. ყ-ამ სოფ. ჭ-იდან რ. ფ-ვი ჩაიყვანა ჯერ _ ზუგდიდში, შემდეგ კი _ ქ. თბილისში, სადაც მას აცხოვრებდა კონსპირაციულად --- ბინაში. ამ პერიოდში ბ. ყ-ამ რ. ფ-ვს აჩვენა დ. შ-ას ბინა, მდებარე --- კორპუსში, დეტალურად შეასწავლა აღნიშნულ მისამართზე მისასვლელი გზა და გადასცა დ. შ-ას ფოტოსურათი, მის მიერ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღი და ორი ცალი ხელყუმბარა.
რ. ფ-მა შეკვეთილი მკვლელობის გაადვილების მიზნით შეარჩია მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის ახლოს მდებარე, იმავე მიკრორაიონის მეორე კორპუსის სხვენი, საიდანაც 2003წ. იანვრის დასაწყისიდან 18 იანვრამდე ფარულად უთვალთვალებდა და სწავლობდა დ. შ-ას მოძრაობის გრაფიკს.
2003წ. 18 იანვარს ბ. ყ-ამ რ. ფ-ვს შეატყობინა, რომ დ. შ-ია იმ დღეს, საღამო ჟამს, აუცილებლად მივიდოდა სახლში.
18 ნოემბერს, დაახლოებით 20 საათზე, ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის შინაგან საქმეთა სამმართველოს პირველი განყოფილების მუშაკები _ ლ. ბ-რი, გ. წ-ძე და მ. ს-ლი ამ უკანასკნელის ატომანქანით დანაშაულის აღკვეთა-აცილების მიზნით შემოვლაზე გავიდნენ თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე. მათ --- სადარბაზოსთან შენიშნეს უცნობი პირი, რომელიც რ. ფ-ვი აღმოჩნდა, საეჭვოდ მიიჩნიეს იგი და ვინაობის დადგენის მიზნით მოსთხოვეს პირადობის დამადასტურებელი საბუთი. ამ მომენტში მათ შენიშნეს, რომ რ. ფ-ვს თან ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი, რის გამოც შეეცადნენ მის დაკავებას. პოლიციელთა საქმიანობის შეწყვეტისა და მათი განზრახ მოკვლის მიზნით რ. ფ-მა ქურთუკის ჯიბიდან ამოიღო “ფ-1” ტიპის ხელყუმბარა, მოხსნა დამცავი რგოლი და გადააგდო პოლიციელების მიმართულებით. ხელყუმბარის აფეთქების შედეგად გ. წ-ემ, ლ. ბ-მა და მ. ს-მა მიიღეს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ხოლო თვით რ. ფ-მა _ მსუბუქი დაზიანება. დაჭრილ გ. წ-ეს მიწაზე დაცემისას ხელიდან დაუვარდა სამსახურებრივი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც აიღო რ. ფ-მა, მოიყვანა საბრძოლო მდგომარეობაში და პოლიციელთა მოკვლის მიზნით, რაც საფრთხეს უქმნიდა სხვა პირთა სიცოცხლესაც, ცეცხლი გახსნა მათი მიმართულებით. დაჭრილმა პოლიციელებმა თავი შეაფარეს იქვე, ახლოს არსებულ აფთიაქსა და სუპერმარკეტს, შემდეგ კი შეძლეს დამხმარე ძალების გამოძახება, რომელთა მიერვე დაკავებულ იქნა რ. ფ-ვი. მეორე დღეს დააკავეს ასევე ბ. ყ-იაც.
მსჯავრდებული ბ. ყ-ია საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ მისი ბრალეულობის დასადასტურებლად სასამართლო კოლეგიას არდ.არი მტკიცებულება არ გააჩნდა. ამ მოტივით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას.
პალატის სხდომაზე პროკურორმა ე. ქ-ამ ითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა პროკურორს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო გამოკვლევა ჩატარებულია სრულყოფილად და საპროცესო კანონმდებლობის დაცვით. სასამართლო კოლეგიამ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები გამოიკვლია ობიექტურად და მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება. დადგენილი განაჩენი არის დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი.
პალატა არ იზიარებს საკასაციო საჩივრის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ თითქოს საქმეში არ არსებობს არდ.არი მტკიცებულება ბ. ყ-ას დამნაშავედ ცნობისათვის.
ბ. ყ-ამ ეჭვმიტანილად და ბრალდებულად დაკითხვის დროს, 2003წ. 19 და 20 იანვარს, ადვოკატის თანდასწრებით აღიარა დ. შ-ას მკვლელობის მომზადებაში მისი მონაწილეობა და დეტალურად აღწერა როდის, სად და ვისგან მიიღო ამის დავალება. აღნიშნული ჩვენებების უსწორობისა და მისგან იძულებით გამოძალვის თაობაზე ბ. ყ-ას განცხადებით არავისთვის მიუმართავს. მან მხოლოდ 2003წ. 18 მარტს, დამატებითი დაკითხვის დროს, აჩვენა, რომ აღიარებითი ჩვენებები მისგან გამოძალულ იქნა ცემითა და სხვა დაუშვებელი მეთოდებით, რაც შემდგომი გამოძიებით არ დადასტურდა.
ბ. ყ-ას აქტიური მონაწილეობა დ. შ-ს განზრახ მკვლელობის მომზადებაში მთლიანად დაადასტურა მსჯავრდებულმა რ. ფ-მა როგორც დაკითხვებში, ასევე მასთან დაპირისპირების დროს. რ. ფ-ვს ბ. ყ-ას მამხილებელი ჩვენებები გამოძიებისა და სასამართლო წარმოების არც ერთ ეტაპზე არ უარუყვია.
საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია, რომ თბილისში ჩამოსვლის შემდეგ რ. ფ-ვი ცხოვრობდა ბ. ყ-სთან ჯერ ერთ, ხოლო შემდეგ მეორე დაქირავებულ ბინაში. დადგენილია ისიც, რომ რ. ფ-ვს დიღმის დასახლების ტერიტორია, იქ მისასვლელი და გამოსასვლელი გზები ბ. ყ-ამ გააცნო.
საქმეში წამოდგენილია ბ. ყ-ას მიერ რ. ფ-სათვის საპყრობილეში გაგზავნილი წერილის ქსეროასლი, რომლითაც იგი ფურმანოვს არიგებს, თუ როგორი ჩვენება უნდა მისცეს გამომძიებელს, სთხოვს, თვითონ არ ამხილოს ჩადენილ დანაშაულში და ჰპირდება ამ თხოვნის შესრულების შემთხვევაში პატიმრობიდან განთავისუფლებაში დახმარებას.
ამრიგად, საკასაციო საჩივრის მოტივაცია იმის თაობაზე, რომ საქმეში არ მოიპოვება დანაშაულის ჩადენაში ბ. ყ-ას მამხილებელი მტკიცებულება, უსაფუძვლოა.
პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განაჩენი კანონიერი და სამართლიანია როგორც ბ. ყ-ას, ასევე რ. ფ-ის მიმართ და მისი შეცვლის ან გაუქმების კანონიერი საფუძველი პალატას არ გააჩნია.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ს 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ბ. ყ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 14 ნოემბრის განაჩენი ბ. ყ-სა და რ. ფ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და მისი გადასინჯვა დაიშვება მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში.