საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 21-აპ 15 იანვარი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მ. ტურავა (თავმჯდომარე),მ. ისაევი,მ. გოგელია
განიხილა მსჯავრდებულ ზ. ჯ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 14 ნოემბრის განაჩენზე, რომლითაც უცვლელად დარჩა ქარელის რაიონული სასამართლოს 2003წ. 1 მაისის განაჩენი ზ. ჯ-ის მიმართ.
აღნიშნული განაჩენით ზ. ჯ-ლი ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ს 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით და შეეფარდა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. მასვე ორი წლით ჩამოერთვა ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო დაზარალებულების – მ. გ-სა და მ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა შესაბამისად 8300 და 8250 ლარი.
სასჯელის ათვლა დაეწყო 2002წ. 6 ნოემბრიდან.
აღწერილობითი ნაწილი:
განაჩენით ზ. ჯ-ლს მსჯავრი დაედო შემდეგი დანაშაულის ჩადენაში: ავტომანქანის მართვისას მან დაარღვია ტრანსპორტის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესები, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ორი პირის სიცოცხლის მოსპობა. კერძოდ, 2000წ. 23 ივლისს, დაახლოებით 4 საათსა და 45 წუთზე, ზ. ჯ-ლი მართავდა რა ავტომანქანა ვაზ-21011-ს, გორიდან ---ის მიმართულებით მსვლელობისას დაარღვია საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მესამე პუნქტის მოთხოვნა. მან გამოიჩინა დანაშაულებრივი დაუდევრობა: მაშინ, როდესაც საპირისპიროდ მოძრავმა ავტომანქანამ შეუზღუდა მხედველობის არე, მან ავტომანქანა არ გააჩერა, გადავიდა სავალი ნაწილის გვერდულაზე და შეეჯახა მის წინ, გვერდულაზე, გაჩერებულ ავტომანქანა კამაზ-5320-ს, რომლის მძღოლი ვ. ჩ-ლი ავტომანქანიდან იყო გადასული დაშვებული საბურავის გამოსაცვლელად. შეჯახების შედეგად ზ. ჯ-ის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში გარდაიცვალნენ მ. მ-ძე და ზ. გ-ლი, ხოლო ზ. ჯ-მა მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულ ზ. ჯ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. გ-ძე ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას იმ მიმართებით, რომ ზ. ჯ-ლს შეუმცირდეს შეფარდებული სასჯელი, რისთვისაც მიუთითებს შემდეგ მოტივებზე:
სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 54-ე მუხლით და, ყველა შემამსუბუქებელი გარემოების გათვალისწინებით, ზ. ჯ-სათვის არ უნდა შეეფარდებინა 7,5 წელზე მეტი სასჯელი, ე.ი. სანქციის მაქსიმუმის სამ-მეოთხედზე მეტი. ასევე სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო ის გარემოებაც, რომ ზ. ჯ-მა ხელი შეუწყო გამოძიებასა და სასამართლოს საქმის გახსნაში.
პალატის სხდომაზე ადვოკატმა გ. გ-ემ მხარი დაუჭირა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ.
დაზარალებულის უფლებამონაცვლეებმა _ მ. მ-ემ და მ. გ-მა კანონიერად მიიჩნიეს ზ. ჯ-ის მიმართ დადგენილი განაჩენი და იშუამდგომლეს მისი უცვლელად დატოვების შესახებ.
პროკურორმა ე. ქ-ამ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები. მან კანონიერად მიიჩნია მსჯავრდებულ ზ. ჯ-ის მიმართ დადგენილი განაჩენი და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე ზ. ჯ-ის მიმართ დადგენილი განაჩენი არის კანონიერი და არ არსებობს მისი შეცვლის საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებულ ზ. ჯ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული დადგენილია, მის ქმედებას სასამართლომ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება. სასამართლომ ზ. ჯ-ის მიმართ სასჯელის ზომის განსაზღვრისას გაითვალისწინა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის მძიმე შედეგი, ასევე _ მისი პიროვნების მახასიათებელი მონაცემები და ამის მიხედვით განუსაზღვრა სასჯელი.
საკასაციო საჩივრის მითითებას იმის შესახებ, რომ სასამართლოს სასჯელის ზომის განსაზღვრისას უნდა გამოეყენებინა სისხლის სამართლის კოდექსის 54-ე მუხლი, პალატა ვერ დაეთანხმება. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ ზ. ჯ-ლი მოათავსეს საავადმყოფოში. საქმის სასამართლოში წარმართვის შემდეგ მან თავი აარიდა სასამართლოში გამოცხადებას და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. მართალია, იგი შემდეგ ნებაყოფლობით გამოცხადდა პოლიციაში, მაგრამ ეს არ შეიძლება სსკ-ს 54-ე მუხლის გამოყენების საფუძველი გახდეს, რადგან საქმეში არ მოიპოვება იმის დამადასტურებელი მასალა, რომ ზ. ჯ-მა აქტიურად შეუწყო ხელი დანაშაულის გახსნას, რაც ზემოაღნიშნული მუხლის გამოყენების ერთ-ერთი პირობაა.
პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ ზ. ჯ-ის მიმართ შეფარდებული სასჯელი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს აშკარად მკაცრ სასჯელად, რის გამოც არ არსებობს განაჩენის შეცვლის კანონიერი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ს 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 14 ნოემბრის განაჩენი ზ. ჯ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.