საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 11-კოლ 3 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თ. ლალიაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე,მ. ისაევი
განიხილა მსჯავრდებულ რ. ბ-ის საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 18 ნოემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
საბრალდებო დასკვნით რ. ბ-ს ბრალად შეერაცხა შემდეგი ქმედების ჩადენა:
რ. ბ-მა და ფ. მ-მა, დანაშაულის ჩადენის მიზნით, დაუდგენელი პირებისაგან დაუდგენელ დროს შეიძინეს სანადირო თოფები. მათ ამ თოფებისაგან დაამზადეს ატიპური ცეცხლსასროლი იარაღები. რ. ბ-ლი, ფ. მ-ვი და გამოძიებით დაუდგენელი ორი პირი შეთანხმდნენ თავს დასხმოდნენ ქ. თბილისში, --- მცხოვრებ ა. მ-ის ოჯახს. შეთანხმების საფუძველზე 2002წ. 30 დეკემბერს, დაახლოებით 20.30 წუთზე, ისინი შეიარაღებულები მივიდნენ ა. მ-ის საცხოვრებელ სახლთან, აიფარეს ნიღბები, შევიდნენ სახლში და იქ მყოფ ა. მ-ვს, მის მეუღლეს თ. ი-ას, შვილებს _ ზ. და ზ. მ-ებს სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით მოსთხოვეს ფული და ოქროულობა. მუქარით შეშინებულმა თ. ი-ამ და ა. მ-მა მოიხსნეს ოქროს სამკაულები და გადასცეს მათ. ამავდროულად ა. მ-მა მოახერხა შარვლის უკანა საქამრიდან თავისი კუთვნილი “მაკაროვის” სისტემის ცეცხლსასროლი იარაღის ამოღება და თავდამსხმელებს მოსთხოვა დაეტოვებინათ მისი ბინა. ამის დანახვაზე რ. ბ-მა, ფ. მ-მა და გამოძიებით დაუდგენელმა პირებმა დაიწყეს სროლა ჯერ ა. მამედოვის მიმართულებით, შემდეგ _ ზ. მ-სა და ზ. მ-ის მისამართით, სროლის შედეგად ა. მ-ვი დაიჭრა ფეხის არეში, ზ. მ-ვი კი _ მხარში. სროლაზე ა. მ-მაც ისროლა თავდამსხმელთა მიმართულებით. ორმხრივი სროლის შედეგად რ. ბ-ლი და ფ. მ-ვი დაიჭრნენ. რ. ბ-ლი იქვე დაეცა, ფ. მ-ვი კი _ სახლის ეზოში და იქვე გარდაიცვალა, ხოლო გამოძიებით დაუდგენელი ორი თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თავდასხმის შედეგად ბინიდან, კერძოდ, სასტუმრო ოთახის კარადიდან, გატაცებულ იქნა 600 ლარი და 1000 ლარად ღირებული ორი ბრილიანტის თვლიანი საყურე, რითაც ა. მ-ვს მიადგა 1600 ლარის მატერიალური ზარალი. თავდასხმის შედეგად ა. და ზ. მ-ებმა მიიღეს სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებები.
წინასწარი გამოძიების მიერ რ. ბ-ის ქმედება დაკვალიფიცირდა სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის “ა”, “ზ”, “თ”, “ი”, “ლ” პუნქტებით, 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “გ” ქვეპუნქტებითა და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით.
საქმის პირველი ინსტანციით სასამართლო განხილვისას სასამართლო კოლეგიამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ განსასჯელმა რ. ბ-მა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ატიპურ ცეცხლსასროლ იარაღს _ ერთლულიან, გადაჭრილ თოფს. 2003წ. 30 დეკემბერს, დაახლოებით 20 საათსა და 30 წუთზე, იგი აწ გარდაცვლილ ფ. მ-თან და გამოძიებით დაუდგენელ ორ პირთან ერთად, შეიარაღებული, ყაჩაღურად თავს დაესხა ქ. თბილისში, --- მცხოვრებ ა. მ-ის ოჯახს, თავდასხმისას რ. ბ-მა ერთლულიანი, გადაჭრილი თოფიდან გასროლით ფეხის არეში დაჭრა ა. მ-ვი, რომელმაც მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, ხოლო მისმა თანამზრახველებმა კი გაიტაცეს ოჯახის კუთვნილი ქონება 1600 ლარის ოდენობით. სასამართლო კოლეგიამ რ. ბ-ის ამ ქმედებებს მისცა სამართლებრივი შეფასება და დააკვალიფიცირა სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “გ” ქვეპუნქტებითა და 118-ე მუხლის მეორე ნაწილით.
საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულ რ. ბ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. გ-მა მოითხოვა მსჯავრდებულ რ. ბ-ის გამართლება სსკ-ის 118-ე მუხლით მსჯავრდების ნაწილში, ხოლო ყაჩაღური თავდასხმის ეპიზოდში _ სასჯელის შემსუბუქება იმ საფუძვლით, რომ, მართალია, მსჯავრდებული ყაჩაღური თავდასხმისას იმყოფებოდა ა. მ-ის ბინაში, მაგრამ მას იარაღი არ გამოუყენებია. ადვოკატის განმარტებით, რ. ბ-ლს არ უსვრია ა. მ-სათვის, პირიქით _ რ. ბ-ლი თვითონ დაიჭრა შემთხვევის ადგილზე სროლებისას. კასატორის მითითებით, მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენა განპირობებულია მისი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობით, იგი არსად მუშაობს, ჰყავს ავადმყოფი დედა.
მსჯავრდებულმა რ. ბ-მა მხარი დაუჭირა თავისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. გ-ის მოთხოვნას და მიუთითა, რომ მას ა. მ-სათვის არ უსვრია, იგი, მართალია, იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, მაგრამ თვითონ არ უსვრია.
დაზარალებული ა. მ-ის ინტერესების წარმომადგენელმა, ადვოკატმა კ. ფ-მა მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს იმ საფუძვლით, რომ რ. ბ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული დადგენილია საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებებით და მისთვის შეფარდებული სასჯელი შეესაბამება მის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
დაზარალებულმა ა. მ-მა მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს და განმარტა, რომ იგი თვითონ არის უშუალო მოწმე იმისა, თუ როგორ ესროლა მას რ. ბ-მა, დაზარალებულის განმარტებით, რ. ბ-ის მიმართ დადგენილი განაჩენი კანონიერია.
პროკურორმა ე. ქ-ამ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს და განმარტა, რომ განაჩენი არის დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი, რ. ბ-ის მიერ ჩადენილი ქმედება დადგენილია საქმის ერთობლივი მასალებით, სასჯელის შეფარდებისას კი სასამართლომ მხედველობაში მიიღო მისი პასუხისმგებლობის ყველა შემამსუბუქებელი გარემოება. პროკურორის მითითებით, რ. ბ-ათვის შეფარდებული სასჯელი შეესაბამება მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესა და მის პიროვნებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა მხარეებს, მსჯავრდებულ რ. ბ-ლს, მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ თ. გ-ლს, დაზარალებულ ა. მ-ვს, მისი ინტერესების წარმომადგენელ ადვოკატ კ. ფ-ლს, პროკურორ ე. ქ-ას, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ რ. ბ-ის განმარტებას იმის თაობაზე, რომ, მართალია, იგი თავდასხმისას იმყოფებოდა დაზარალებულ ა. მ-ის ბინაში, მაგრამ მას იარაღი არ გამოუყენებია და არ უსვრია ა. მ-სათვის. მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენა დადგენილია საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით. კერძოდ, დაზარალებულ ა. მ-ის წინასწარი და სასამართლო გამოძიებისას მიცემული ჩვენებებით, რითაც მან კატეგორიულად დაადასტურა ფაქტი იმისა, რომ ყაჩაღური თავდასხმისას რ. ბ-ლი იყო მის ბინაში თავდამსხმელებთან ერთად ნიღაბაფარებული, შეიარაღებული და სწორედ მისი იარაღიდან გასროლით დაიჭრა იგი.
აღნიშნული ფაქტი ასევე დაადასტურეს დაზარალებულებმა _ თ. ი-ამ, ზ. მ-ამ და ზ. მ-მა წინასწარი და სასამართლო გამოძიებისას მიცემული ჩვენებებით. დაზარალებულთა ჩვენებების სარწმუნობა დადგენილია საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, რომელთა შესაბამისად, დაზარალებულ ა. მ-ვს მიღებული აქვს მარცხენა წვივის ცეცხლნასროლი ჭრილობა წვივის ნერვის პერიფერიული პარეზით. ჭრილობა მიყენებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭურვის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს. დაზარალებულ ზ. მ-ვს მიღებული აქვს თავის ტვინის შერყევა, ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, მარჯვენა მხარის მიდამოს ცეცხლნასროლი ჭრილობა. ჭრილობა განვითარებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს.
მოწმეების, ქ. თბილისის --- შს სამმართველოს ---ების _ ა. ჟ-სა და კ. ა-ის წინასწარი გამოძიებისას მიცემული ჩვენებებით დადგენილია, რომ მათ შემთხვევის ადგილზე, სახლის კედელთან, ნახეს გულაღმა, შავ ტანსაცმელსა და შავ ნიღაბში მწოლიარე კაცი, რომელიც იყო მკვდარი და მის გვერდით იდო ორლულიანი, გადაჭრილი თოფი. ეს პიროვნება აღმოჩნდა ფ. მ-ვი. ასევე სახლში, სამზარეულოს შესასვლელთან, ნახეს შავტანსაცმლიანი დაჭრილი კაცი და მის გვერდით _ ერთლულიანი თოფი. დაჭრილი ითხოვდა შველას. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რ. ბ-ლს აღენიშნებოდა ბრმა ცეცხლსასროლი ჭრილობა გულმკერდის მარცხენა ნახევარში, რომელიც მიყენებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ --- ეზოში აღმოჩენილი იყო გულაღმა მდგომარეობაში მყოფი მამაკაცის გვამი, შავ ტანსაცმელსა და თავზე ჩამოცმული ნაქსოვი ქუდით, რომელიც მთლიანად უფარავდა სახეს და ამოჭრილი იყო თვალებისა და პირის მიდამოებთან. გვამთან, მარცხენა მხარეს, მიწაზე იდო თეთრი, წებოვანი ლენტი და გადაჭრილი, ორლულიანი სანადირო თოფი, რომელშიც მოთავსებული იყო ორი გასროლილი მასრა. მისი შარვლის უკანა ჯიბეში კი აღმოჩენილ იქნა ერთი ცალი 16 მმ კალიბრის გაუსროლელი ვაზნა. სახლის სამზარეულო ოთახში, იატაკზე, აღმოჩენილი იყო შავი ნაქსოვი ქუდი, ასევე ერთლულიანი, გადაჭრილი სანადირო თოფი, რომლის ლულაშიც მოთავსებული იყო გასროლილი მასრა. დაზიანებები აღინიშნებოდა სახლის კედლებსა და იატაკზე.
ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შემთხვევის ადგილიდან ფ. მ-სგან ამოღებულია ¹--, ქარხნული წესით დამზადებული, რუსული წარმოების, 16 მმ კალიბრიანი, ორლულიანი, შიგაჩახმახიანი სანადირო თოფი, რომელსაც კუსტარულად გადაჭრილი აქვს ლულა და კონდახი. იგი მიეკუთვნება ატიპურ ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. მეორე თოფი, რომელიც თავდასხმის დროს ჰქონდა რ. ბ-ლს, არის ¹-- ქარხნული წესით დამზადებული, რუსული წარმოების, 16 მმ კალიბრიანი, ერთლულიანი, ჩახმახიანი სანადირო თოფი, რომელსაც კუსტარულად გადაჭრილი აქვს ლულა და კონდახი. იგი მიეკუთვნება ატიპურ ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ რ. ბ-ის მიერ დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებულ, უტყუარ და პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობით და მის მიმართ დადგენილი გამამტყუნებელი განაჩენი არის დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა ქვეპუნქტით, 568-ეA მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 18 ნოემბრის განაჩენი რ. ბ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.