განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად

სისხლის სამართლის 01.02.2004
საქმის ნომერი
2კ-12აპ.-04
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
01.02.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 12-აპ 10 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია,ი. ბიბილაშვილი

განიხილა სახელმწიფო ბრალმდებელ გ. ქ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 13 ნოემბრის განაჩენზე, რომლითაც ცვლილება შევიდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2003წ. 26 აგვისტოს განაჩენში და ი. ჭ-ას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით _ ხუთი წლის საგამოცდო ვადით.

საკასაციო საჩივარი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას პირობითი სასჯელის გამოყენების მიზანშეუწონლობის მოტივით და საქმის გადაცემას ხელახალი სააპელაციო განხილვისათვის.

აღწერილობითი ნაწილი:

ბოლნისის რაიონული სასამართლოს განაჩენით ი. ჭ-ას მსჯავრი დაედო იმაში, რომ 2003წ. 14 იანვარს, დაახლოებით 4 საათზე, მთვრალმა, წინასწარი შეთანხმებით სხვა პირთან ერთად, მართლსაწინააღმდეგოდ შეაღწია ქ. ბოლნისში, --- მ. მ-ას ბინაში და ამ უკანასკნელის მიმართ განხორციელებული ისეთი ძალადობით, რომელიც საშიში არ იყო სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, აშკარად გაიტაცა 350 ლარად ღირებული ფერადი ტელევიზორი, 8 ლარი და 15 ლარის ღირებულების სხვა ნივთები.

სააპელაციო პალატამ, იმის გათვალისწინებით, რომ ი. ჭ-ვა აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, კმაყოფაზე ჰყავს დედა, მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი, მამა გარდაეცვალა პატიმრობაში ყოფნის დროს და ოჯახის ერთადერთი მარჩენალი თვითონაა, ხასიათდება დადებითად, დაზარალებულს ზარალი ანაზღაურებული აქვს და მას პრეტენზია არ გააჩნია, შესაძლებლად მიიჩნია მის მიმართ პირობითი სასჯელის გამოყენება.

პროკურორის საკასაციო საჩივარი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ი. ჭ-ას მიმართ პირობითი სასჯელის გამოყენებისას არ გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და საშიშროების ხარისხი, ასევე მისი წარსული, რომ მის მიმართ ერთხელ უკვე იყო გამოყენებული პირობითი სასჯელი, მაგრამ ის არ გამოსწორდა და კვლავ ჩაიდინა უფრო მძიმე დანაშაული.

პალატის სხდომაზე პროკურორმა ბ. გ-ემ ითხოვა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა პროკურორს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალების მიხედვით უდავოდ დადასტურებულია მსჯავრდებულ ი. ჭ-ზე განაჩენით შერაცხული ბრალდება, რასაც სადავოდ არც ერთი მხარე არ მიიჩნევს. დადგენილია ისიც, რომ ი. ჭ-ვა ბოლნისის რაიონის სასამართლოს 1999წ. 29 აპრილის განაჩენით მსჯავრდებული იყო 1960წ. სსკ-ის 115-ე მუხლითა და 238-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში სამი წლით თავისუფლების აღკვეთით, რაც შეეცვალა პირობით სამი წლის გამოსაცდელი ვადით. განაჩენით განსაზღვრული გამოსაცდელი ვადა ამოიწურა 2002წ. მაისში. მიუხედავად ამისა, რამდენიმე თვის შემდეგ მან კვლავ ჩაიდინა უფრო მძიმე განზრახი დანაშაული. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ი. ჭ-ას, ბინაში მართლსაწინააღმდეგოდ შეღწევითა და ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისათვის, მიუსაჯა ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა (კანონით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმი). სააპელაციო სასამართლომ კი ისე შეცვალა რაიონული სასამართლოს განაჩენი და მსჯავრდებულის მიმართ კვლავ გამოიყენა პირობითი სასჯელი, რომ არ გაითვალისწინა მის ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების ხარისხი, ქმედების განხორციელების ხერხი და სახე, აგრეთვე _ დამნაშავის წარსული ცხოვრების მახასიათებელი გარემოება, რაზედაც სწორად ამახვილებს ყურადღებას პროკურორის საკასაციო საჩივარი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 562-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტით, 565-ე, 568-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

პროკურორ გ. ქ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 13 ნოემბრის განაჩენი ი. ჭ-ას მიმართ და საქმე ხელახალი სააპელაციო განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს მოსამართლეთა სხვა შემადგენლობას.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.