საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 14 კოლ 10 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თ. ლალიაშვილი (თავმჯდომარე),მ. გოგელია,დ. სულაქველიძე
განიხილა მსჯავრდებულ გ. ც-ს, დაზარალებულ ვ. ღ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. წ-ას საკასაციო საჩივრები ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 14 ნოემბრის განაჩენზე, რომლითაც გ. ც-ვა ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 186-ე მუხლის პირველი ნაწილით (1960წ. 30 დეკემბრის რედაქცია, შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით). მას სასჯელი არ დაენიშნა, განაჩენის გამოტანის მომენტისათვის სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
აღწერილობითი ნაწილი:
საბრალდებო დასკვნით გ. ც-ას ბრალად შეერაცხა სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, ე.ი. თანამდებობის პირის მიერ მოქმედების განზრახ ჩადენა სამსახურებრივ მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, რამაც არსებითი ზიანი მიაყენა სახელმწიფო ინტერესებს, მოქალაქის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, ჩადენილი პირადი მოტივით, რასაც განსაკუთრებით მძიმე შედეგი მოჰყვა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიამ 2003წ. 11 ნოემბრის განაჩენით გ. ც-ას ბრალდებიდან ამორიცხა სსკ-ის 186-ე მუხლის მეორე ნაწილის მაკვალიფიცირებელი ნიშნები _ პირადი მოტივი, განსაკუთრებით მძიმე შედეგი და დამნაშავედ ცნო იგი სსკ-ის 186-ე მუხლის პირველი ნაწილით.
განაჩენით გ. ც-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ მან ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი მდგომარეობა, განზრახ ჩაიდინა ქმედება სამსახურებრივ მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, რითაც არსებითი ზიანი მიაყენა სახელმწიფო ინტერესებს, მოქალაქის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, რაც გამოიხატა შემდეგში:
გ. ც-ვა 1990 წლიდან 2000 წლამდე მუშაობდა შსს-ს საგამოძიებო დეპარტამენტის მარტვილის განყოფილების გამომძიებლად. 1994წ. 4 ივლისს მან წარმოებაში მიიღო სისხლის სამართლის საქმე მ. ღ-ას ოჯახიდან უშობლის ფარულად გატაცების ფაქტზე, დანაშაულისათვის რაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილით (1960წ. 30 დეკემბრის რედაქცია, შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით). გამოძიების პროცესში მ. ღ-ას კუთვნილი უშობლის ფარულად გატაცებაში მხილებულ იქნა მარტვილის რაიონის სოფ. ---ში მცხოვრები ბ. ა-ია, რომელმაც აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილედ დაასახელა თანასოფლელი თ. ლ-ია. მანვე აჩვენა, რომ უშობლის დაკვლასა და რეალიზაციაში დაეხმარათ ამ უკანასკნელის ძმა _ გ. ლ-ია, რომელმაც იცოდა, რომ უშობელი მათ მიერ იყო მოპარული. ბ. ა-ას მიმართ საქმე განსახილველად წარიმართა სასამართლოში, ხოლო ძებნაში მყოფი თ. ლ-ას მიმართ საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო. 1995წ. 3 აგვისტოს გამომძიებელ გ. ც-ას დადგენილებით თ. ლ-ას მიმართ საქმე წარმოებით შეწყდა 1995წ. 2 ივნისის ამნისტიის აქტის საფუძველზე.
1995წ. 3 აგვისტოს გ. ც-ამ გ. ლ-ას მიმართ გამოიტანა უკანონო და დაუსაბუთებელი დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, მის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის არარსებობის მოტივით, მაშინ, როდესაც ამავე დადგენილებით დადასტურებულად იქნა მიჩნეული გ. ლ-ას ბრალეულობა მოპარული უშობლის დაკვლასა და რეალიზაციაში.
დაზარალებულ ვ. ღ-ას განცხადების საფუძველზე მარტვილის რაიონის პროკურორმა შეისწავლა რა მ. ღ-ას პირადი ქონების ქურდობის ფაქტზე აღძრული წარმოებით შეჩერებული საქმე, მიიჩნია, რომ გამომძიებელმა გ. ც-მ უსაფუძვლოდ თქვა უარი გ. ლ-ას მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე, რადგან საქმის მასალებით მთლიანად იკვეთებოდა გ. ლა-ას ბრალეულობა მოპარული უშობლის დაკვლასა და რეალიზაციაში, რის გამოც იგი შესაბამისი კვალიფიკაციით მიცემული უნდა ყოფილიყო სისხლის სამართლის პასუხისგებაში. ამ მოტივით მოცემულ საქმეზე გაუქმდა წარმოებით შეჩერებისა და გ. ლ-ას მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ დადგენილებები და განახლდა გამოძიება. მიუხედავად ამისა, გ. ც-ამ 1998წ. 12 მაისს კვლავ გამოიტანა უკანონო და დაუსაბუთებელი დადგენილება გ. ლ-ას მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, მის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის არარსებობის გამო. კერძოდ, როგორც მითითებული დადგენილებით იქნა დადასტურებულად მიჩნეული, გ. ლ-ას ძმამ _ თ. ლ-ამ გაანდო, რომ მას და ბ. ა-ას მოპარული ჰყავდათ უშობელი და სთხოვა დახმარებოდა მის დაკვლაში. გ. ლ-ია დათანხმდა, აღნიშნულზე, რის შემდეგაც მათ მოპარული უშობელი დაკლეს ბ. ა-ას სახლში. ამასთან, გ. ც-ამ ბოროტად გამოიყენა რა სამსახურებრივი მდგომარეობა, სამსახურებრივ მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, განზრახ არ მისცა სათანადო სამართლებრივი შეფასება გ. ლ-ას ქმედებას, არ გადაწყვიტა შესაბამისი კვალიფიკაციით მისი პასუხისგებაში მიცემის საკითხი და დაუსაბუთებლად თქვა უარი მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე, რითაც არსებითი ზიანი მიაყენა სახელმწიფო ინტერესებს და დაზარალებულ ვ. ღ-ას უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ ო. ც-ას 2001წ. 20 ივნისის დადგენილებით მ. ღ-ას პირადი ქონების ფარულად გატაცების ფაქტზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე კვლავ განახლდა წინასწარი გამოძიება. შსს საგამოძიებო დეპარტამენტის მარტვილის განყოფილების --- ა. ხ-ის 2001წ. 19 ივლისის დადგენილებით დადასტურებულად იქნა მიჩნეული გ. ლ-ას ბრალეულობა დანაშაულის დაფარვასა და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების გასაღებაში, მაგრამ მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას უარი ეთქვა სისხლის სამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
ითხოვს რა განაჩენის გაუქმებას და საქმის შეწყვეტას, მსჯავრდებული გ. ც-ვა უთითებს, რომ მისი ბრალდება არ დასტურდება, სასამართლო ვერ უთითებს, თუ კონკრეტულად რაში გამოიხატა მისი ქმედებით მიყენებული ზიანი, მის ქმედებას არ ჰქონდა დანაშაულებრივი ხასიათი და სასამართლოს იგი უნდა შეეფასებინა, როგორც დისციპლინური გადაცდომა. ამდენად, გ. ც-ა თვლის, რომ მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი უკანონოა და არ შეიცავს სსკ-ის 186-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძვ. რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს.
დაზარალებულ ვ. ღ-ას ადვოკატი ვ. წ-ია თავის საკასაციო საჩივარში უთითებს, რომ გ. ც-ას არასწორად მოეხსნა სსკ-ის 186-ის მუხლის მეორე ნაწილი (ძვ. რედაქციით), საქმეში არსებული მტკიცებულებები არ ქმნის ამ ბრალდების მოხსნის საფუძველს, სახელდობრ, გ. ც-ვა, რომელიც მუშაობდა გამომძიებლად, ჰპირდებოდა ღ-ას, რომ გაატარებდა დამნაშავე პირების _ ლ-ების მიმართ შესაბამის ღონისძიებებს, რაც არ გააკეთა. გ. ც-ას მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით განაწყენებულმა მ. ღ-ამ 1999წ. 28 სექტემბერს სანადირო თოფიდან გასროლით თავი მოიკლა, თვითმკვლელობის წინ დაწერილი წერილით მან ამაში დაადანაშაულა პოლიცია და პროკურატურა. ამ გარემოების გათვალისწინებით, ადვოკატი ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნებას.
მსჯავრდებული გ. ც-ვა და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. ტ-ვა მხარს უჭერენ საკასაციო საჩივარს. დაზარალებული ვ. ღ-ია, მისი ადვოკატები – ლ. ღ-ია და ვ. წ-ია მხარს უჭერენ საკასაციო საჩივარს.
პროკურორი ე. ქ-ვა შუამდგომლობს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2003წ. 14 ნოემბრის განაჩენის უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
გამოიკვლია რა საქმის გარემოებები, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრების მოტივთა საფუძვლიანობა, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განაჩენი მოცემულ საქმეზე კანონიერია და იგი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ სასამართლო კოლეგიამ სწორი შეფასება მისცა გ. ც-ს, დაზარალებულ ვ. ღ-ას, მოწმეების – ა. ხ-ის, გ. მ-ას ჩვენებებს, აგრეთვე გ. ც-ას მიერ 1994წ. 3 აგვისტოს გამოტანილ დადგენილებას სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, რომლითაც გ. ლ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმე არ აღიძრა მის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის არარსებობის გამო; გ. ც-ს 1998წ. 12 მაისის დადგენილებას, რომლითაც განმეორებით იქნა გამოკვლეული გ. ლ-ას ბრალეულობის საკითხი და მითითებულია, რომ ვერ შეგროვდა მტკიცებულებები მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემად; შსს საგამოძიებო დეპარტამენტის მარტვილის რაიონული განყოფილების უფროსი გამომძიებლის - ხუროძის 2001წ. 19 ივლისის დადგენილებას, რომლითაც დასაბუთებლად ითქვა უარი ლაშხიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრაზე, ამჯერად ხანდაზმულობის ვადის გასვლის მოტივით. საკასაციო პალატამ დეტალურად გამოიკვლია რა საქმის მასალები, მიაჩნია, რომ მ. ღ-ას თვითმკვლელობა მიზეზობრივ კავშირში არ იყო სამართალდამცავი ორგანოების მუშაკების, კერძოდ კი – გ. ც-ს ქმედებებთან. ამ მოტივით ღ-ას თვითმკველობამდე მიყვანის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდა საფუძვლიანად და დასაბუთებულად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო კოლეგიამ სწორად მოუხსნა გ. ც-ს სსკ-ის 186-ე მუხლის მეორე ნაწილით (ძვ. რედაქციით) გათვალისწინებული ბრალდება.
რაც შეეხება მის დანაშაულებრივ ქმედებას, პალატა თვლის, რომ გ. ც-ას მიერ 1998წ. 12 მაისს გამოტანილი დადგენილება უკანონოა, რამდენადაც ამ დადგენილებით მან განზრახ სათანადო შეფასება არ მისცა გ. ლ-ას ქმედებას, არ გადაწყვიტა მისი ბრალეულობის საკითხი და დაუსაბუთებლად თქვა უარი მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე, რითაც არსებითი ზიანი მიადგა დაზარალებულისა და სახელმწიფოს კანონიერ ინტერესებს. ამას ადასტურებს ისიც, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორმა ც-ამ 2001წ. 20 ივნისის დადგენილებით განაახლა გამოძიება, ხოლო 2001წ. 19 ივლისის დადგენილებით დადასტურებულად იქნა მიჩნეული, რომ ლ-ას ბრალი მიუძღვის დანაშაულის დაფარვასა და ამ გზით მოპოვებული ქონების გასაღებაში. მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე კანონის მოთხოვნათა დაცვით არ აღიძრა, ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
ასეთ ვითარებაში, ც-ას საკასაციო საჩივრის მოთხოვნა მის მიმართ საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე არასწორია და გაზიარებული ვერ იქნება.
საკასაციო პალატა ასევე არ იზიარებს დაზარალებულის ადვოკატის მოთხოვნას საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების თაობაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 14 ნოემბრის განაჩენი გ. ც-ას მიმართ დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.