საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 17-კოლ 5 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მ. ისაევი (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,დ. სულაქველიძე
განიხილა მსჯავრდებულ გ. გ-ის, ასევე მსჯავრდებულ კ. ქ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ჩ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 30 ოქტომბრის განაჩენზე, რომლითაც:
გ. გ-ნი სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით, ასევე 118-ე მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილი ბრალდების ეპიზოდებში.
გ. გ-ნი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ”, “გ”, “ზ” და “თ” ქვეპუნქტებით, მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “გ” და “დ” ქვეპუნქტებით, 184-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილით. ერთობლივად შეეფარდა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
სასჯელის მოხდა დაეწყო 2002წ. 14 დეკემბრიდან.
კ. ქ-ნი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 375-ე მუხლითა და 236-ე მუხლის პირველი ნაწილით. ერთობლივად შეეფარდა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 2002წ. 13 დეკემბრიდან.
აღწერილობითი ნაწილი:
განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი:
2002წ. ნოემბერში გ. გ-ნს დაუკავშირდა გამოძიებით დაუდგენელი პირი, ვინმე “ვ-კო”, რომელმაც შესთავაზა განეხორციელებინათ ყაჩაღური თავდასხმა დმანისის რაიონის სოფ. ---ში მცხოვრები აზერბაიჯანელის ოჯახზე დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, რაზედაც ეს უკანასკნელი, მატერიალური გაჭირვების გამო, დასთანხმდა.
2002წ. 1 დეკემბერს, წინასწარი შეთანხმებისამებრ, იგი სადგურ ---ის ტერიტორიაზე შეხვდა “ვ-ოს” და ასევე გამოძიებით დაუდგენელ პირებს, რა დროსაც თან ჰქონდათ ცეცხლსასროლი იარაღები. ისინი სამარშრუტო ტაქსით ჩავიდნენ დმანისის რაიონის სოფ. ---ში და, გამოძიებით დაუდგენელი სისტემის ცეცხლსასროლი იარაღებითა და საბრძოლო მასალა _ ხელყუმბარით შეიარაღებულები, თავს დაესხნენ ს. შ-ის ოჯახს. შეაღწიეს ბინაში, სადაც განზრახვის სისრულეში მოყვანის გაადვილების მიზნით, ოჯახის წევრებს _ გ. შ-სა და რ. შ-ვს ე.წ. “სკოჩით” შეუკრეს ხელ-ფეხი, აუკრეს პირი და მოათავსეს სხვადასხვა ოთახში. გ. გ-მა სხვა პირებთან ერთად ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიაყენა რ. შ-ვს, სცემდნენ რა რ. შ-ვს, მას და ოჯახის სხვა წევრებს, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, სთხოვდნენ ფულს. გ. გ-მა გ. შ-ს შეხსნა ოქროს ყელსაბამი კულონით, ღირებული 300 ლარად, ხელიდან წააძრო ოქროს ბეჭედი, ღირებული 100 ლარად, მეორე ოქროს ბეჭედი, ღირებული 100 ლარად, ოქროს საყურეები, ღირებული 150 ლარად. ს. შ-ვს იარაღის ქვეშ სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარით წაართვა 400 აშშ დოლარი და 90 ლარი. შემდეგ, შემთხვევის ადგილიდან თავის დაღწევის გაადვილების მიზნით, თავდამსხმელები მართლსაწინააღმდეგოდ, დროებითი გამოყენების მიზნით, დაეუფლნენ ს. შ-ის კუთვნილ ვაზ 2121 მარკის ავტომანქანას, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით, ავტომანქანის უკანა სალონში მოათავსეს ს. შ-ი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
გ. გ-სა და მისი თანმხლები პირების მიერ ს. შ-ის მიმართ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით განხორციელებულმა უკანონო თავისუფლების აღკვეთამ გამოიწვია ამ უკანასკნელის სიცოცხლის მოსპობა.
აღნიშნულის შემდეგ გ. გ-მა და მისმა თანმხლებმა პირებმა, მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის დაღწევისა და დანაშაულებრივი ქმედების კვალის დაფარვის მიზნით, ს. შ-ის გვამი მიიტანეს კ. ქ-ან _ ბოლნისის რაიონის სოფ. ---ში. კ. ქ-მა გვამი გადამალა თავისი საცხოვრებელ სახლთან ახლოს მდებარე მოტოვებულ სახლში. მასვე დაევალა გვამის მეთვალყურეობა.
2002წ. 12 დეკემბერს ს. შ-ის გვამი გამოძიებით დაუდგენელი ნაცნობის _ მ. ა-ის კუთვნილი ავტომანქანა ვაზ 2121-ით წაიღო და გადააგდო თბილისი-გეგეთის საავტომობილო გზის 67-ე კმ-ზე, რის შემდეგაც დამნაშავეები მიიმალნენ. იმავე დღეს, დაახლოებით 9 საათსა და 30 წუთზე, ზემოაღნიშნულ ადგილას, ხევში, აღმოჩენილ იქნა ს. შ-ის გვამი.
სასამართლო კოლეგიამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ კ. ქ-მა გამოძიებით დაუდგენელ დროს დაუდგენელი პირისაგან მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ფეთქებადი საბრძოლო მასალა “ფ-1” ტიპის ხელყუმბარა, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა თავისი საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული გ. გ-ნი ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას იმ მიმართებით, რომ შეფარდებული სასჯელი შეუმსუბუქდეს, რისთვისაც მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე:
იგი არის აფხაზეთის ომის ვეტერანი, მიღებული აქვს კონტუზია, კმაყოფაზე ჰყავს დედა, მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი.
მსჯავრდებულ კ. ქ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ჩ-ნი ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების ეპიზოდში _ განაჩენის გაუქმებასა და საქმის შეწყვეტას, ხოლო 375-ე მუხლით შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას, რისთვისაც მიუთითებს შემდეგ მოტივზე:
საქმეს ნივთმტკიცების სახით არ ერთვის “ფ-1” ტიპის ხელყუმბარა, რომელიც საპროცესო ნორმების დარღვევით იქნა ამოღებული. საქმეში არ მოიპოვება მასალები, რომ ამოღებული ხელყუმბარა ეკუთვნოდა კ. ქ-ნს.
სსკ-ის 375-ე მუხლით შეფარდებული სასჯელი არის მკაცრი, რადგან კ. ქ-ნი ამ ეპიზოდში ჩადენილ დანაშაულს აღიარებს და ინანიებს; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ გ. გ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ს. ს-ემ მხარი დაუჭირა გ. გ-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და წარმოადგინა დამატებითი საკასაციო საჩივარი. ადვოკატმა ს. ს-ემ აღნიშნა, რომ გ. გ-ნს ზედმეტად აქვს წარდგენილი სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდება. მან იშუამდგომლა ამ ნაწილში განაჩენის გაუქმებისა და საქმის შეწყვეტის შესახებ, სხვა ნაწილში კი ითხოვა შეფარდებული სასჯელის შემცირება.
მსჯავრდებული გ. გ-ნი დაეთანხმა ადვოკატ ს. ს-ის მოთხოვნას და იშუამდგომლა განაჩენით შეფარდებული სასჯელის შემცირების თაობაზე.
ადვოკატმა მ. ჩ-მა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან მხარი დაუჭირა კ. ქ-ის შესახებ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ. მანვე იშუამდგომლა მსჯავრდებულ გ. გ-ის მიმართ სასჯელის შემცირების შესახებ.
პროკურორმა ე. ქ-ამ მიიჩნია, რომ მოცემულ საქმეზე გ. გ-სა და კ. ქ-ს მიმართ დადგენილი განაჩენი არის კანონიერი და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრების მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე ორივე მსჯავრდებულის მიმართ დადგენილი განაჩენი არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების ან შეცვლის საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებულ გ. გ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული დადგენილია როგორც თვით გ. გ-ის აღიარებითი ჩვენებებით, ასევე – საქმეში არსებული ერთობლივი მამხილებელი მასალებით.
საკასაციო საჩივრის მითითებას იმის შესახებ, რომ თითქოს მსჯავრდებულ გ. გ-ს ზედმეტად აქვს წარდგენილი სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” პუნქტით გათვალისწინებული ბრალდება, პალატა ვერ დაეთანხმება. საქმის მასალებით უტყუარადაა დადგენილი, რომ ს. შ-ვს აწუხებდა გული, ყაჩაღური თავდასხმით ანერვიულებულს ესაჭიროებოდა წამლები, იგი თავდამსხმელებს ეხვეწებოდა, არ აეკრათ მისთვის პირი, რადგან შესაძლოა, ცუდად გამხდარიყო. მიუხედავად ამისა, მას პირი აუკრეს “სკოჩით”, რის შემდეგაც გულით დაავადებულ, თავდასხმის შედეგად ანერვიულებულ და დაძაბუნებულ მოხუცს აღუკვეთეს თავისუფლება და მისივე ავტომანქანით გაიტაცეს, რასაც მოჰყვა ს. შ-ის სიკვდილი. ასეთ გარემოებათა მხედველობაში მიღებით, პალატა თვლის, რომ გ. გ-ის ქმედება ამ ეპიზოდში სწორადაა დაკვალიფიცირებული სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით.
პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ გ. გ-ის მიმართ შეფარდებული სასჯელი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს აშკარად მკაცრ სასჯელად. სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო კოლეგიამ მხედველობაში მიიღო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე (ჩადენილია მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული), ასევე _ დამდგარი მძიმე შედეგი და ამის მიხედვით განუსაზღვრა სასჯელის ზომა. სასჯელთა შეკრების წესის გამოყენებით საბოლოოდ გ. გ-ნს სავსებით კანონიერად განესაზღვრა თხუთმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა.
პალატა თვლის, რომ ასევე არ არსებობს მსჯავრდებულ კ. ქ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ჩ-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. საჩივრის მითითებას იმის შესახებ, რომ, რადგან საქმეს ნივთმტკიცების სახით არ ერთვის ამოღებული “ფ-1” ტიპის ხელყუმბარა, ასევე გაურკვეველია მისი აფეთქების მოტივები და ამიტომ განაჩენი სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ეპიზოდში უნდა გაუქმდეს, ხოლო საქმე შეწყდეს, პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან საქმის მასალებით უტყუარადაა დადგენილი, რომ, კ. ქ-ის საძინებელი ოთახიდან ამოღებულ იქნა “ფ-1” ტიპის ხელყუმბარა, რომლის ვარგისიანობის შემოწმების მიზნით, ექსპერტმა იგი ააფეთქა, რის თაობაზეც შედგა საექსპერტო ცნობა. აღნიშნული დაადასტურა სასამართლო პროცესზე დაკითხულმა ექსპერტმა ვ. ს-მა, რომელმაც განმარტა, რომ მან ჩაატარა ხელყუმბარის გამოკვლევა, რომელიც ააფეთქა იმის დასადგენად, იყო თუ არა ვარგისი გამოსაყენებლად.
საქმის მასალებით დადგენილია ის გარემოებაც, რომ “ფ-1” ტიპის ხელყუმბარა ამოღებულ იქნა მსჯავრდებულ კ. ქ-ის საძინებელი ოთახიდან. ამდენად, პალატა თვლის, რომ ამ ეპიზოდში კ. ქ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება სასამართლო კოლეგიამ სავსებით კანონიერად მიიჩნია დადგენილად.
პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ კ. ქ-ის მიმართ სასჯელის შემცირების თაობაზე.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 565-ე მუხლის თანახმად, მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება სასჯელი, რომელიც, თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სისასტიკის გამო, აშკარად უსამართლოა.
პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ კ. ქ-ის მიმართ განაჩენით განსაზღვრული სასჯელი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს აშკარად უსამართლოდ, როგორც მკაცრი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ მოცემულ საქმეზე გ. გ-სა და კ. ქ-ის მიმართ დადგენილი განაჩენი არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების ან შეცვლის საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 561-ე პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ. გ-სა და მსჯავრდებულ კ. ქ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ჩ-ის საკასაციო საჩივრების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 30 ოქტომბრის განაჩენი გ. გ-სა და კ. ქ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.